Baby Bag

რომელი ლოცვები ვიკითხოთ ნევროზის დროს? - დეკანოზ საბა ჭიკაიძის პასუხი კითხვაზე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ნევროზთან გამკლავების გზებზე ისაუბრა და ადამიანებს ურჩია სწორი ეკლესიური ცხოვრებით იცხოვრონ:

„იმას, რასაც ადამიანები ერში ეძახიან ნევროზს, აქვს თავისი სულიერი საფუძვლები და სულიერად ეს ყველაფერი, რასაკვირველია,  ბოროტი ძალების ბრალია. ნევროზი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. როგორც წესი, ადამიანის ყოფითი პრობლემები იწვევს ხოლმე ნევროზს. მე გირჩევდით, რომ უპირველეს ყოვლისა, იცხოვრეთ ჯანსაღი ეკლესიური ცხოვრებით, იხელმძღვანელეთ სულიერი მოძღვრის რჩევებით, რომელსაც აირჩევთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ძალიან დაგეხმარებათ.

ნევროზი სხვადასხვანაირი არსებობს. არის აქტიურად გამოხატული, არსებობს ჩუმი ნევროზი, მძაფრი. შეიძლება არც ეტყობოდეს ადამიანს ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ გრძნობდეს თავს ცუდად. ადამიანის შინაგანი, მოუწესრიგებელი სულიერი სამყარო, ღმერთთან მოუწესრიგებელი დამოკიდებულება იწვევს ნევროზს. როდესაც ადამიანი ცდილობს დაალაგოს თავისი დამოკიდებულება ღმერთთან, ავტომატურად ნევროზები კვამლივით ქრება. ამიტომ, თუ თქვენ არ ცხოვრობთ ეკლესიური ცხოვრებით, აქტიურად დაიწყეთ ეკლესიური ცხოვრება. მერე დააკვირდით თქვენს თავს, კვლავ გექნებათ თუ არა ნევროზი.

მე გირჩევდით, რომ ფსალმუნები იკითხოთ. ესეც აუცილებლად სულიერი მოძღვრის რეკომენდაციით და კურთხევით. როგორც ბასილი დიდი ბრძანებს, ისე არაფერი აფრთხობს ეშმაკებს, როგორც ფსალმუნთა კითხვაო. ამიტომ მე მინდა გირჩიოთ, რომ აქტიურად იკითხოთ ფსალმუნები და ნახავთ თვითონ შედეგს. მე ჩემს თავზეც გამომიცდია ეს და ამიტომ მინდა თამამად გირჩიოთ თითოეულ თქვენგანს, რომ გახდეთ აქტიური მკითხველები ფსალმუნებისა. რა თქმა უნდა, ეცადეთ, რომ გაიზროთ ის, რასაც კითხულობთ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ შედეგს მიიღებთ,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო:​ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამქვეყნად ყველანაირი დაავადება სიყვარულის ნაკლებობის გამო ჩნდება და ყველანაირ დაავადებას სიყვარული კურნავს,“ - ნათია ფანჯიკიძე

„ამქვეყნად ყველანაირი დაავადება სიყვარულის ნაკლებობის გამო ჩნდება და ყველანაირ დაავადებას სიყვარული კურნავს,“ - ნათია ფანჯიკიძე

​​ნათია ფანჯიკიძე გადაცემაში „რა დროს ძილია“ სიყვარულის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია:

„სიყვარული რთული საქმეა, შეიძლება თან გადაჰყვე და სძულდე ადამიანს ან უყვარდე ყველანაირი სამსახურის გარეშე. ამქვეყნად ყველანაირი დაავადება სიყვარულის ნაკლებობის გამო ჩნდება და ყველანაირ დაავადებას სიყვარული კურნავს. ხელს მოვაწერ ყოველთვის ამ სიტყვებს. ეს არის ერთადერთი ჯადოქრობა. თუ ღმერთი სიყვარულია, მაშინ ლოცვა ყოფილა სიტყვა „მიყვარხარ.“ სიყვარული ყველას უნდა და მიუხედავად ამისა, არსებობს შიზოიდური ფსიქოტიპები, რომლებიც ამ ძალას გაურბიან.  შიზოიდური ფსიქოტიპი სულაც არ ნიშნავს დაავადებულ პირს. ეს ჩემი საყვარელი ფსიქოტიპია. მათ იაფფასიანი სენტიმენტალობა არ აქვთ, რის გამოც მათთვის რთულია ემოციური სიახლოვის დამყარება. მათ აქვთ ბრწყინვალე რაციონალური გონება და მეცნიერების უმეტესი წილი ამ ფსიქოტიპზე დგას.“

​ნათია ფანჯიკიძის თქმით, არსებობენ შიზოიდური ფსიქოტიპები, რომლებიც სიყვარულს გაურბიან:

„არიან შიზოიდური ფსიქოტიპები და არიან განრიდებული პერსონოლოგიური ტიპები, რომლებსაც იმდენად ეშინიათ გულისტკენის, პასუხისმგებლობის, რომ ვერ ბედავენ იტკინონ. ტკივილის გარეშე ვერავინ ვერასდროს გავხდებით მნიშვნელოვანი. ყოველდღიური კომფორტი უბრალო ბანალურია. ძალიან გვჭირდება, რომ სული მოვითქვათ, არ გავნადგურდეთ, ვიყოთ სიწყნარეში, სიმშვიდეში, რაღაც პერიოდი, მაგრამ თვითშეფასებას ვაფუძნებთ იმაზე, რაც გვიკვირს, გვემაყება, ვამბობთ: „როგორ გავუძელი? როგორ გადავიტანე?“ თვითშეფასება იმას არ ეფუძნება, თუ რა გემრიელად დავლიეთ დილით ყავა. ეს უბრალოდ სიხარული იყო და არა დიდი წარმატება.“

ნათია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ სიყვარული ბედნიერებისთვის არსებობს, მაგრამ ის ადამიანში ძალიან ბევრ განსხვავებულ გრძნობას იწვევს:

​ზოგადად სიყვარული ბედნიერებისთვის უნდა იყოს და არა ტანჯვისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ყველა გრძნობას ერთად იწვევს, ტკივილსაც, ტანჯვასაც, ეჭვიანობასაც, ბედნიერებასაც, სიხარულსაც. ყველაფერი ეს არის სულის სავარჯიშო. სულის ამ სავარჯიშოს გარეშე გულის ჩაკრა არ იხსნება.“

„შური არის გაუკუღმართებული რეაქცია აღტაცების. რამე რომ მშურდეს, ჯერ ხომ უნდა გაღიარო?! მერე კი დავიბოღმო, თუ რატომ არის ის ასეთი მაგარი, მე კიდევ მაკლია ეს თვისებები,“ - აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე.

წყარო: ​რა დროს ძილია

წაიკითხეთ სრულად