Baby Bag

„მე ვარ გვანცა გაგუა, უკრაინაში დაბადებული ქართველი... 24 თებერვალს მოგვიწია ლვოვის დატოვება, როგორც დევნილებს,“ - ქართველი ბავშვი, რომლის ოჯახი უკვე მეორედ გახდა დევნილი

„მე ვარ გვანცა გაგუა, უკრაინაში დაბადებული ქართველი... 24 თებერვალს მოგვიწია ლვოვის დატოვება, როგორც დევნილებს,“ - ქართველი ბავშვი, რომლის ოჯახი უკვე მეორედ გახდა დევნილი

ქართველი გოგონა გვანცა გაგუა, რომელიც უკრაინაში დაიბადა, თავისი ოჯახის შესახებ გვიყვება. მისი თქმით, დედა საქართველოში, აფხაზეთში გაიზარდა, თუმცა ომის შემდეგ დევნილი გახდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გვანცასაც ამავე გზის გავლა მოუხდა:

„მოგესალმებით ყველას. მე ვარ გვანცა გაგუა. მე უკრაინაში დაბადებული ქართველი ვარ. დავიბადე ხარკოვში, სადაც ოთხ წლამდე ვიცხოვრე. შემდეგ გადმოვედით ლვოვში და ექვს წელზე მეტია, რაც აქ ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, 24 თებერვალს მოგვიწია ლვოვის დატოვება, როგორც დევნილებს და გადმოვედით პოლონეთში. როდესაც დედაჩემი იყო ექვსი წლის, ის ცხოვრობდა აფხაზეთში. ისიც ჩემსავით ბავშვობაში გახდა დევნილი.“

„მამაჩემი დარჩა ლვოვში. მან მიგვიყვანა საზღვრამდე და უკან დაბრუნდა. საზღვრიდან მოგვიწია რამოდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა. ახლა ვართ პოლონეთში, მაგრამ ძალიან გვჯერა, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს,“- აღნიშნა გვანცა გაგუამ.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს, მას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედასა და შვილს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ ისაუბრა:

„არის ერთი სამყარო, რასაც ვხედავთ და მეორე სამყარო შენშია. მარტო შენ ხარ შენი შინაგანი სამყაროს ბატონ-პატრონი. იქ უნდა იყოს წესრიგი. დედა თავისი შვილის მდგომარეობას დიდ მანძილზე გრძნობს. ბავშვი რომ სკოლაში მიდის, კარგმა დედამ, რადგანაც გრძნობს ბავშვის მოძრაობას, კარგი თვალი უნდა გააყოლოს. ბავშვი მშვიდად გადავიდა გზაზე, ახლა სკოლასთან მივიდა, აგერ შედის სკოლაში, არაფერი არ მოხდა. ამ თავისი აზრით დაიცვას დედამ ბავშვის გზა. თუ დედა დაიწყებს ფიქრს: „ვაიმე, იქნებ ფეხი წამოჰკრა... ვაიმე, იქნებ წითელზე გადავიდა... თუ „ვაი-ვაით“ გავაცილეთ, ეს „ვაი-ვაები“ შეიძლება მოხდეს ბავშვის თავს. აზრი მატერიალიზებული ხდება.

რაც მეტად ივარჯიშებს ამ საქმეში, მით უფრო მგრძნობიარე გახდება მისი გული. მას მართლა ეცოდინება ბავშვი სად და როგორ არის. დედებს აქვთ ეს, მამებს ეს არ აქვთ. ჭირვეული დედა, გაღიზიანებული დედა, მყვირალა დედა, ამ გრძნობებს ვერ განივითარებს. ამას სიმშვიდე უყვარს, სიყვარული უყვარს და მომავლის ნდობა. ეს არის გრძნობათმცოდნეობა. დედას ძალიან ძლიერი კავშირი აქვს შვილთან, ბიოლოგიური, სულიერი. ბავშვმა გაიარა მისი ყველაფერი. დედასა და შვილს შორის კავშირი იწყება მანამდე, ვიდრე ბავშვი ჩაისახება,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად