მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ
დოდო გურგენიშვილი 48 წელია დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„სოფელ ხიდისთავის სკოლაში დავიწყე მასწავლებლობა. შემდეგ რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე. ბოლოს 106-ე საჯარო სკოლაში დავფუძნდი და უკვე 33 წელია აქ ვარ.
ჩემი აზრით, გარდა ბავშვების სიყვარულისა, აუცილებელია პედაგოგს ფართო ზოგადი განათლება ჰქონდეს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მასწავლებელს.
პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებლები უყვართ, მათ უნდა დავუთმოთ გზა. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებამ ღირსეულად მაგრძნობინა თავი.“