განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავზობთ მის ჩანაწერს.
„ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - ახალი სკოლის მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ახალი სკოლის მოდელის პროექტს 24 მხარდაჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ახალი სკოლის მოდელის ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა,“ - წერს თამარ ჯაყელი.
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს
„გვსურს, მოვუწოდოთ აბიტურიენტებს, რომ მაქსიმალურად დროულად დარეგისტრირდნენ და ბოლო დღემდე არ მიიყვანონ ეს პროცესი“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv.geავრცელებს.
გორგოძის თქმით, ამ ეტაპზე, 19 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ამასთან, როგორც გორგოძემ აღნიშნა, გამოცდების ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას არ გეგმავს, სხვა გადაწყვეტილების შემთხვევაში, საზოგადოებას ეცნობა.
2019 წლის ერღიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი, აღნიშნული ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება.