Baby Bag

„არ დაუყვირო ბავშვს, გიყვარდეს ბავშვი, არ უნდა სცემო,“- მხოლოდ ეს არ არის ჰუმანური პედაგოგიკა,“ - შალვა ამონაშვილი

„არ დაუყვირო ბავშვს, გიყვარდეს ბავშვი, არ უნდა სცემო,“- მხოლოდ ეს არ არის ჰუმანური პედაგოგიკა,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰუმანიზმის ნამდვილი მნიშვნელობა ადამიანებს ხშირად სწორად არ ესმით:

„რა არის ჰუმანური პედაგოგიკა? შეიძლება ეს ძალიან ადვილ ამბად მოგეჩვენოთ. ბავშვი უნდა გიყვარდეს და ჰუმანური პედაგოგიკაც იქნება. არ უნდა დაუყვირო ბავშვს, არ უნდა სცემო. აბა სხვა რა უნდა ჰუმანურობას?! კეთილად მოექეცი. ეს ძალიან ცოტაა. ამაში ჰუმანურობა ძალიან ცოტაა. აგერ ჩემი ჩრდილი დგას. სუსტია, მაგრამ ჩემი ჩრდილია. ვინმე იტყვის, რომ ეს ჩრდილი მე ვარ?! მე ვდგავარ, ვლაპარაკობ, ვაზროვნებ. ეს ჩრდილი ჩემი ანარეკლია. ჰუმანურობის ეს აზრები, რაც ახლა ვთქვი, ჩრდილია ჰუმანურობის არსისა.

ჰუმანურობა არ არის მარტო სიყვარული, არ არის მარტო კეთილი მოქცევა ერთმანეთის მიმართ. ეს ჩრდილია. რა არის ამის სინამდვილე? სიტყვა ჰუმანური სანსკრიტულია. თარგმანში ნიშნავს: „მოკვდავი, რომელიც თავის თავში უკვდავებას დაეძებს.“ მოკვდავი, რომელიც თავის თავში ღმერთს ეძებს, მოკვდავი, რომელიც თავის თავში საკუთარ თავს დაეძებს: ვინ ვარ მე? რად გავჩნდი? რისთვის მოვედი? სად გავედი? ამ სიტყვას თავისი საწინააღმდეგო სიტყვაც აქვს და ის აღნიშნავს, მოკვდავს, რომელიც არღვევს კავშირს უზენაესთან. პედაგოგებს ხშირად ვეკითხები: „თქვენ ჰუმანურები ხართ?“ „დიახ,“- ყვირიან ყველანი. „მაშ, რად მოხვედით სემინარზე? თუ ჰუმანურები ხართ, წადით და იმუშავეთ.“ ისინი ჩრდილის ჰუმანურები არიან და არა არსისა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რატომ უნდა იყოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მასობრივი, სავალდებულო და არა მიზნობრივი?“ - დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

„რატომ უნდა იყოს  COVID-19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინაცია მასობრივი, სავალდებულო და არა მიზნობრივი?“ - დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია

​​დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით განმარტა, თუ რატომ უნდა იყოს ვაქცინაცია მასობრივი, სავალდებულო და არა მიზნობრივი:

„არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებით რატომ უნდა იყოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მასობრივი, სავალდებულო და არა მიზნობრივი?

რატომ შეიძლება მოახდინოს გავლენა კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებამ - აიცრას ან არ აიცრას სხვა დანარჩენ მოსახლეობაზე?

გავცეთ პასუხები:

1. როგორც ვიცით არც ერთი არსებული ვაქცინა არ არის 100% ეფექტურობის (ზუსტი ეფექტურობა დღემდე უცნობია), ეს იმას ნიშნავს რომ - აუცრელმა ადამიანმა შეიძლება დააინფიციროს აცრილი.

მაგალითად მრავალი შემთხვევაა როდესაც ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა აუცრელი ოჯახის წევრისგან.

2. ჯერჯერობით ვერცერთი ვაქცინით ვერ აიცრება ყველა ადამიანი

ანუ არსებობს ძალიან მცირე უკუ-ჩვენებები რომლის გამოც კონკრეტული ადამიანები ვერ აიცრებიან (მაგალითად ალერგიული რეაქცია ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე), ასევე ვაქცინები არ არის დამოწმებული გამოსაყენებლად 12 წლამდე ბავშვებში.

ინფიცირებულმა აუცრელმა ადამიანმა შეიძლება დააინფიციროს ბავშვები მის გარშემო. მაგალითად, ​სკოლაში აუცრელმა ინფიცირებულმა მასწავლებელმა დააინფიცირა ნახევარი კლასი (წინა მერხებზე მჯდომები).

3. როდესაც აუცრელი ინფიცირებული პაციენტები ჰოსპიტალიზირდებიან, იხარჯება დიდი რაოდენობით რესურსი - ინტენსიური პალატის საწოლები, სასუნთქი აპარატები, ადამიანური მოვლის რესურსები, ლაბორატორიული კვლევები, დრო და ასე შემდეგ. ეს გავლენას ახდენს თითოეულ ჰოსპიტალში მყოფ პაციენტზე, ანუ რესურსი ნაწილდება, ანუ ადამიანური და ტექნიკური რესურსი ამოწურვადია.

4. აუცრელი საზოგადოების გამო რთული ეპიდ სტატისტიკით განპირობებული არსებული შეზღუდვების არსებობა, ახალი შეზღუდვების დაწესება რომელიც ზეგავლენას ახდენს ყველა ადამიანის სოციო-ეკონომიკურ ვითარებაზე.

5. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი- ახალი პოტენციურად მუტირებული შტამების გაჩენის მომატებული რისკი.

როდესაც ყოველი ვირუსული ნაწილი განიცდის რეპლიკაციას (გამრავლებას) უჯრედში - ეს რეპლიკაციის პროცესი არ არის 100% სიზუსტის, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი რეპლიკაციური პროცესის დროს არსებობს მცირე შანსი მოხდეს ვირუსის გენეტიკურ კოდში ცვლილება რაც შესაბამისად ნიშნავს ახალ მუტაციას.

ბევრი ასეთი მუტაცია გახლავთ ე.წ ჩუმი მუტაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ რაიმე ტიპის გავლენა ვირუსის ფუნქციონირებასა და ფორმაზე.

ზოგი მუტაცია დამაზიანებელია ვირუსისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს, რომელიც ამ მუტაციას შეიცავს, აღარ ექნება უნარი დააინფიციროს უჯრედი ან რეპლიკაცია გაუკეთოს საკუთარ თავს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის,რომ ყოველი ასეთი მუტაციის დროს არსებობს ძალიან მცირე შესაძლებლობა - ამ ​მუტაციამ ვირუსი გახადოს უფრო მაინფიცირებელი, უფრო მკვლელი, ან უფრო გამძლე ჩვენი იმუნური სისტემის ანტი-კოვიდური იმუნიტეტის მიმართ. შესაბამისად: რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება ვირუსით, მაგალითად იმიტომ რომ ისინი არ არიან აცრილები - მით მეტია ვირუსის რეპლიკაციის ციკლის რაოდენობა, რომელსაც ვირუსი გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტია რენდომული მუტაციების რაოდენობა - რაც შესაბამისად ზრდის ახალი შტამის წარმოქმნის ალბათობას.

ვირუსის რეპლიკაციის რაოდენობა და პოტენციური რენდომული მუტაციის შანსი აუცრელ ადამიანებში ბევრად მაღალია ვიდრე აცრილებში,“ - აღნიშნა ზაზა თელიამ.

წაიკითხეთ სრულად