მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
წელს სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა (ამ ეტაპისთვის 500), რაც აქამდე იშვიათობა იყო
„წელს სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა (ამ ეტაპისთვის 500), რაც აქამდე იშვიათობა იყო,“ - აღნიშნულის შესახებ პოსტს ფეისბუქ გვერდზე მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აქვეყნებს.
გთავაზობთ მის პოსტს სიტყვა-სიტყვით:
„პენსიონერი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს შეთავაზებით წელს სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა (ამ ეტაპისთვის 500), რაც აქამდე იშვიათობა იყო. ხვალ დღის ბოლომდე საჯარო სკოლების ყველა ვაკანსია იქნება საიტზე განთავსებული. ასე რომ მასწავლებლობის მსურველებო, დარეგისტრირდით ამავე საიტზე, დროულად მოიძიეთ საჭირო დოკუმენტაცია კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, ვადები შეზღუდულია. ყველას წარმატება!“