Baby Bag

„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​„სიკეთე იწყება შენით!“ - საბავშვო ბაღ ,,ლარდის” კიდევ ერთი საქველმოქმედო ტრადიცია

​„სიკეთე იწყება შენით!“ - საბავშვო ბაღ ,,ლარდის” კიდევ ერთი საქველმოქმედო ტრადიცია

საბავშვო ბაღი ,,ლარდი” იწყებს კიდევ ერთ საქველმოქმედო ტრადიციას, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად, აღსაზრდელებთან, პარტნიორ კომპანიებთან და სხვა მონაწილეობის მსურველებთან ერთად, ეხმარებიან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სხვა საჭიროების მქონე ჯგუფებს/ოჯახებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეზღუდული არ არის.

საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

• შეაგროვოთ ნივთები 0-21 წლის ასაკის ბენეფიციარებისთვის, მ.შ. ტანსაცმელი, სათამაშოები, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებები, საკვები (მშრალი/არამალფუჭებადი)
• ტანსაცმელი/ფეხსაცმელი უნდა იყოს ახალი
• ნივთები უნდა იყოს სუფთა და არ უნდა იყოს დაზიანებული
• შეგროვებული ნივთების მოწოდება შესაძლებელია საბავშვო ბაღში “ლარდი” 13-დან 23 დეკემბრის ჩათვლით

საქველმოქმედო ღონისძიების მიზანია ბავშვებში ზრუნვის, ემპათიის და საკუთარი ნივთების გაზიარების სიყვარულის გაღვივება.

გააზიარე სიკეთე, გაავრცელე სიყვარული და გახადე სამყარო უკეთესი!

ქვემო ლისი, Tbilisi, Georgia. 599 64 64 59. [email protected]

R. 
წაიკითხეთ სრულად