Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვმა დაარტყა სხვას, როგორც წესი, ჩვენთან იწყება მისი დასჯა,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

„თუ ბავშვმა დაარტყა სხვას, როგორც წესი, ჩვენთან იწყება მისი დასჯა,“ - ნეიროფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი

ნეიროფსიქოლოგმა მარიამ ხვადაგიანმა ბავშვის აგრესიული ქცევის გამოვლენის შემთხვევაში, მშობლებს ურჩია, რომ მისი დასჯისგან თავი შეიკავონ და ბავშვს აუხსნან, თუ რატომ მოიქცა ის არასწორად:

„თუ ჩემმა შვილმა დაარტყა სხვას, როგორც წესი, ჩვენთან იწყება მისი დასჯა. თავზე ხელი არ უნდა გადავუსვა არავითარ შემთხვევაში, მაგრამ უნდა გავარკვიო, რატომ არ შეუძლია მას კონფლიქტის მოგვარება დარტყმის გარეშე და მე როგორ დავეხმარო ამაში. რა თქმა უნდა, უნდა განვიხილო, რომ ეს ქცევა არის მიუღებელი. შენ, როგორც ჩემს შვილს გაქვს უფლება ნებისმიერ ასაკში მოხვიდე ჩემთან და მოგისმენ, რომ ამიხსნა, რატომ გააკეთე ეს, სანამ მორალს წავიკითხავ, სანამ ვიტყვი, რომ „შენ მე შემარცხვინე.“

მარიამ ხვადაგიანის თქმით, ყველა ადამიანი ბრაზდება, თუმცა ბავშვს ქცევის მართვა უფრო მეტად უჭირს, ვიდრე ზრდასრულს:

„ყველანი გავბრაზებულვართ. ყველას გვქონია სურვილი, რომ ვიღაცას დავარტყათ გაბრაზებულზე, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. ​რაღაც ასაკში, სანამ ამას გააცნობიერებს, გააკეთა ბავშვმა, შეეშალა. ბავშვს მშობლისგან სჭირდება უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა, რომ ასწავლოს. ისიც თუ მეჩხუბება, მე კიდევ უფრო გარიყული ვარ.“

„როდესაც მშობელი უყვირის ამ დროს ბავშვს, ის იმავე ქცევას ახორციელებს. ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ არ ვრეაგირებთ. არ ვეუბნებით, რომ „მერე რა მოხდა.“ ვუხსნით ბავშვს, რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება. თანაგანცდაში შესვლა 5 წლამდე ბავშვებს უჭირთ. ესეც უნდა ვასწავლოთ,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ ხვადაგიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

წაიკითხეთ სრულად