მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„ვერავინ იტყვის, რომ იგი იდეალური პედაგოგია, ასეთი სრულყოფილება არ არსებობს“
მარინა ღუდუშაური 48 წელია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„თავიდანვე პედაგოგობა მსურდა, ამიტომაც ჩავაბარე სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განათლების სპეციალობაზე.
ვერავინ იტყვის, რომ იგი იდეალური პედაგოგია, ასეთი სრულყოფილება არ არსებობს. ჩემი გადასახედიდან, კარგ პედაგოგს ბავშვის უნდა ესმოდეს, უნდა იცოდეს მისი ფსიქოლოგია. ასევე, უნდა იყოს თავისი დარგის კარგი სპეციალისტი და ბავშვებს მათთვის გასაგები ენით ასწავლიდეს. თუ საჭირო გახდა, თამაშშიც უნდა აჰყვეს.
სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემით, ვფიქრობ, დაფასდა ჩვენი შრომა, ჩვენი ღვაწლი, მადლობის მეტი რა მეთქმის. პროფესიიდან გასვლა თავისთავად დიდი გულისწყვეტაა, თუმცა მაინც დაფასებულად ვგრძნობ თავს,“ - აღნიშნავს მარინა ღუდუშაური.