Baby Bag

„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი პოსტკოვიდური სიმპტომი, რომელიც ბევრ გამოჯანმრთელებულს აწუხებს - ფონიატრი ირინა ქაცარავა

ახალი პოსტკოვიდური სიმპტომი, რომელიც ბევრ გამოჯანმრთელებულს აწუხებს - ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ კოვიდ-19-ის ხმოვან იოგებზე ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ისაუბრა:

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი ხნის გამოცდილება, მე ჩემი და ჩემი კოლეგების სტატისტიკა შემიძლია გაგიზიაროთ. ორი წლის განმავლობაში მე ვაკვირდები ასეთ პაციენტებს. თვეში დაახლოებით 20-30 პაციენტი მყავს პოსტკოვიდური მდგომარეობით. ​დისფონიით იმდენად არ მომმართავენ, რამდენადაც ხველით, სიმშრალის პრობლემით, იღვიძებენ ჩვეულებრივი ხმით და დღის განმავლობაში ხმა ეღლებათ.“

ირინა ქაცარავას თქმით, კოვიდი კუნთების სისუსტეს, ხორხისა და ხმოვანი იოგების შეშუპებას იწვევს:

„მე ჩემი დაკვირვება ვაწარმოე. ეს პაციენტები აღვრიცხე. კოვიდი იწვევს კუნთების სისუსტეს, ასევე ხორხისა და ხმოვანი იოგების შეშუპებას.“

„პრევენციისთვის საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი სუნთქვა. მნიშვნელოვანია სუნთქვითი ვარჯიშები. როდესაც ვიღვიძებთ დილას, ჯერ კარგად უნდა გამოვფხილზდეთ. მანამდე ხმა არ უნდა დავტვირთოთ. ​შემდეგ უნდა დავიწყოთ სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები. ცხვირით ჩასუნთქვა, მუცლის გამობერვა არის კარგი. ამ დროს ფილტვებში შედის იმ რაოდენობით ჰაერი, რომელიც სჭირდება ხმოვან იოგებს, რომ მან მოახდინოს ვიბრაცია და სწორად მოხდეს ხმის წარმოქმნა,“ - აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად