Baby Bag

„ზამთარში აუცილებელია კანის დატენიანება, რადგან სიცივე და სუსხი იწვევს კანის გამოშრობას“ - დერმატო-კოსმეტოლოგი თინათინ გოგოლაშვილი

„ზამთარში აუცილებელია კანის დატენიანება, რადგან სიცივე და სუსხი იწვევს კანის გამოშრობას“ - დერმატო-კოსმეტოლოგი თინათინ გოგოლაშვილი

რა პროცედურებს გულისხმობს კოსმეტოლოგია, რა ასაკიდან უნდა მივმართოთ კოსმეტოლოგს, წელიწადში რამდენჯერ არის რეკომენდებული სახის გაწმენდა ? - ​Moms.ge-ს ამ და სხვა კითხვებს კლინიკა „მედის“ კოსმეტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, დერმატო-კოსმეტოლოგმა თინათინ გოგოლაშვილმა უპასუხა. 

- ქალბატონო თინათინ, თავიდანვე რომ განვმარტოთ, რა პროცედურებს გულისხმობს კოსმეტოლოგია?

- კოსმეტოლოგია ფართო სფეროა და გულისხმობს სახის კანის მოვლას უბრალო ჰიგიენური წმენდიდან დაწყებული ღრმა ჩარევებით დამთავრებულ სხვადასხვა მანიპულაციებს.

- რა ასაკიდან უნდა მივმართოთ კოსმეტოლოგს?

- კოსმეტოლოგის ჩარევის საჭიროება განისაზღვრება სახის კანის მდგომარეობით და არა ასაკით, კანის ტიპის მიხედვით 13-14 წლიდანაც შეიძლება მივმართოთ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, მაგალითად აკნესა და აკნეს შემდგომი გართულებების სამკურნალოდ.

- წელიწადში რამდენჯერ არის რეკომენდებული სახის გაწმენდა?

- კანის ცხიმიანობის მიხედვით ისაზღვრება კანის წმენდის სიხშირე, მშრალი კანის შემთხვევაში არ არის სასურველი პროცედურის ხშირად ჩატარება, ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი პროცედურის გამეორება წელიწადში 2-3-ჯერ შეიძლება გახდეს საჭირო.

- პილინგის პროცედურაზეც რომ გვესაუბროთ? 

- პილინგების სეზონი შემოდგომით იწყება და ზამთრის ბოლომდე გრძელდება, ვინაიდან პროცედურის შემდგომ იკრძალება მზის აბაზანები. ზოგადად, პილინგი გამოიყენება პიგმენტური ლაქების, აკნეს შემდგომი ნაწიბურების, მოდუნებული კანის, წვრილი ნაოჭებისა და სტრიების სამკურნალოდ. პილინგი 2 სახისაა - ლაზრული და ქიმიური. ეს კი თავისთავად 3 ქვეკატეგორიად იყოფა: ზედაპირული, საშუალო და ღრმა. მნიშვნელოვანია პილინგის სახეობა და სიღრმე პროფესიონალი დერმატო-კოსმეტოლოგის მიერ სწორად იყოს განსაზღვრული.

- როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში?

- ზამთარში აუცილებელია კანის დატენიანება, რადგან სიცივე და სუსხი იწვევს კანის გამოშრობას, ასევე მწვავდება კაპილარული პათოლოგიები, ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად არსებობს დამატენიანებელი პროცედურების სრული სპექტრი: პლაზმოლიფტინგი, მეზოტერაპია, ბიორევიტალიზაცია, PRP პლაზმოთერაპია (რეჯენლაბის ლაბორატორიიდან), ბოლო თაობის ბიორევიტალიზანტი - ბუსტერი.

- მიზანშეწონილია თუ არა გარდატეხის ასაკში აკნეს მკურნალობა? 

- აკნეს მკურნალობა აუცილებელია მოხდეს ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგის მიერ (ასაკსაც ის განსაზღვრავს). ვინაიდან აკნე პოლიეტილოგიური დაავადებაა, ხშირად საჭიროებს გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგისა და გასტროენტეროლოგის ჩართვას.

- რა შემთხვევეშია რეკომენდებული ფილერის, ბიორევიტალიზაციისა და ბოტოქსის გაკეთება?

- ჩვენებების მიხედვით განისაზღვრება რა შემთხვევაში რომელი პროცედურის გაკეთებაა საჭირო. თუ კანი გამომშრალი, მოდუნებულია და შეიმჩნევა წვრილი ნაოჭები, კეთდება ბიორევიტალიზაცია ან სხვა სახის დამატენიანებელი პროცედურა. გამოხატული მიმიკური ნაოჭების შემთხვევაში მივმართავთ ბოტულინოთერაპიას, ხოლო ბუნებრივი შემავსებლით შესაძლებელია როგორც არამიმიკური ნაოჭების გასწორება, ასევე ცალკეული ზონებისა და მთლიანად სახის მოდელირება.

- რა სიხშირით შეიძლება ამ პროცედურების ჩატარება?

- ნებისმიერი პროცედურის ინტენსივობა ჩვენების მიხედვით განისაზღვრება ინდივიდუალურად.

- და ბოლოს, რა ასაკიდან არის ეპილაცია მიზანშეწონილი?

- ლაზერული ეპილაცია ალექსანდრიტის ბოლო თაობის, უსაფრთხო და უმტკივნეულო ლაზერით, დასაშვებია გაკეთდეს 13 წლის ასაკიდან.

ესაუბრა თამუნა კიკალიშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად