Baby Bag

„დედამთილს მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე,“- პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე

„დედამთილს მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე,“- პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე

პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულამანიძემ თავისი პროფესიული გამოცდილებიდან ისეთი შემთხვევები გაიხსენა, როდესაც ადამიანები მასთან კონსულტაციისთვის ოჯახის წევრებმა იძულებით მიიყვანეს. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მასთან დედამთილმა რძალი მიიყვანა:

„ყოფილა შემთხვევები, რომ პაციენტს ოჯახის წევრები აბულინგებდნენ და შემდეგ მომიყვანეს. სამწუხაროდ, ზოგიერთ პაციენტს აბულინგებდა დედა. არის დედა, რომელიც აბულინგებს თავის შვილს, ასევე დედამთილი, მაგალითად. დედამთილსაც მოუყვანია რძალი კონსულტაციაზე. პაციენტი პრაქტიკულად არაფერს არ მეუბნებოდა. საუბრობდა მხოლოდ დედამთილი ან მშობელი, რომელიც მეუბნებოდა, რომ მას აქვს ასეთი მუცელი, ასეთი გვერდი, აქ ლიპოსაქცია უნდა გავუკეთო.

ჩემი მხრიდან იყო იმ ადამიანის მაქსიმალური იგნორი. როდესაც უკვე პირდაპირ მოვიდოდა და მეტყოდა: „არ მისმენ, რას გეუბნები?“ მე მას ვსვამდი პაციენტის ადგილზე, პაციენტის სკამზე. ვეუბნებოდი, რომ იქ ყველაფერი კარგად არის და მგონი, თქვენზე უნდა ვილაპარაკოთ. ვაძლევდი სარკეს ხელში და ვეუბნებოდი, მგონი, თქვენ აქ რაღაც ნაოჭი გაქვთ, აქ ეს ხომ არ არის ზედმეტი? მე არ მიყვარს ზედმეტის თქმა. არავის არ ვეუბნები, ვის რა სჭირდება. პირიქით, მე უნდა დამარწმუნოს პაციენტმა, რომ მას ეს ოპერაცია სჭირდება. მე კიდევ ვიფიქრებ, გავუკეთო თუ არ გავუკეთო. შეიძლება დავიბარო კიდევ ერთხელ კონსულტაციაზე, რომ ნამდვილად ვიცოდე, რომ ამ პაციენტს უნდა ეს ოპერაცია,"- მოცემულ საკითხზე კონსტანტინე სულამანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი" ისაუბრა.

წყარო: ​ღამის პრაიმ-თაიმი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

წაიკითხეთ სრულად