მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებული ვიდეოკონკურსი გრძელდება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი სახელწოდებით „არა კიბერბულინგს!“ გრძელდება!
კიბერბულინგის დეფინიცია:
კიბერბულინგი, იგივე ონლაინბულინგი ან კიბერდევნა ნიშნავს დაცინვას, შეურაცხყოფას, ადევნებას და სიტყვიერ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც გარკვეული რეგულარობით ხორციელდება ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით. კიბერბულინგის მსხვერპლი გახლავთ პირი ან პირთა ჯგუფი, რომელსაც ამცირებენ, აშანტაჟებენ ან აშინებენ ძალადობრივი სახის ციფრული შეტყობინებების, კომენტარების და/ან პირადი სახის არასათანადო, დამამცირებელი და/ან პირადული შინაარსის ვიდეოების, ფოტოების ან კომენტარების გავრცელებით სოციალურ ქსელში.
კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს და გრძელდებოდეს არანაკლებ 3 წუთისა. ვიდეოს გადაღება უნდა მოხდეს ნებისმიერი საგნის მასწავლებლის, ან მასწავლებელთა ჯგუფის ჩართულობით. საკონკურსო ვიდეოები უნდა აიტვირთოს ვებპორტალზე https://www.youtube.com/ და ბმული გაზიარდეს ელექტრონულ მისამართზე [email protected] *. ბმულების მიღება გაგრძელდება მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით (დასაშვებია ანიმაციური ხასიათის ვიდეობიც).
ვიდეოს შინაარსი: ვიდეო უნდა მოიცავდეს კიბერბულინგის და მასთან დაკავშირებული საფრთხეების თემატიკას, მოზარდების ურთიერთობას ციფრულ სივრცეში და ამ ურთიერთობების ეთიკას.
ვიდეოს შეფასების კრიტერიუმები: 1️⃣ თემასთან კავშირი 2️⃣ საკითხის სიმწვავე 3️⃣ მოსწავლეთა ჩართულობა 4️⃣ მასწავლებელთა ჩართულობა 5️⃣ ვიდეოგადაღების ხარისხი 6️⃣ ხმის ხარისხი/სმენადობა 7️⃣ მხატვრული მხარე/გამომსახველობითობა 8️⃣ ხანგრძლივობის პირობასთან შესაბამისობა.
*შენიშვნა: სხვა სახით გაზიარებული ვიდეოების განხილვა არ მოხდება
დაჯილდოება და პრიზი:
გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოვლინდება მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მეექვსე კონფერენციაზე.
ვიდეორგოლის ავტორთა ჯგუფს პრიზად გადაეცემა ერთკვირიანი საზაფხულო ბანაკი.