პანდემიის პირობებში მუდამ სახლში, უმოძრაოდ ყოფნა წონაში მომატების საფრთხეს გვიქმნის, როგორ ჩავდგეთ/შევინარჩუნოთ სხეულის კარგი ფორმები? - აღნიშნულის შესახებ MomsEdu.ge პირად მწვრთნელს, გიორგი ვასაძეს ესაუბრა.
- ყველაზე აქტუალური კითხვით რომ დავიწყოთ - კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების/ფორმაში ჩადგომის გზებზე რომ გვესაუბროთ...
- არსებობს ონლაინ სავარჯიშო და კვების პროგრამები, რომლებიც ინდივიდზეა მორგებული. ეს იქნება წონაში კლება, კუნთოვანი მასის გაზრდა, თუ უბრალოდ ფორმაში ყოფნა. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია პერსონალურ ტრენერთან და სახლის პირობებში მიიღოს როგორც კვების, ასევე ვარჯიშის პროგრამა. ეს სისტემა უკვე დიდი ხანია დანერგილია და მუშაობს. შესაბამისად, კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების ან ფორმაში ჩადგომის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
- რა არის ყველაზე მარტივი გზა წონაში კლებისთვის?
- სანამ ამ კითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, საზოგადოებას პირველ რიგში ვურჩევ, რომ თვითნებურად დაწყებული ვარჯიში არასწორია, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. არასწორი ვარჯიშით იზრდება ტრავმის მიღების ალბათობა, შესაძლებელია დავიზიანოთ მყესი, საბოლოო ჯამში, ჯანსაღი სხეულის ნაცვლად მივიღოთ დაზიანებული სხეული. თუ გსურთ ვარჯიშის დაწყება, წონაში მარტივად კლება, კარგი იქნება პერსონალურ მწვრთნელთან ვარჯიში სამი თვე მაინც.სწორედ პროფესიონალი უნდა აკვირდებოდეს ვარჯიშს - ასე ბევრად მარტივია იმ შედეგის მიღება, რაც გსურთ.
- ფიზიკურ დატვირთვაზე რომ ვისაუბროთ, დღის განმავლობაში რამდენსაათიანი ფიზიკური დატვირთვაა მიზანშეწონილი?
- არსებობს ფიტნეს ნორმა, რამდენი ხანი უნდა ივარჯიშოს ადამიანმა. ეს არის ერთი საათიდან საათნახევრამდე. ხოლო რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც სახლში, თვითნებურად ვარჯიშობენ, მინდა ვურჩიო, რომ არასწორია გაღვიძებისთანავე ვარჯიში, სასურველია ჯერ კვება და ამის შემდეგ, დაახლოებით 2 საათში ვარჯიშის დაწყება.
- ჩქარი სიარული თუ სირბილი, თქვენ რომელს ურჩევდით?
- როგორც წესი, სირბილს რეკომენდაციას არ ვუწევ, რადგან შესაძლებელია, მუხლების დაზიანება გამოიწვიოს, რამაც წლების შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი. მე გირჩევთ ჩქარი ნაბიჯით სიარულს, შესაძლებელია აღმართზე. ამ შემთხვევაში ფილტვები მოითხოვს მეტ ჟანგბადს, შესაბამისად, გულის აჩქარების ხარჯზე ვიღებთ კალორიების წვას. აუცილებელია გაღვიძებიდან 2 საათში, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, გულს სერიოზული ზიანი მივაყენოთ.
- რას ფიქრობთ მკაცრ დიეტებზე, საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის?
- როგორც თვითნებურად დაწყებული ვარჯიში შესაძლოა, გახდეს საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე დიეტაც. ყველაზე სწორი გზა არის, მივეჩვიოთ ჯანსაღად კვებას, რაც 3 საათში ერთხელ სასარგებლო პროდუქტების მიღებას გულისხმობს. მაგალითად, ქათმის გულ-მკერდის ნაწილი, კვერცხი, თევზი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი. რაც შეეხება ვიტამინებისა და მინერალების კომპლექტს: ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, მარწყვი, ბოსტნეული. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენს ორგანიზმს დაეხმარება, ჯანსაღად გამოიყურებოდეს. არსებობს გამონათქვამი, როგორც იკვებები, ისე გამოიყურები. ეს არის უმთავრესი პრინციპი, თუ ასე მოქცევას დავიწყებთ, შედეგს იმაზე მალე დავინახავთ, ვიდრე ველოდებით.
- 18 საათიანი ან დუკანის დიეტა - რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?
- ყველა დიეტას თავისი მიდგომა აქვს და სპეციალისტი ჰყავს. ყველას ერთს ვურჩევ, როგორი კვების რაციონიც არ უნდა იყოს, გაიაროსნ რეკომენდაცია სპეციალისტთან, დიეტა თვითნებურად არ დაიწყონ. რაც შეეხება 18 საათიან დიეტას, არ ვემხრობი. 6 საათი კვებისთვის ცოტაა და 6-ის შემდეგ კვების აკრძალვა - არასწორი, რადგან ამ შემთხვევაში შიმშილისა და სტრესის ხარჯზე იღებ შედეგს. თუ გვინდა ვიყოთ ჯანმრთელები, უნდა ვიკვებოთ დღეში 5-ჯერ სამსაათიანი შუალედებით.
კეტოგენური დიეტა - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი დიეტის მოდელი
ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ კეტოგენური დიეტაზე ისაუბრა. როგორ მან აღნიშნა, ეს დიეტა ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა:
„კეტოგენური დიეტა - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი დიეტის მოდელი, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო, რადგან ექიმთა დიდი ნაწილი ეთანხმება იმას, რომ პირველად ეს კლინიკის პირობებში უნდა მოისინჯოს. კეტოგენური დიეტის დროს ორგანიზმში მჟავატუტოვანი წონასწორობა და ბევრი პროცესი მკვეთრად იცვლება. მაგრამ, ვნახოთ, რატომ არის სასიკეთო ზოგიერთ შემთხვევაში ეს დიეტა. მაგალითად, ვაშლი და შაქარი რომ შევადაროთ. ვამარაგებთ ნახშირწყლით ჩვენს ორგანიზმს, როგორც ენერგიის მთავარი წყაროთი, აქედან ჩვენი ორგანიზმი საწვავის სახით იღებს გლუკოზას და შემდეგ გლუკოზის გამოყენება საწვავად შეუძლია ყველა უჯრედს. ანუ ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს და განსაკუთრებით, ტვინს, საწვავის სახით აქვს გლუკოზა.
მაგრამ რა ხდება კეტოგენური დიეტის დროს, როდესაც 70% ცხიმს ვაძლევთ, 20% ცილას და სულ რაღაც 10% ნახშირწყალს? ასეთ შემთხვევაში ორგანიზმს ნახშირწყალი ენერგიისთვის აღარ ჰყოფნის და ის უკვე ცხიმს იყენებს ენერგიის წყაროდ. ცხიმი ენერგიის წყაროდ ნიშნავს იმას, რომ თუ გლუკოზას ყველა უჯრედი კითხულობს და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან უყვარს თურმე სიმსივნურ უჯრედებს გლუკოზა და ძალიან კარგად იყენებს საკუთარი განვითარებისა და ზრდისთვის, კეტოსხეულებს, რომლებსაც ცხიმი გვაძლევს, ვეღარ იყენებს საკმარისად, როგორც საწვავად. ანუ რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ეფექტური კეტოგენური დიეტა ონკოლოგიური დაავადების დროს, ხაზს გავუსვამ - იმ ონკოლოგიური დაავადების დროს, სადაც სიმსივნური უჯრედები ენერგიის წყაროდ ვერ გამოიყენებს კეტოსხეულებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს კანონზომიერება შეიძლება დაირღვეს. ამიტომ კეტოგენური დიეტა უნივერსალური არ არის და ამით მე ვპასუხობ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ამ დიეტის სიკეთეზე და ონკოლოგიურ დაავადებასთან კავშირზე მოისმინეს ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ თვითნებურად დაიცვან. გარწმუნებთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს ასე არ არის და საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.