ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს.
,,ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ელექტრონული ჟურნალის მიერ ავტომატურად დათვლილ სემესტრულ შეფასებებს. ტექნიკურად ყველაფერი გამართულად მუშაობს.
ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლებს შემაჯამებელი წერა აქვთ ჩანიშნული კალენდარში, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი გაკვეთილია ჩატარებული.
შესაბამისად, სისტემა ამ დღეს ავტომატურად უწერს ნულს იმ მოსწავლეს, რომელსაც შეფასება არ უწერია, რაც თავისთავად აისახება სემესტრულ შეფასებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ყველა მონაცემი სწორად არის ასახული და სემესტრული შეფასება მაინც არასწორად ითვლება, გთხოვთ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას,'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სკოლის მანდატურებიც ჩაერთვებიან
ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს-ს მჭიდრო თანამშრომლობით, თავად მანდატურების სურვილის საფუძველზე, აღნიშნული სამსახურის კვალიფიციური კადრები საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეჩერებულია და საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სასწავლო პროცესის განახლებამდე, მანდატურები სახელმწიფოს დაეხმარებიან და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.