პედიატრმა თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა:
„როდესაც ჰორმონალური დარღვევები, D ვიტამინის დეფიციტი იწვევს ჭარბ ოფლიანობას, მაინც არის ხოლმე კლინიკური გამოვლინებები. ექიმს შეუძლია ამ კლინიკური გამოვლინებების ამოცნობა და დანიშნოს ჰორმონული კვლევები. საკმაოდ ბევრი ბავშვი მოგვმართავს ჭარბი ოფლიანობით. ეს პრაქტიკულად დამოკიდებულია იმაზე, რომ ნერვულ სისტემას აქვს ორი ტიპი: სიმპათიკოტონიური და ვაგოტონიური ტიპები. ბავშვებში, რომლებშიც ჭარბობს ვაგოტონიური ტიპი, საკმაოდ ხშირია ასეთი ოფლიანობა. ხშირია სისხლძარღვოვანი რეაქციები, წამოწითლებები. სახეზე აწითლდებიან ხოლმე ბავშვები, გინახავთ საკმაოდ ხშირად.
მე მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტებს იმდენად ჭარბი ოფლიანობა აქვთ, რომ წერის დროს მათი რვეული და საწერი ფურცელი ბოლომდე სველდება. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ბავშვებში ბოტოქსით მკურნალობა. სხვა მედიკამენტოზურ ჩარევას არ გირჩევთ. 9 წლის ასაკიდან პრეპუბერტატულ ასაკად ითვლება. მე ვთვლი, რომ როდესაც ნეიროჰორმონალური აქტივობა გამოსწორდება, მათ შორის ვეგეტატიური ნერვული სისტემაც გადაერთვება, დაბალანსდება, 13-14 წლის ასაკში ბავშვს ჭარბმა ოფლიანობამ უნდა გაუაროს. მშობელი არ უნდა აჩქარდეს მედიკამენტებთან დაკავშირებით, კლინიკურ კვლევებსაც დაანებეთ თავი. ვერაფერს ვერ მიაგნებთ. საკმაოდ ხშირად მოგვმართავენ ამის გამო და ეს ასაკის მატებასთან ერთად გადაივლის, როგორც წესი,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.
წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
წაიკითხეთ სრულად