განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი თამარ ჯაყელი საგნების სწავლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გთავზობთ მის ჩანაწერს.
„ნაცნობები პირად ფოსტაზე მწერენ, რატომ აუქმებთ საგნების სწავლებასო! არ ვიცი, ეს ცრუ ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - ახალი სკოლის მოდელი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი ყველა საგანს თავის კუთვნილი ადგილი უჭირავს და არავინ აპირებს მათ გაქრობას!!! შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და თავად დარწმუნდეთ ამაში - ყველა საგანი თავის ადგილზეა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ახალი სკოლის მოდელის პროექტს 24 მხარდაჭერი ჯგუფი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლენილი - თითოეულ ჯგუფში ყველა სავალდებულო საგნის სპეციალისტია წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით თითოეული საგნის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ახალი სკოლის მოდელის ხედვით, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ერთადერთი გზა საგანთა გაღრმავებული სწავლა-სწავლებაა და სწორედ საგანთა გაღრმავებული სწავლებისკენაა მიმართული ამ პროექტში გაერთიანებულ ადამიანთა ძალისხმევა,“ - წერს თამარ ჯაყელი.
ხაშურის სკოლის მოსწავლე აშშ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა
ხაშურის IV საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე გოგალაძე აშშ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას სკოლა თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს:
„ელენე გოგალაძემ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია: ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute) , რომელიც ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ აპლიკანტების 2%- ზე ნაკლებს. ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია : სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს-აირესი და ჰაიდერაბადი (ინდოეთი). ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ. ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში. ჩვენო საამაყო და საყვარელო გოგო, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და გისურვებთ მომავალშიც უდიდეს წარმატებებს! გვჯერა , რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებ შენს ოჯახს, სკოლას და ქალაქს,“ - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.