Baby Bag

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10-15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვებში ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ კურორტულ პასიურ მკურნალობას,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„ბავშვებში ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ კურორტულ პასიურ მკურნალობას,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კურორტული მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პედიატრები რეკომენდაციას უწევენ კურორტულ პასიურ მკურნალობას:

„ბავშვებში სასურველია პასიური თერაპია,​ ეს არის მზის აბაზანები და ჰაერის აბაზანები. ორივე შეიძლება როგორც ზღვის სანაპიროზე, ასევე მთაში. გვაქვს უამრავი მდინარე. შეიძლება მათი მტკნარი წყლებიც გამოვიყენოთ ან გამოვიყენოთ ზღვის მარილიანი წყლები. ჩვენ რეკომენდაციას მაინც ვუწევთ კურორტულ პასიურ მკურნალობას. რაც შეეხება ბალნეოლოგიური კურორტის წყლებს, ეს ზუსტად უნდა განისაზღვროს რისთვის არის. ეს უნდა დანიშნოს სპეციალისტმა. ზოგჯერ პირიქით შეიძლება უკურეაქციაც მივიღოთ. ბავშვის ორგანიზმი მოზარდი ორგანიზმია. წყალში არსებული მიკრონუტრიენტები, მაკრონუტრიენტები, შესაძლოა, პირიქით ჩალაგდეს ორგანიზმში. ამიტომ მე მაინც რეკომენდაციას ვუწევ პასიურ კურორტულ თერაპიას, ზღვის, მზის და ჰაერის სწორ პროცედურებს.“

თემურ მიქელაძის თქმით, აუცილებელია, რომ კურორტზე ჰიგიენური პირობები დაცული იყოს:

„კურორტებზე როდესაც მიგვყავს ბავშვი, დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები. ​ჩვენი კურორტების უმეტესობა ინფრასტრუქტურულად არ არის მოწესრიგებული, მათ შორის, ზღვის კურორტები. გარდა რამდენიმე სასტუმროსი, რომელიც მეტ-ნაკლებად არის ჩაკეტილი, სანაპირო მოფენილია დაბინძურებული მასებით. ასეთი სასტუმროები არის უძვირესი. თუ არ გვაქვს ასეთ სასტუმროებში წასვლის პირობები, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები ხვდებიან სხვადასხვა კლინიკაში. ყველაზე ხშირი არის ნაწლავთა ინფექციები, რომლებიც, შესაძლოა, თირკმლის უკმარისობით განვითარდეს. ამ პაციენტების მართვა არის საკმაოდ რთული.“

„როდესაც ბავშვი მიგვყავს კურორტზე, თუ ის არ არის მაქსიმალურად იზოლირებული, გამოიყენეთ სოფელი. პანდემიის დროს სჯობს წავიდეთ იზოლირებულ პირობებში. კურორტს რა სჯობს?! ჩვენ გვაქვს ამის ხელმისაწვდომობა. უამრავი კარგი კურორტი გვაქვს. ჰიგიენას თუ არ დავიცავთ, ჩათვალეთ, რომ კურორტული მკურნალობა, რომელიც არის პასიური თუ აქტიური, წყალში ჩაიყრება და არანაირ შედეგს არ მიიღებთ. ეს ტყუილად გადაყრილი თანხა იქნება. არიან შეჭირვებული ოჯახები, რომლებსაც კვების პრობლემა აქვთ და მაქსიმალურად ცდილობენ კურორტული მკურნალობა ჩაუტარონ ბავშვს. შემდეგ ბავშვს ნაწლავური ინფექციის პრობლემა დაერთვება და ​შესაძლოა, ოჯახს სექტემბერში საკვების პრობლემა ჰქონდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად