Baby Bag

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10-15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით, ოჯახში ასე გვაქვს მიღებული,“- მადონა კოიძე

გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანმა მადონა კოიძემ ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ბავშვობიდან არასდროს დაულევია სხვისი ჭიქიდან:

„ქუთაისში ბებიას და ბაბუას სახლთან ახლოს იყო ბაღი. იქიდან წამიყვანეს წაღვერში. თვალწინ მაქვს ვარდისფერი, კოპლებიანი ჩითის პერანგი და უზარმაზარი რიგი გოგონების. იქ იყო ერთი სივრცე, სადაც საღამოს გვბანდნენ. ეს ახლაც კი კოშმარად მახსენდება. ეს ჩემთვის იყო მიუღებელი და სტრესული. ბავშვობიდან არასდროს არ დამილევია სხვისი ჭიქით. საერთოდ ოჯახში ასე გვაქვს მიღებული. „მაკბეჩინე, მომიტეხე“- ჩემთვის ეს არ არსებობს. ბავშვობიდან არასდროს არ მქონია ეს. ჩემი შვილიშვილებიც ასეთები არიან.

ყველას ბებიებს და დედებს ვუყვარდი ძალიან. ყველასთვის ვიყავი მაგალითი. ამ დროს ვიყავი ჩუმჩუმელა. შემეძლო დაგეგმვა, ყველაფრის მოფიქრება. მერე ამას უკვე სხვები ახორციელებდნენ. მეც ვერთვებოდი ამაში. დაგეგმვით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ბავშვობიდან ვიყავი ყურადღების მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. ვმღეროდი, მეზობლებს შევკრებდი და ვაკეთებდი კონცერტს, ბავშვებს ვიყოლიებდი და იყო ძალიან სახალისო. მიყვარდა ორგანიზებული თამაშები. ვგიჟდებოდი ქალაქობანაზე და ინტელექტუალურ თამაშებზე,“- მოცემულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

წაიკითხეთ სრულად