განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავზობთ მის ჩანაწერს.
„ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - ახალი სკოლის მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ახალი სკოლის მოდელის პროექტს 24 მხარდაჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ახალი სკოლის მოდელის ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა,“ - წერს თამარ ჯაყელი.
სატრენიგნო პროგრამაზე - „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ 1000 მასწავლებელია დარეგისტრირებული
21 ივნისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში სატრენინგო პროგრამის „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“ ტრენერთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამა გათვალისწინებულია ყველა საფეხურისა და საგნის მასწავლებლებისათვის და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოზარდთა ონლაინცხოვრების თავისებურებები, კიბერბულინგი,ციფრული რესურსების უსაფრთოება და სხვა.
პროგრამის გავლის შემდეგ მასწავლებელები ონლაინუსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაანალიზებასთან ერთად, შეძლებენ ციფრული მოქალაქეობის ძირითადი მახასიათებლების დანერგვას სასწავლო პროცესში, კიბერბულინგის ამოცნობასა და პრევენციას.
აღსანიშნავია, რომ სატრენიგნო პროგრამაზე დარეგისტრირებულია 1000 მასწავლებელი. ტრენინგები მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.