Baby Bag

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10-15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებში შეიძლება მეტი რისკი იყოს ანევრიზმის განვითარების,“ - ნევროლოგი გიორგი ლომიძე

„მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებში შეიძლება მეტი რისკი იყოს ანევრიზმის განვითარების,“ - ნევროლოგი გიორგი ლომიძე

ნევროლოგმა გიორგი ლომიძემ იმ რისკ-ფაქტორების შესახებ ისაუბრა, რომელიც ანევრიზმის განვითარებას უწყობს ხელს. მისი თქმით, მდედრობით სქესში ანევრიზმა უფრო ხშირია, ვიდრე მამრობითში:

„არის გარკვეული რისკ-ფაქტორები, რომლებიც გამოიკვეთა კვლევის პროცესში. ანევრიზმის რისკი უფრო მაღალია მდედრობით სქესში. ანევრიზმა ქალბატონებში შედარებით უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. რისკი არის ასევე ზოგიერთი დაავადება. ეს დაავადებები იწვევენ სისხლძარღვების კედლის შესუსტებას. ეს შეიძლება იყოს ​თირკმლის პოლიკისტოზი, აორტის კოარქტაცია, ტუბეროზული სკლეროზი და ა.შ.“

გიორგი ლომიძის თქმით, რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომელთა პირველი რიგის ნათესავებს აქვთ ანევრიზმა:

„რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომელთა პირველი რიგის ნათესავებს აქვთ ანევრიზმა. პირველი რიგის ნათესავი არის ის ადამიანი, რომელთანაც ვიზიარებთ ჩვენი გენეტიკური ინფორმაციის დაახლოებით 50 %-ს. ეს გახლავთ: მშობლები, შვილები, და-ძმა. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ე.წ. სკრინინგული შემოწმება. სკრინინგული შემოწმება სხვა შემთხვევაში მოწოდებული არ არის, თუ არ გვაქვს მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორები.“

„არსებობს თანდაყოლილი გარკვეული დარღვევები, რომლებიც შემაერთებელ ქსოვილთა პათოლოგიას იწვევს და მათ შორის, სისხლძარღვის კედლის სისუსტესაც. არსებობს გარკვეული წინასწარგანწყობა. ​მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებში შეიძლება მეტი რისკი იყოს ანევრიზმის განვითარების. ასე რომ, გარკვეული ფაქტორები და რისკ-ფაქტორები არსებობს. მაღალი რისკ-ფაქტორი არის უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზია. თუ ადამიანი მკურნალობს, მაშინ ეს აღარ არის რისკ-ფაქტორი,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი ლომიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად