Baby Bag

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ემართება ბავშვის ხერხემალს, როდესაც ბავშვს ხელში გამუდმებით უჭირავს გაჯეტი? - მედიცინის დოქტორი შალვა გაბადაძე

მედიცინის დოქტორმა შალვა გაბადაძემ ბავშვებში გამუდმებით გაჯეტების მოხმარებით გამოწვეული ხერხემლის პრობლემების შესახებ ისაუბრა:

„ბავშვი გამუდმებით ერთ პოზიციაშია, თავი მოხრილ მდგომარეობაში აქვს, მისი ნიკაპი თითქმის მიბჯენილია გულ-მკერდის ძვალს. ამ დროს დატვირთვას განიცდის კისრის ბოლო და გულ-მკერდის პირველი მალთაშორისი სახსარი. დატვირთვა იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება განვითარდეს ართრიტი, შემდგომში ართროზი, მოგვიანებით კი ადგილი აქვს კიფოზის წარმოქმნას. ბავშვებში, ახალგაზრდებში ხერხემლის ასეთი დეფორმაცია გაჯეტით გამუდმებული სარგებლობის შედეგია.

ჩვენს სამედიცინო პრაქტიკაში ხშირად მოდის პაციენტი ჩივილით: „ექიმო, კუზი გამიჩნდა. რა მეშველება?“ ეს არის სწორედ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვები, რომელსაც განიცდის ხერხემლის სვეტი. ამ დროს ხდება კისრის მეშვიდე და გულ-მკერდის პირველი მალთაშუა სახსრის გადაძაბვა, დაზიანება, თავდაპირველად სპონდილიტის, შემდგომ ართროზის განვითარება. შემდგომ წლებში დაზიანებული სახსრის ზევით ხდება ქსოვილების შეშუპება და წარმოიქმნება კუზი. გამოსავალი არის მკურნალობა, მაგრამ კიფოზის ბოლომდე გასწორება წარმოუდგენელია.

ამ დროს ზიანდება კისრის მალთაშორისი ფესვები, რომელიც იწვევს ტკივილს კისრის მიდამოში. ეს ტკივილი გადადის მხრებზე, კეფის მიდამოში, შუბლში, საფეთქლის მიდამოში. ამ დროს ზიანდება ყურის უკანა ნერვი. პაციენტს აქვს ყურში გამუდმებული შუილი, ხმაური, დისკომფორტი. კისრის კუზის უკუგანვითარება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა სიმპტომური მკურნალობის შედეგად შვება იგრძნობა. კისრის კუზი ბავშვთა ასაკში შეინიშნება. როდესაც ბავშვს ხელში გამუდმებით უჭირავს გაჯეტი, ამ დროს გადაიტვირთება კისრის ბოლო და გულ-მკერდის პირველ მალას შორის სახსარი და ხდება კუზის წარმოქმნა. ეს პრობლემები ვრცელდება გულ-მკერდზეც. ხერხემლის გამამაგრებელი კუნთოვანი კორსეტი სუსტდება, რაც სათავეს უდებს ისეთი დაავადებების წარმოქმნას, როგორიც არის ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი და უფრო მეტიც, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის შეფერხება. ამერიკის პედიატრთა საზოგადოებამ გამოაქვეყნა კრებული, სადაც მოცემულია გაჯეტით სარგებლობის ლიმიტაცია: ნულიდან ორ წლამდე ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქვეშ ყოფნა დაუშვებელია, 3-დან 5 წლამდე მხოლოდ ერთი საათით შეუძლიათ ეკრანით სარგებლობა დღეში, 6-დან 18 წლამდე მაქსიმუმი გაჯეტის სარგებლობის მხოლოდ ორი საათია,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად