Baby Bag

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე
სამი შვილის დედის ბლოგი

დღე 1-ლი - როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით

ისევ ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. ამჯერად, რვის ნახევარზე გამეღვიძა თუ გამაღვიძეს, ეგეც საკითხავია. წუხელ ნატამ გვიან დაიძინა და შესაბამისად, გამოუძინებელი ვარ. კიდევ კარგი, მას მაინც სძინავს.

დათა ადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა მეც უნდა წამოვდგე და ბავშვები გავაღვიძო, რათა ერთი ბაღში და მეორე სკოლაში წაიყვანოს. მანამდე კი...
უფროსს არაჟანი და ალადიკები უნდა, შუათანას კარაქიანი პური, დათას კი - ერბოკვერცხი. დავალება არც ისე რთულია, მთავარია, მისი შესრულებისას შემთხვევით სარკეში არ ჩამეხედოს და არ შევშინდე, საკუთარი თავის არ შემეშინდეს.
ჩაიდანი ადუღდა. ჩაი და ყავა დავასხი და ბავშვების ტანსაცმლების გამზადება დავიწყე, ცალი ხელით ქმრის პერანგს ვაუთოებ. ამჯერადაც არ გამომივიდა, მაგრამ ამ ერთ წვრილ, შავ ხაზს ყელზე მგონი ვერავინ შეამჩნევს. ოღონდ ახლა ესენი გავისტუმრო.
უკვე ცხრის ნახევარია. ცხრაზე სახლიდან გადიან და მეც მაქვს ნახევარი საათი, რომ ნატას გაღვიძებამდე თავს მივხედო. დათა უკვე მზადაა, ახლა ის ორი შვილი უნდა დავარწმუნო, რომ ის ჩაიცვან, რაც გავუმზადე. როგორც ყოველთვის, ჩემი თხოვნა არ ჭრის და ხელახლა მიწევს ტანსაცმლის კარადაში ხელების ფათური. არის - ცისფერი მაისური და ჭრელი შორტი შუათანას, ნაცრისფერი პერანგი და შავი შარვალი უფროსს, ესეც მანქანის გასაღები დათას. ჰო, კოცნა და კარის ჩაკეტვაღა დამრჩა. ვუალა!
მაგიდა ასალაგებელია, მაგრამ ამას შემდეგ მივხედავ, რა მეჩქარება. მგონი გუშინდელი ჭურჭელიც დასარეცხია. ამასაც მერე მივხედავ. ნატას გაღვიძებამდე წუთები რჩება. მეც წარმოუდგენელი სისწრაფით შევდივარ სააბაზანოში, ვიბან, ვიხეხავ კბილებს, ვიშრობ თმას, ვიცვამ ხალათას და გამოსულს ნატას ტირილის ხმა მესმის. გაიღვიძა.
ათი საათია. ნატას თავის სკამზე ზის და ჩემს ყოველ ლუკმას ათვალიერებს. არადა, უკვე ვაჭამე, მაგრამ მაინც ის უნდა, რაც მაგიდაზე დევს. ცოტაც და სასეირნოდ წავალთ. სულ ცოტაც, სანამ მზე გამოსულა და დაცხება. მგონი, მაგიდა ისევ ასალაგებელი დამრჩა.
ეზოში სანამ ყველა საქანელასა და სასრიალოს არ მოივლის, სახლში არ მომყვება. მეც, ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებ (მეზობლებს ისედაც მობეზრებული აქვთ ჩემი და ჩემი შვილის ყოველდღიური სცენები) და მასთან ერთად ვსრიალებ, ვქანაობ, ვგორავ მიწაზე. სახლში მტვერში ამოსვრილები, თუმცა კმაყოფილები ვბრუნდებით. როგორც იქნა, მისი ძილის დროა.
პირველი საათია. მაგიდა ისევ ასალაგებელია, ჭურჭელი გასარეცხი, მაგრამ საჭმელიც მოსამზადებელი. მშიერ კუჭზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ მეც მაცივრისკენ ვიხრები და ინგრედიენტების მოძიებას ვიწყებ. დღეს რა გავაკეთო? ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ ნატას გაღვიძებამდე ძირითადი საქმის შესრულება მოვასწრო, თორემ მერე სხვა არაფრისთვის არ დამრჩება დრო და თან, ქმარ-შვილის სურვილები გავიხსენო. ნეტა, ყველიანი მაკარონი მითხრეს თუ მოხარშული სოსისი?
სამის ნახევარია. ნატას გაღვიძების დროა, რომ მეორე ძილიც მოასწროს დღეს, თორემ ბავშვების მეცადინეობას წითელი ხაზი გადაესმევა. სადილიც თითქმის მომზადდა. აჰ, მაგიდა დამრჩა ასალაგებელი, ჯანდაბა.
ხუთის ნახევარია. დათამ დამირეკა, რამე ხომ არ გამოვაყოლოო. კი, სიწყნარე, სიმშვიდე, ძილი, მყუდროობა და ბევრი თავისუფალი დრო-მეთქი, გავიფიქრე გულში, რეალურად კი - ნატასთვის ახალი ხილი, ბიჭებისთვის ტკბილეულობა და სახლისთვის პური. სულ ცოტა ხანიც და სახლი საომარ ადგილს დაემსგავსება, სადაც მშობლები გადარჩენისთვის იბრძვიან, შვილები კი - დარჩენისთვის. ვერაფერს ვიტყვი, life is beautiful.
ვსადილობთ. ნატამ დღეს ცუდად ჭამა. ვიცი, რომ ბროკოლი და ბოსტნეული არ უყვარს, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას. მშიერი არაა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ცუდად ჭამა, ამიტომ ახლა ზის და ყველს ლოღნის. უფროსს ათიანი მიუღია მათემატიკაში და ამ ამბით გახარებული „სადმე წაყვანას“ გვთხოვს (ეს შაბათ-კვირამდე გამორიცხულია) შუათანამ ბაღში თვლა ისწავლა და ახლა ენას ავარჯიშებს მაგიდასთან (არ ჩერდება). დათასთან ისევ ძველებურადაა ყველაფერი. ჩემთან ხომ მით უმეტეს.
საღამოა. უმცროსები ეზოში არიან მამასთან ერთად. მე და ჩემი ბიჭი კი ვმეცადინეობთ. ცოტაოდენი ცრემლის შემდეგ წიგნში წასაკითხი გვერდების რაოდენობაზე შევთანხმდით. მე (როგორც იქნა) მაგიდას ვალაგებ, ის კითხულობს. რამდენიმე ხნით სახლში ცოტა იდილიაა, შემდეგ დათას ნატა ამოჰყავს და ვცდილობ თან დავაძინო, თან წაკითხულსაც მივადევნო ყური. ნახევარი ჭურჭელი გაურეცხავი დამრჩა.
ცხრა საათია. ჩაის, გახუხული პურებისა და მულტფილმების დროა. რა თქმა უნდა, ბოლო ხმაზე. დათას ისევ კვერცხი მოუნდა და ტაფასთან ნატასთან ერთად ვდგავარ, რომელსაც მაინცდამაინც ახლა გაახსენდა, რომ დედიკო ძალიან უყვარს. როგორც იქნა, ეს ბრძოლაც მოვიგე. მთავარი მაინც წინაა - ბანაობა და დაძინება. დათას ნატა მივაბარე და ბიჭებთან წყალში შესატოპად მოვემზადე. დღეს ჩემი ჯერია (ნეტა, ვინ მოიფიქრა ეს მორიგეობა, მე ხომ არა?!). ნახევარსაათიანი დივერსიის შედეგად მე სრულიად სველი და ბიჭები მშრალნი გამოვედით ოთახიდან. კიდევ კარგი, დღეს დათა აძინებს მათ. როგორ მაინტერესებს ჩემს დაწყებულ ზღაპარს როგორ გააგრძელებს, მაგრამ მოსასმენად არ მცალია, ნატას მაწონი სურს.
თერთმეტის ნახევარი. ნატას დავდევ, რომ დავბანო და დავაწვინო. ვიცი, რომ ჯერ არ დაიძინებს, მაგრამ საწოლში როცაა, ცოტა მშვიდად ვარ. დევნა მხოლოდ დათას ჩარევით სრულდება და „მამიკოს გოგო“ საწოლშია. როგორც იქნა!
თორმეტი საათია. ყველას სძინავს. სახლში საუკეთესო სიჩუმეა, რაც კი ოდესმე მომისმენია. სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო.

გაგრძელება იქნება...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქართველებს გვახასიათებდა უფროსების პატივისცემა. ხელიდან არ გაუშვათ ეს ტრადიცია“ - შალვა ამონაშვილი

„ქართველებს გვახასიათებდა უფროსების პატივისცემა. ხელიდან არ გაუშვათ ეს ტრადიცია“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობისა და ოჯახში არსებული პრობლემების მოგვარების ეფექტიანი გზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის გაჩენისას ცოლ-ქმარს შორის გართულებული ურთიერთობის გაუმჯობესება მოთმინებით უნდა მოხდეს:

„როდესაც ბავშვი ჩნდება სახლში, დედა, რა თქმა უნდა, მთლიანად ბავშვზეა გადაგებული. ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს. ამას ვლაპარაკობ მამებისთვის. ქალს ამ დროს იმის ქალობა არ შეუძლია გასწიოს, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში. უნდა აცალოთ, ერთი ცხრა თვე კიდევ უნდა აცალოთ, რომ ბავშვი წამოჩიტდეს, ქალიც გამოვიდეს მდგომარეობიდან. აცადეთ, ​მოეფერეთ თქვენს საყვარელ ცოლს, იმან ბავშვი გაგიჩინათ. თუ ასე მოხდება, მაშინ ქმარსა და ცოლს შორის გაუგებრობა არ უნდა აღმოცენდეს. ბავშვი გაგიჩნდათ, ანგელოზი მოგივიდათ, ორივემ მთელი ყურადღება მიმართეთ ამ ბავშვზე. თუ უფროსი შვილი გყავთ, ისიც ჩართეთ ამ საქმეში. გაიაროს ერთმა წელმა, ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგება.“

შალვა ამონაშვილმა ტრადიციული ქართული ოჯახების შესახებ ისაუბრა, სადაც ოჯახში სამი თაობა ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, ამ ტრადიციას უნდა გავუფრთხილდეთ და ურთიერთპატივისცემა შევინარჩუნოთ:

„როდესაც ოჯახში სამი თაობაა, საქართველოში ხშირად არის ასე. ჩვენ ეს უნდა გვიხაროდეს, ასეთი ცხოვრება უნდა შევინარჩუნოთ. რა ხდება ამ ტრადიციულ ცხოვრებაში? უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. დედამ პატივი სცეს შვილს, ბებიამ შვილსა და შვილიშვილს, შვილიშვილმა დედას და ბებიას. ჩვენს ​შვილებს უნდა დავანახვოთ უფრო და უფრო მეტი ნიმუში იმისა, როგორ ვცეთ პატივი უფროსებს. ქართველებს გვახასიათებდა უფროსების პატივისცემა. ხელიდან არ გაუშვათ ეს იშვიათი ტრადიცია. უფროსი რომ შემოდის და ფეხზე აუდგები, ეს ძალიან დიდი თვისებაა. თუ ასეთი ოჯახი გყავთ, შეინარჩუნეთ და გაუფრთხილდით.“

შალვა ამონაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მის წევრებს ერთმანეთი უყვარდეთ:

„ოჯახი რომ შენარჩუნებული იყოს​, დედამთილმა რძალი შეიყვაროს, რძალმა დედამთილი შეიყვაროს, სიძემ სიდედრი შეიყვაროს. დედებად უნდა გავიხადოთ ეს ადამიანები, იმან ყველაზე ძვირფასი მოგცათ თქვენ. დედამთილმა რა მოგცათ თქვენ? შვილი მოგცათ, ხომ?! ამას გაუფრთხილდით. აღზრდის თვალსაზრისით, ბებიას შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს, დედას და მამას კი სხვა. თუ თქვენ ჰუმანური პედაგოგიკა შეგიყვარდათ, ბებიას კი არ მოსწონს ეს პედაგოგიკა, არ დააძალოთ მას. მე კი მინდა, რომ ისიც ასე ექცეოდეს ბავშვს, მაგრამ არ დააძალოთ.“

შალვა ამონაშვილის თქმით, როდესაც ბებიები ბავშვის აღზრდის საკითხებს განსხვავებულად უყურებენ, მშობლები ამას გაგებით უნდა მოეკიდონ:

„თუ ბებია ზედმეტს მოითხოვს, თქვენ ბავშვებს ზედმეტად ათამამებთო, ასეთ რამეს გაიძახის, ბავშვს უთხარით: „ბებიას ისეთი კეთილი გული აქვს, რომ მთელ ჩვენ ოჯახს ჩაიტევს შიგნით, თუ ბებია გაგიბრაზდეს, ​თვალებში შეხედე და უთხარი: ბებია, შენ ხომ კეთილი გული გაქვს?! შენ ბრაზობ, მე კი მიყვარხარ.“ შეიძლება პირიქითაც იყოს. პაპას და ბებიას აზრი უფრო დახვეწილი ხდება, არ უნდათ ის შეცდომა დაუშვან, რაც თავიანთი შვილების გაზრდაში დაუშვეს. ამიტომ თავიანთი გადასახედიდან თქვენც გასწავლიან, როგორ მოექცეთ შვილებს. მოუსმინეთ ამ მოხუც ადამიანებს, ამ კეთილ ადამიანებს, იქნებ რას ამბობენ. კი ახალი თაობა ხართ, მაგრამ განა ძველი თაობა ჩამოეწერა და აღარ ვარგა?!“

„არის ქართული მშვენიერი სიტყვა: „სიამტკბილობით ცხოვრება.“ სიამტკბილობით ცხოვრება თავისით არ დამკვიდრდება ოჯახში, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია​ ერთმანეთს დავუთმოთ რაღაცები. არ გავნაწყენდეთ ბებიაზე, ბებია პატარებზე, შვილები მშობლებზე, არ გავნაწყენდეთ. დათმობა ვისწავლოთ, ჩემო ძვირფასებო. როგორ გვიჭირს ეს პატარა რაღაც. დაუთმე, უთხარი: „იყოს, ბებო, შენებურად იყოს.“ გგონიათ ბავშვი დაგეღუპებათ ბებიასთან?! ავტორიტარული პედაგოგიკა ცუდია, მაგრამ განა ავტორიტარ ადამიანს ბავშვები ეჯავრება. უყვარს, მაგრამ სწამს, რომ ასეა უკეთესი. თქვენ თქვენი გააკეთეთ. გაუფრთხილდით ამ ძალიან ტკბილ ქართულ სიტყვას „სიამტკბილობა ოჯახში."  ბედნიერება გინდათ? თასზე მოგართვით ბედნიერება ამ სიტყვით. სიამტკბილობა გქონდეთ და ყველაფერი კარგად გექნებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ამონაშვილის აკადემიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ ამონაშვილის აკადემია

წაიკითხეთ სრულად