მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
რა გზა უნდა გაიაროს მასწავლებლობის მსურველმა, რომ სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთოს
მასწავლებლობის მსურველმა სკოლაში მუშაობის დასაწყებად და სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩასართავად გარკვეული აქტივობები უნდა განახორციელოს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველმა პირველ რიგში, საგნის გამოცდა უნდა ჩააბაროს წარმატებით.
„მასწავლებლობის მსურველმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს საგანის გამოცდა, 61%-იანი მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს. თუ მასწავლებლობის მსურველს დიპლომში პედაგოგი უწერია, მაშინ მას აღარ მოუწევს 60-კრედიტიანი გადამზადების პროგრამის გავლა და ის უკვე ამ გამოცდით სერტიფიცირებული გახდება.
სკოლაში ვაკანსიას რომ მოიძიებს და დირექტორთან გაფორმდება ხელშეკრულება, დირექტორმა უნდა მოიწეროს მასწავლებლის სახლში წერილი, რომ ჩართონ პროფესიული განვითარების სქემაში, პედაგოგს ამ შემთხვევაში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება და ამ სახით ჩაერთვება სქემაში. სტატუსის მინიჭებას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.
რაც შეეხება მათ, ვისაც დიპლომში პედაგოგი არ უწერია, საგნის გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, უნდა გაიარონ 60 - კრედიტიანი გადამზადების პროგრამა - შეისწავლონ ერთწლიანი პედაგოგიკის კურსი.
ამ კურსს რომ გაივლის მასწავლებლობის მსურველი და ცნობა ექნება, ჩაითვლება სერტიფიცირებულ პედაგოგად და სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთვება.
აღნიშნული ეტაპების გავლა უწევთ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში დასაქმების მსურველებს.