Baby Bag

„ძიძა იმყოფებოდა მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის მდგომარეობაში, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები,“ - ძიძების ასოციაცია ძიძების უფლებების დარღვევის შესახებ

ძიძების ასოციაციამ სოციალურ ქსელში ძიძების გასაფრთხილებლად განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:

„ძვირფასო ძიძებო,

ძიძების ასოციაცია გაფრთხილებთ თბილისში, კავსაძის ქუჩაზე მოსახლე ოჯახის შესახებ, რომელიც ეძებს 24 საათიან ძიძას. იცოდეთ, რომ ოჯახში არსებობს თქვენი უფლებების შელახვის და ფიზიკური ზიანის საფრთხე. თუ მაინც გადაწყვეტთ მუშაობის დაწყებას, აუცილებლად გააფორმეთ ხელშეკრულება.

რამდენიმე დღის წინ ასოციაციას დაუკავშირდა ძიძა, რომელიც დასაქმებული იყო ამ ოჯახში და ითხოვა დახმარება, რადგან იყო ჩაკეტილი და სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებდა სახლის დატოვებას.

- ჩვეულებრივ, მას სამუშაო დღე-ღამის მანძილზე არ ჰქონდა სახლის დატოვების ან ბავშვის გასეირნების უფლება. 5 თვის განმავლობაში ამ გრაფიკით იმუშავა 24 საათიან რეჟიმში და შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები;

- კვირაში 1 დასვენების დღე ხშირად იყო გამოყენებული ოჯახის მიერ, შეთანხმების და დამატებითი ანაზღაურების გარეშე;

- ბავშვთან ძიძა თითქმის მუდმივად მარტო იმყოფებოდა;

- თითქმის არასდროს ითვალისწინებდნენ ძიძის ნებას, სურვილს და უფლებებს;

- სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ 1 თვით ადრე გაფრთხილების მიუხედავად, ძიძას არ აძლევდნენ სახლის დატოვების უფლებას და განზრახ არ მიდიოდნენ სახლში, რომ მას არ დაეტოვებინა ბავშვი;

- ძიძა იმყოფებოდა მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის მდგომარეობაში და ამის გამო,(კარის ჩამკეტი კოდის ცოდნის მიუხედავად), ვერ იღებდა სახლის დატოვების ან 112-ზე დარეკვის გადაწყვეტილებას;

- ძიძების ასოციაციამ მას გაუწია საჭირო კონსულტაცია. სატელეფონო კონტაქტით ფსიქოლოგიური მხარდაჭერის და დარწმუნების შედეგად, მოახერხა სახლიდან გამოსვლა და ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფება.

ამ ეტაპზე ასოციაცია შეგნებულად არ ასაჯაროებს ოჯახის ვინაობას.

თუ კიდევ ვინმე ხართ მსგავს პირობებში, იცოდეთ, რომ შეგიძლიათ მომართოთ ასოციაციას.

გაავრცელეთ წერილი, რომ ძიძებმა გაიგონ ოჯახის შესახებ და გააფრთხილონ ერთმანეთი.“

ძიძების ასოციაციის წარმომადგნლებმა ხათუნა ნათელაშვილმა და ირინა ჟიჟიაშვილმა ძიძების უფლებების შელახვის საკითხზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრეს:

„არის დამატებითი საათები, სამუშაო გაზრდილი ანაზღაურების გარეშე. ძიძებს არ გვაქვს დოკუმენტური შეთანხმება, არის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, მათ ეშინიათ სამსახურის დაკარგვის, მორიდებულად არიან. მინიმალური თანხა, რაც ოჯახს უნდა მოახმაროს ძიძამ, იმის დაკარგვის შიში აქვს. არის ასეთი საკითხი: „გინდა? იყავი! არ გინდა? მიბრძანდი!“ ეს „მიბრძანდი!“ ცოტა რთულია და ძიძებს ურჩევნიათ გააკეთონ ზედმეტი. მოთხოვნები იზრდება და მერე არის ბევრი მოთხოვნა. თითქოს ეჩვევა ამ ყველაფერს ძიძა. როდესაც მშობლის და ძიძის მოთხოვნები აისახება ხელშეკრულებაში, შემდგომ აღარ იქნება პრობლემა.

ჩვენ ძიძების ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ, ავიყვანეთ ჩვენი იურისტი. ჩვენ გვინდა, სახელმწიფო დონეზე ძიძა გავხადოთ პროფესია. დაუცველები ვართ ძიძები. ბევრმა ძიძამ გაიგოს, რომ არსებობს ასეთი ასოციაცია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პროფესია იყოს აღიარებული. კრიზისების დროს ჩვენ არარსებული ადამიანები ვართ. ხელშეკრულების გაფორმებით დაცული იქნება ძიძაც და დამსაქმებულიც. ვითხოვთ, რომ სახელმწიფო დაგვიდგეს გვერდში და დაგვინახოს, რომ ჩვენ ვარსებობთ,“ - აღნიშნეს ძიძების ასოციაციის წარმომადგენლებმა.

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

საჭიროა თუ არა ბავშვებიც ვაქცინაცია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით? - ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

საჭიროა თუ არა ბავშვებიც ვაქცინაცია კოვიდ 19-ის  საწინააღმდეგო ვაქცინით? - ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ბავშვების აცრასთან დაკავშირებით მშობლების კითხვას პასუხობს:

​ამ კითხვაზე პირდაპირი და კონკრეტული პასუხი არის: „დიახ, ეს ერთმნიშვნელოვნად საჭიროა." ბავშვების ვაქცინაცია მნიშვნელოვნად გაზრდის პანდემიის შეჩერების შესაძლებლობებს. ბავშვები ინფექციის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენენ.“

„დღევანდელი მონაცემებით ხელმისაწვდომი ვაქცინების უდიდესი ნაწილის ბავშვებში გამოყენება დაშვებული არ არის. თუ ბავშვებისთვის ვაქცინაცია დაშვებულია, წადით ექიმთან ვიზიტზე და ბავშვები აცერით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბავშვები ვირუსის გამავრცელებელ ერთ-ერთ ძლიერ მექანიზმს წარმოადგენენ. ბავშვებს ვირუსი მარტივად და ხშირად უსმიპტომოდ გადააქვთ, მაგრამ ისინი ბებიებისა და ბაბუების ინფიცირების წყაროს წარმოადგენენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბავშვები ერთმნიშვნელოვნად უნდა აიცრან. გააკეთეთ სწორი დასკვნები,“ - ​აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო


წაიკითხეთ სრულად