Baby Bag

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე

„თორმეტი საათია... ყველას სძინავს... სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო“ - სამი შვილის დედის ერთი ჩვეულებრივი დღე
სამი შვილის დედის ბლოგი

დღე 1-ლი - როცა, ჩემი ოჯახი ნაწილობრივ გაიცანით

ისევ ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. ამჯერად, რვის ნახევარზე გამეღვიძა თუ გამაღვიძეს, ეგეც საკითხავია. წუხელ ნატამ გვიან დაიძინა და შესაბამისად, გამოუძინებელი ვარ. კიდევ კარგი, მას მაინც სძინავს.

დათა ადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა მეც უნდა წამოვდგე და ბავშვები გავაღვიძო, რათა ერთი ბაღში და მეორე სკოლაში წაიყვანოს. მანამდე კი...
უფროსს არაჟანი და ალადიკები უნდა, შუათანას კარაქიანი პური, დათას კი - ერბოკვერცხი. დავალება არც ისე რთულია, მთავარია, მისი შესრულებისას შემთხვევით სარკეში არ ჩამეხედოს და არ შევშინდე, საკუთარი თავის არ შემეშინდეს.
ჩაიდანი ადუღდა. ჩაი და ყავა დავასხი და ბავშვების ტანსაცმლების გამზადება დავიწყე, ცალი ხელით ქმრის პერანგს ვაუთოებ. ამჯერადაც არ გამომივიდა, მაგრამ ამ ერთ წვრილ, შავ ხაზს ყელზე მგონი ვერავინ შეამჩნევს. ოღონდ ახლა ესენი გავისტუმრო.
უკვე ცხრის ნახევარია. ცხრაზე სახლიდან გადიან და მეც მაქვს ნახევარი საათი, რომ ნატას გაღვიძებამდე თავს მივხედო. დათა უკვე მზადაა, ახლა ის ორი შვილი უნდა დავარწმუნო, რომ ის ჩაიცვან, რაც გავუმზადე. როგორც ყოველთვის, ჩემი თხოვნა არ ჭრის და ხელახლა მიწევს ტანსაცმლის კარადაში ხელების ფათური. არის - ცისფერი მაისური და ჭრელი შორტი შუათანას, ნაცრისფერი პერანგი და შავი შარვალი უფროსს, ესეც მანქანის გასაღები დათას. ჰო, კოცნა და კარის ჩაკეტვაღა დამრჩა. ვუალა!
მაგიდა ასალაგებელია, მაგრამ ამას შემდეგ მივხედავ, რა მეჩქარება. მგონი გუშინდელი ჭურჭელიც დასარეცხია. ამასაც მერე მივხედავ. ნატას გაღვიძებამდე წუთები რჩება. მეც წარმოუდგენელი სისწრაფით შევდივარ სააბაზანოში, ვიბან, ვიხეხავ კბილებს, ვიშრობ თმას, ვიცვამ ხალათას და გამოსულს ნატას ტირილის ხმა მესმის. გაიღვიძა.
ათი საათია. ნატას თავის სკამზე ზის და ჩემს ყოველ ლუკმას ათვალიერებს. არადა, უკვე ვაჭამე, მაგრამ მაინც ის უნდა, რაც მაგიდაზე დევს. ცოტაც და სასეირნოდ წავალთ. სულ ცოტაც, სანამ მზე გამოსულა და დაცხება. მგონი, მაგიდა ისევ ასალაგებელი დამრჩა.
ეზოში სანამ ყველა საქანელასა და სასრიალოს არ მოივლის, სახლში არ მომყვება. მეც, ჩათრევას ჩაყოლას ვამჯობინებ (მეზობლებს ისედაც მობეზრებული აქვთ ჩემი და ჩემი შვილის ყოველდღიური სცენები) და მასთან ერთად ვსრიალებ, ვქანაობ, ვგორავ მიწაზე. სახლში მტვერში ამოსვრილები, თუმცა კმაყოფილები ვბრუნდებით. როგორც იქნა, მისი ძილის დროა.
პირველი საათია. მაგიდა ისევ ასალაგებელია, ჭურჭელი გასარეცხი, მაგრამ საჭმელიც მოსამზადებელი. მშიერ კუჭზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ მეც მაცივრისკენ ვიხრები და ინგრედიენტების მოძიებას ვიწყებ. დღეს რა გავაკეთო? ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ ნატას გაღვიძებამდე ძირითადი საქმის შესრულება მოვასწრო, თორემ მერე სხვა არაფრისთვის არ დამრჩება დრო და თან, ქმარ-შვილის სურვილები გავიხსენო. ნეტა, ყველიანი მაკარონი მითხრეს თუ მოხარშული სოსისი?
სამის ნახევარია. ნატას გაღვიძების დროა, რომ მეორე ძილიც მოასწროს დღეს, თორემ ბავშვების მეცადინეობას წითელი ხაზი გადაესმევა. სადილიც თითქმის მომზადდა. აჰ, მაგიდა დამრჩა ასალაგებელი, ჯანდაბა.
ხუთის ნახევარია. დათამ დამირეკა, რამე ხომ არ გამოვაყოლოო. კი, სიწყნარე, სიმშვიდე, ძილი, მყუდროობა და ბევრი თავისუფალი დრო-მეთქი, გავიფიქრე გულში, რეალურად კი - ნატასთვის ახალი ხილი, ბიჭებისთვის ტკბილეულობა და სახლისთვის პური. სულ ცოტა ხანიც და სახლი საომარ ადგილს დაემსგავსება, სადაც მშობლები გადარჩენისთვის იბრძვიან, შვილები კი - დარჩენისთვის. ვერაფერს ვიტყვი, life is beautiful.
ვსადილობთ. ნატამ დღეს ცუდად ჭამა. ვიცი, რომ ბროკოლი და ბოსტნეული არ უყვარს, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას. მშიერი არაა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ცუდად ჭამა, ამიტომ ახლა ზის და ყველს ლოღნის. უფროსს ათიანი მიუღია მათემატიკაში და ამ ამბით გახარებული „სადმე წაყვანას“ გვთხოვს (ეს შაბათ-კვირამდე გამორიცხულია) შუათანამ ბაღში თვლა ისწავლა და ახლა ენას ავარჯიშებს მაგიდასთან (არ ჩერდება). დათასთან ისევ ძველებურადაა ყველაფერი. ჩემთან ხომ მით უმეტეს.
საღამოა. უმცროსები ეზოში არიან მამასთან ერთად. მე და ჩემი ბიჭი კი ვმეცადინეობთ. ცოტაოდენი ცრემლის შემდეგ წიგნში წასაკითხი გვერდების რაოდენობაზე შევთანხმდით. მე (როგორც იქნა) მაგიდას ვალაგებ, ის კითხულობს. რამდენიმე ხნით სახლში ცოტა იდილიაა, შემდეგ დათას ნატა ამოჰყავს და ვცდილობ თან დავაძინო, თან წაკითხულსაც მივადევნო ყური. ნახევარი ჭურჭელი გაურეცხავი დამრჩა.
ცხრა საათია. ჩაის, გახუხული პურებისა და მულტფილმების დროა. რა თქმა უნდა, ბოლო ხმაზე. დათას ისევ კვერცხი მოუნდა და ტაფასთან ნატასთან ერთად ვდგავარ, რომელსაც მაინცდამაინც ახლა გაახსენდა, რომ დედიკო ძალიან უყვარს. როგორც იქნა, ეს ბრძოლაც მოვიგე. მთავარი მაინც წინაა - ბანაობა და დაძინება. დათას ნატა მივაბარე და ბიჭებთან წყალში შესატოპად მოვემზადე. დღეს ჩემი ჯერია (ნეტა, ვინ მოიფიქრა ეს მორიგეობა, მე ხომ არა?!). ნახევარსაათიანი დივერსიის შედეგად მე სრულიად სველი და ბიჭები მშრალნი გამოვედით ოთახიდან. კიდევ კარგი, დღეს დათა აძინებს მათ. როგორ მაინტერესებს ჩემს დაწყებულ ზღაპარს როგორ გააგრძელებს, მაგრამ მოსასმენად არ მცალია, ნატას მაწონი სურს.
თერთმეტის ნახევარი. ნატას დავდევ, რომ დავბანო და დავაწვინო. ვიცი, რომ ჯერ არ დაიძინებს, მაგრამ საწოლში როცაა, ცოტა მშვიდად ვარ. დევნა მხოლოდ დათას ჩარევით სრულდება და „მამიკოს გოგო“ საწოლშია. როგორც იქნა!
თორმეტი საათია. ყველას სძინავს. სახლში საუკეთესო სიჩუმეა, რაც კი ოდესმე მომისმენია. სრულიად გამოფიტული ვზივარ ჩაის ჭიქით ხელში და ვფიქრობ, ნეტა, ის ჭურჭელი როდის უნდა დავრეცხო.

გაგრძელება იქნება...

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლები შვილებს ზრდიან თავისთვის, უნდათ, რომ მერე შვილებისგან რაღაც მიიღონ, რის გამოც დიდი პრობლემების წინაშე დგებიან,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„მშობლები შვილებს ზრდიან თავისთვის, უნდათ, რომ მერე შვილებისგან რაღაც მიიღონ, რის გამოც დიდი პრობლემების წინაშე დგებიან,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ოჯახური პრობლემებისა და ცოლ-ქმრული ურთიერთობის სიძნელეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანს თუ ბედნიერების პოვნა სურს, მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის მეუღლისთვის მიძღვნა:

„მე ხშირად ჯვარს რომ ვწერ ხოლმე, მამაკაცს ასეთ რამეს ვეუბნები: „​გინდა, რომ იყო ბედნიერი ამ ცხოვრებაში? მაშინ საკუთარი თავი მიუძღვენი შენს მეუღლეს. ბოლომდე ეცადე, რომ არაფერი მიიღო შენი მეუღლისგან, პირიქით, შენ უნდა გასცე ყველაფერი.“ იმავეს ვეუბნები პატარძალსაც: „თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, მაშინ გაიღე, გაიღე შენი მეუღლისთვის.“ ეს ყველაზე რთულია. პრობლემები დგება ოჯახში იმ დროს, როდესაც ადამიანს რაღაცების მიღება უნდა. რასაცა გასცემ, მხოლოდ ეს არის შენი. რაც არ გაგიცია, შენი არასდროს იქნება. პავლე მოციქული ამბობს, რომ შენ ბედნიერი უნდა იყო გაცემის დროს და არა მიღების დროს. ეს აზროვნება როგორც კი შემოვა ადამიანში და ბოლომდე განამტკიცებს საკუთარ სულში იმას, რომ უნდა გასცეს, გაიღოს, ის ოჯახი იქნება ბედნიერი.“

დეკანოზის თქმით, ცოლ-ქმარი ყოველთვის ერთმანეთის გახარებაზე უნდა ფიქრობდეს:

„წარმოიდგინეთ ცოლ-ქმარი, რომლებიც მთელი არსებით ფიქრობენ იმაზე, როგორ გაახარონ ერთმანეთი. ქმარი მთელი არსებით ფიქრობს იმას, ცოლს როგორ მოემსახუროს, როგორ სცეს პატივი ცოლს, როგორ გადაჰყვეს მას, გაიგოს, რა მოსწონს, რა უხარია. ასევე ცოლიც გაღვიძებისთანავე ფიქრობდეს იმაზე, ქმარს რა გაუხარდება და იმით ახარებდეს. წარმოიდგინეთ იმ ოჯახში როგორი სიყვარული იქნება, ბავშვები როგორ სიყვარულში გაიზრდებიან.“

მამა შალვა კეკელიას თქმით, თანამედროვე ადამიანს უჭირს საკუთარი თავის სხვისთვის მიძღვნა:

„წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებს ქმარი, ყვირის: „მომემსახურე, დროზე ადექი, რაღაც გამიკეთე.“ დედაც იღვიძებს, მაშინვე ბავშვებს უყვირის: „ადექით ჩქარა, რაღაც გააკეთეთ!“ ასეთ ოჯახში სულ სხვა მდგომარეობაა. ოჯახი, რომელიც სიწმინდისკენ მიდის და​ ურთიერთობა ერთმანეთის პატივისცემაზეა აგებული, ის ოჯახი არის სხვანაირი. ადამიანებმა დაკარგეს ეს ურთიერთობები. საკუთარი თავის მიძღვნა ადამიანს აღარ შეუძლია. მას არ შეუძლია საკუთარი თავი გაიღოს მსხვერპლად. თუ მსხვერპლად იღებს, ყოველთვის მსხვერპლი ჰგონია თავი. თუ თავი მსხვერპლი გგონია, ამით ყველაფერს ანადგურებ. ბევრჯერ მოგისმენიათ, ალბათ: „სულ მე ვუკეთებ, ვერასდროს ხედავს ამას ადამიანი.“ პრობლემები არის ძირითადად იმის გამო, რომ ადამიანს საკუთარი თავის გაღება არ შეუძლია.“

დეკანოზის თქმით, თუ ადამიანი გაიღებს საკუთარ თავს ოჯახისთვის, სანაცვლოდ ის ბევრ სიხარულს მიიღებს:

„ჯვრისწერაზე ხშირად სანთელზე მივუთითებ ხოლმე ცოლ-ქმარს და ვეუბნები: „შეხედეთ ამ სანთელს. თქვენ თუ გინდათ ბედნიერები იყოთ, უნდა დაემსგავსოთ ამ სანთელს. სანთელი იწვის ისე და ანათებს ისე, რომ შენგან არაფერს ელოდება. შენთვის იწვის ის ბოლომდე, შენთვის იხარჯება ბოლომდე. ეს სანთელი არის სიმბოლო იმისა, შენ როგორი უნდა იყო. როგორც ის იწვება შენთვის, შენც ასევე უნდა დაიწვა შენი მეუღლისთვის. ასე უნდა დაიწვა შენი შვილებისთვის. როდესაც ასე გაიღებ საკუთარ თავს, მიიღებ ბევრ სიხარულს, ​სხვანაირი შვილები გეყოლება.“

მამა შალვა კეკელიას თქმით, შვილები მშობლებმა საკუთარი თავისთვის არ უნდა გაზარდონ:

„მშობლები შვილებს ზრდიან თავისთვის. უნდათ, რომ მერე შვილებისგან რაღაც მიიღონ. ასე ზრდიან საკუთარ შვილებს და მერე ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგებიან. ხშირად გვისაუბრია ამაზე, რომ მშობლები სულ რაღაცას უკრძალავენ შვილებს ან ავალებენ. მშობლების 90 % შემთხვევაში არ არის ისე, რომ სიყვარულით ექცეოდეს შვილს, პატივისცემით ექცეოდეს. მერე რა, რომ პატარაა ბავშვი. მასაც თავისი პატივი აქვს. ​ბავშვს არ აძლევენ საშუალება​ს, რომ მან თვითონ გადაწყვიტოს რაღაც. როდესაც ბავშვი იზრდება, თვითონაც ზუსტად ასე ექცევა თავის მშობელს. მშობლებს ხშირად ვეუბნები ხოლმე: „გინდათ, რომ თქვენი შვილისგან გაიხაროთ? გახდით სამაგალითო მშობლები თქვენი შვილისთვის. მაგალითის მიმცემი უნდა იყოთ თქვენი შვილისთვის. თუ თქვენი შვილი დაინახავს, რომ თქვენ ერთმანეთი გიყვართ, ერთმანეთს პატივს სცემთ, არ არსებობს, რომ ისიც პატივისცემით არ განიმსჭვალოს თქვენდამი.“

„როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედა მამას პატივს არ სცემს, უხეშად ელაპარაკება მამას, მამაც უხეშად ელაპარაკება დედას, თვითონაც ასე მოექცევა მშობელს. შეიძლება პატარა ასაკში ვერ გაგიბედოს ბავშვმა დალაპარაკება, მაგრამ როგორც კი რაღაც ასაკში გადავა, ის აუცილებლად შენ წინააღმდეგ წამოვა. 90 % შემთხვევაში ​რასაც ოჯახში ხედავს შვილი, ისე იზრდება. კარგ ოჯახში იზრდებიან კარგი შვილები. ცუდ ოჯახში იზრდებიან ცუდი შვილები. მაგალითი არის ყველაფერი. იოანე ოქროპირიც ამბობს, რომ შვილებს არაფრის დარიგება არ სჭირდებათ. როგორც ცხოვრობთ, ისე იცხოვრებენ თქვენი შვილებიც,“ - აღნიშნულ თემებზე დეკანოზმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად