ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს.
,,ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ელექტრონული ჟურნალის მიერ ავტომატურად დათვლილ სემესტრულ შეფასებებს. ტექნიკურად ყველაფერი გამართულად მუშაობს.
ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლებს შემაჯამებელი წერა აქვთ ჩანიშნული კალენდარში, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი გაკვეთილია ჩატარებული.
შესაბამისად, სისტემა ამ დღეს ავტომატურად უწერს ნულს იმ მოსწავლეს, რომელსაც შეფასება არ უწერია, რაც თავისთავად აისახება სემესტრულ შეფასებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ყველა მონაცემი სწორად არის ასახული და სემესტრული შეფასება მაინც არასწორად ითვლება, გთხოვთ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას,'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
განათლების მინისტრად შესაძლოა, მაია მიმინოშვილი დაინიშნოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს, - ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.
მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს. ამასთან, ჭკუასელი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს, კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.
„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შესაძლოა, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან დღეს გადადგა.