Baby Bag

„ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული“

„ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული“

მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ​საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე (კვლევები სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესსა და მოსწავლეთა მიღწევებს შეეხება) სოციალურ ქსელში წერს. ​MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

„ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო შეფასების ტიმსის პრეზენტაციას დავესწარი შეფასებისა და გამოცდების ცენტრში. რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული, ეს ეხება ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მე-4 და მე-8 კლასის კვლევებს, ასევე შემცირებულია კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა. სხვაობების შემცირება სოფლის და საჯარო სკოლების შედეგების გაუმჯობესების ხარჯზე ხდება, რაც სასიხარულოა. ხარისხიანი განათლება ხომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ოჯახის სოციალური სტატუსისა, თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. მაგ. ბუნებისმეტყველებაში სოფლის სკოლების ქულებში გაუმჯობესება 40 ქულაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები 2015 წლის შეფასებიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს. პირდაპირ უკავშირდება, რომ ამ წლებში პროფესიული განვითარება ორგანიზებულ ფორმატში მოექცა, ამოქმედდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. სქემა შეეხო ყველა მასწავლებელს და მის ფარგლებში დაეკისრათ პროფესიული განვითარების გარკვეული ვალდებულებები. დაინერგა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; სკოლის ბაზაზე მონიტორინგის სისტემა და უკუკავშირი; მასწავლებლები ასევე სკოლებში თანამშრომლობის გააქტიურებას ასახელებენ გაუმჯობესების შესაძლო ფაქტორებში.

​ამ მიღწევებს უნდა შენარჩუნება და მათზე დაშენება!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი. 

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყა​რო“.

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისათვის
აქტიური და საინტერესო სესიები, თანამედროვე სწავლების მეთოდები, განათლების სფეროში მოღვაწე კვალიფიციური ქართველი და უცხოელი ტრენერები, თეორიული ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება - ესაა ის...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თავისუფლება თვითნებობაში გვერევა ჩვენ, როგორც წესი... ბავშვს სჭირდება ჩარჩო,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ სწავლის პროცესში ბავშვისადმი ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა:

„ვიღაც იტყვის, რომ მე-19 საუკუნეში ჯოხი იყო სწავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი. მშვენივრად სწავლობდნენ ეს ბავშვები. კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა, იმ გამღიზიანებლებსა და სტრესორების რაოდენობას, რომელსაც ჩვენი ტვინი განიცდის. XXI საუკუნეში მათი დათვლა არის შეუძლებელი. ჯოხი არაფერი არ არის ამათთან შედარებით, რა სტრესორებმაც შეიძლება ადამიანზე იმოქმედოს. ერთი მხრივ, ჩვენ არ ვმართავთ ჩვენი შვილების ქცევას ბავშვობაში. ვფიქრობთ, რომ ეს მისი თავისუფლების შეზღუდვაა. მეორე მხრივ, ჩვენ ვიჭრებით მის თავისუფალ სივრცეში, სადაც მან არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს.

ძალიან ხშირად მშობელი 6 წლის ბავშვს არ შეეკითხება და ისე შეიყვანს უცხოენოვან სკოლაში. მერე შეიძლება იყოს სერიოზული ტრაგედიები ამასთან დაკავშირებით. იმან მომავალი უკვე განუსაზღვრა შვილს. სწორიც არის, რომ ბავშვს ჰქონდეს საშუალება სხვა ენაზე რაღაცები გააკეთოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვუყურებთ ბავშვის შესაძლებლობებს, მის არჩევანს. მთავარი საზღვარი რა არის აქ? ვიღაც გეტყვის: ე.ი. ყველაფრის უფლება უნდა მივცე ბავშვს? საბოლოო ჯამში ასე ხდება. თავისუფლება თვითნებობაში გვერევა ჩვენ, როგორც წესი. თავისუფლება ნიშნავს თავისუფალ არჩევანს შეზღუდულ პირობებში. თუ ჩარჩო არ არსებობს, ვხედავთ რა ხდება საზოგადოებაში. ბავშვისთვის ჩარჩო არის ოჯახში დაწესებული წესები, ზნეობრივი კატეგორიები, რომელშიც ბავშვი იზრდება. ჩვენ ვცხოვრობთ უჩარჩოო ქვეყანაში. არც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, ამიტომ ერთმანეთის პერსონალურ სივრცეებში ვიჭრებით. არც დიდი ჩარჩო არ არსებობს. არჩევანის გაკეთება ხდება არა ზნეობრივი კატეგორიით, არამედ როგორც მაწყობს. ეს ბარბაროსულ საზოგადოებას ახასიათებს,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად