Baby Bag

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში სიძემ ქორწილში მისვლა ვერ შეძლო, რის გამოც ის მანეკენმა ჩაანაცვლა

აშშ-ში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სიძე ქორწილის დღეს მოიწამლა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. პატარძალმა მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა და სიძის როლი მანეკენს შეუთავსა.

მანეკენთან მოცეკვავე პატარძლის ვიდეო სოციალურ ქსელ TikTok-ში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და უკვე 888 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.

26 წლის კრისტინმა, რომელიც ქორწილში მეუღლის გარეშე დარჩა ტორტი მანეკენთან ერთად გაჭრა და ნელი ვალსიც მასთან ერთად შეასრულა. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მანეკენს თავზე iPad მიამაგრეს, რომელზეც სიძის მომღიმარი სახე იყო გამოსახული.

სოციალურ ქსელში პატარძლის ქცევამ ორაზროვანი დამოკიდებულებები გამოიწვია. მომხარებელთა ნაწილი მას სტრესულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღების გამო აქებდა, ნაწილი კი იმის გამო აკრიტიკებდა, რომ კრისტინი შეუძლოდ მყოფი მეუღლის გვერდით არ იყო.

კრისტინის მეუღლემ გენონ კარმაირმა აღნიშნა, რომ მას და კრისტინს პანდემიის პერიოდში დაქორწინების რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა შეზღუდვების გამო ქორწილი ორჯერ ჩაეშალათ. როგორც ჩანს, წყვილმა მესამე ჯერზე ცერემონიის გადადება აღარ მოისურვა.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„აზრი ბავშვს იცავს: როდესაც წარმოვიდგენ, რომ ბავშვს არაფერი ცუდი არ დაემართება, მას მართლა არ დაემართება ცუდი,“ - შალვა ამონაშვილი

„აზრი ბავშვს იცავს: როდესაც წარმოვიდგენ, რომ ბავშვს არაფერი ცუდი არ დაემართება, მას მართლა არ დაემართება ცუდი,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლის მხრიდან ბავშვის დაშინების მავნე ჩვევაზე ისაუბრა:

„ბავშვს აქვს ინტუიციური დაცვა. იმანაც იცის, სად არ უნდა წავიდეს, რა არ უნდა აიღოს. როდესაც გვინდა, რომ ბავშვმა ასანთი არ აიღოს ხელში, ვეუბნებით: „ოპ-ოპ, არ შეიძლება!“ ჯერ ერთი არ უნდა დაგვედო იქ, სადაც ხელი მიუწვდებოდა. თუ მაინც ხელი მიუწვდა, კი არ უნდა დააშინო. ან დანა თუ აიღო, უნდა მიხვიდე, წყნარად აიღო და უთხრა: „აი, უყურე ეს დანა რას შვრება, ამას ჭრის. უყურე როგორი წვერი აქვს.“ კი არ უნდა ატკინო ბავშვს, მაგრამ უნდა აგრძნობინო. გათავდა, ბავშვმა გამოცდილება მიიღო, იმის მაგივრად, რომ ეშინოდეს იმის.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვებს რაც შეიძლება ბევრი გამოცდილება უნდა მივცეთ:

„რაც ბევრს მივცემთ ბავშვებს ამისთანა გამოცდილებას, გვერდით ვეყოლებით, მით უკეთესი. ​ის კი არა: „არ ჩავარდე, ორმოა.“ მიდი და ან ერთად ჩახტით, ან უჩვენე, რატომ არ შეიძლება იქ ჩახტომა, რა შეიძლება მოუვიდეს ან ფეხს, ან ხელს. ეს ცოდნა და გამოცდილება ბავშვის მასწავლებელი ხდება. ჩემი თან დევნა ბავშვს აღარ სჭირდება.“

„დედა ბავშვს თან სდევს, როდესაც ეშინია, ვაითუ რაღაც მოხდეს. რა სჯობს, რომ დედამ გააკეთოს? თუ ბავშვი მისგან შორს არის, იფიქროს, რომ არაფერიც არ მოხდება. აზრი ბავშვს იცავს. მე როდესაც წარმოვიდგენ, რომ ბავშვს არაფერი ცუდი არ დაემართება, მას მართლა არ დაემართება ცუდი. თუ ცუდ წარმოდგენებს გავიჩენ, ეს მოხდება. ახალგაზრდა დედას ვურჩევ, რომ ბავშვზე იმედიანად იფიქროს და მას კარგი შეემთხვევა. ბავშვი კი არ უნდა დავაშინოთ, უნდა გავათამამოთ. თამამი შვილები გვინდა ჩვენ და არა დაშინებული შვილები,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად