Baby Bag

„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მივხვდეთ, რომ გაგვთვალეს? - ანზორ ოდიშარიას რჩევები ავი თვალისგან თავის დასაცავად

როგორ მივხვდეთ, რომ გაგვთვალეს? - ანზორ ოდიშარიას რჩევები ავი თვალისგან თავის დასაცავად

ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ავი თვალისგან თავის დაცვის წესებზე ისაუბრა:

„როდესაც კარგ ხასიათზე ვართ, გვიხარია ცხოვრება, რაღაც მიმართულებით მივდივართ და მოულოდნელად ხასიათი გვეცვლება, მთელი ეს აღვსებული სიკეთე სადღაც გადის, ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ გაგვთვალეს. ასეთ შემთხვევაში სწრაფად უნდა დაიწყოთ რეაგირება. ძალიან ხშირად ხდება, რომ თვალი გეცა და ამიტომ წარმატებას ვერ მიაღწიე. თვალი ეს არის შურის ენერგეტიკა, რომელიც სხვა ადამიანისგან მოდის. ასეთი ადამიანის პირველი მთავარი ხასიათობრივი მაჩვენებელი არის ენერგეტიკული სისუსტე, ის საუბრის დროს ძალიან აქტიური ხდება. ის არის გაბოროტებულად ინტერესიანი, რომელიც სხვა ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობს. ენერგოვამპირიც ასეთი რამ არის. მას აკლია ენერგია და სჭირდება სხვა ადამიანის ენერგეტიკა, რომ შეივსოს დღის ლიმიტი.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მივხვდეთ, როდის გაგვთვალეს. ეს არის, როდესაც ჩვენი ხასიათი იკარგება, ემოციურ ენერგიას ვკარგავთ. პირველ რიგში, ამ სიტუაციას გავერიდოთ, გავაქტიურდეთ. ამ შემთხვევაში კარგია, რომ დავლიოთ ლიმონიანი წყალი. ძალიან ძლიერად უნდა გავიზმოროთ, რომ ენერგეტიკა ტონუსში მოვიყვანოთ. ძალიან კარგია სიტყვები, რომელსაც გულში ვამბობთ, როდესაც ენერგოვამპირს ვესაუბრებით ჩვენ წინ. უნდა ვთქვათ: „შენი შენთან, ჩემი ჩემთან.“ როდესაც გთვალავენ და გეუბნებიან: „როგორ მეცოდები,“ უპასუხეთ: „მეც.“ აუცილებელია, რომ შეტევაზე გადავიდეთ. ისე არ უნდა წამოვიდეთ, რომ ეს ნეგატივი მივიღეთ. ყველა ჩვენგანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი. მთავარანგელოზის ხატის ტარების შემთხვევაში დაცულები ვიქნებით უარყოფითი ენერგიისგან. ენერგეტიკული ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი წესია, რომ დილით განსაკუთრებულ პოზიტიურ განწყობაზე უნდა ვიყოთ,“- მოცემულ საკითხზე ანზორ ოდიშარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად