განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავზობთ მის ჩანაწერს.
„ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - ახალი სკოლის მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ახალი სკოლის მოდელის პროექტს 24 მხარდაჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ახალი სკოლის მოდელის ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა,“ - წერს თამარ ჯაყელი.
პროფესიული განათლების მასწავლებლები სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო ტენდენციებში გადამზადდებიან
პროფესიული განათლების მასწავლებლები სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო ტენდენციებში გადამზადდებიან, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„2 ივლისს, სასტუმრო „Best western city Center”-ში ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ტურიზმის ექსპერტი, KMS Georgia-ს დირექტორი მაია წერეთელი უძღვებოდა.
ორდღიან ტრენინგს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები და იმ უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით პროფესიულ პროგრამებს ახორციელებენ.
სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო ტენდენციები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა; მომსახურების კულტურა; მართვის კომპონენტები; გაყიდვებისა და მარკეტინგის ტენდენციები; გარემოს დაცვა და სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა,“ - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.