პანდემიის პირობებში მუდამ სახლში, უმოძრაოდ ყოფნა წონაში მომატების საფრთხეს გვიქმნის, როგორ ჩავდგეთ/შევინარჩუნოთ სხეულის კარგი ფორმები? - აღნიშნულის შესახებ MomsEdu.ge პირად მწვრთნელს, გიორგი ვასაძეს ესაუბრა.
- ყველაზე აქტუალური კითხვით რომ დავიწყოთ - კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების/ფორმაში ჩადგომის გზებზე რომ გვესაუბროთ...
- არსებობს ონლაინ სავარჯიშო და კვების პროგრამები, რომლებიც ინდივიდზეა მორგებული. ეს იქნება წონაში კლება, კუნთოვანი მასის გაზრდა, თუ უბრალოდ ფორმაში ყოფნა. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია პერსონალურ ტრენერთან და სახლის პირობებში მიიღოს როგორც კვების, ასევე ვარჯიშის პროგრამა. ეს სისტემა უკვე დიდი ხანია დანერგილია და მუშაობს. შესაბამისად, კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების ან ფორმაში ჩადგომის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
- რა არის ყველაზე მარტივი გზა წონაში კლებისთვის?
- სანამ ამ კითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, საზოგადოებას პირველ რიგში ვურჩევ, რომ თვითნებურად დაწყებული ვარჯიში არასწორია, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. არასწორი ვარჯიშით იზრდება ტრავმის მიღების ალბათობა, შესაძლებელია დავიზიანოთ მყესი, საბოლოო ჯამში, ჯანსაღი სხეულის ნაცვლად მივიღოთ დაზიანებული სხეული. თუ გსურთ ვარჯიშის დაწყება, წონაში მარტივად კლება, კარგი იქნება პერსონალურ მწვრთნელთან ვარჯიში სამი თვე მაინც.სწორედ პროფესიონალი უნდა აკვირდებოდეს ვარჯიშს - ასე ბევრად მარტივია იმ შედეგის მიღება, რაც გსურთ.
- ფიზიკურ დატვირთვაზე რომ ვისაუბროთ, დღის განმავლობაში რამდენსაათიანი ფიზიკური დატვირთვაა მიზანშეწონილი?
- არსებობს ფიტნეს ნორმა, რამდენი ხანი უნდა ივარჯიშოს ადამიანმა. ეს არის ერთი საათიდან საათნახევრამდე. ხოლო რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც სახლში, თვითნებურად ვარჯიშობენ, მინდა ვურჩიო, რომ არასწორია გაღვიძებისთანავე ვარჯიში, სასურველია ჯერ კვება და ამის შემდეგ, დაახლოებით 2 საათში ვარჯიშის დაწყება.
- ჩქარი სიარული თუ სირბილი, თქვენ რომელს ურჩევდით?
- როგორც წესი, სირბილს რეკომენდაციას არ ვუწევ, რადგან შესაძლებელია, მუხლების დაზიანება გამოიწვიოს, რამაც წლების შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი. მე გირჩევთ ჩქარი ნაბიჯით სიარულს, შესაძლებელია აღმართზე. ამ შემთხვევაში ფილტვები მოითხოვს მეტ ჟანგბადს, შესაბამისად, გულის აჩქარების ხარჯზე ვიღებთ კალორიების წვას. აუცილებელია გაღვიძებიდან 2 საათში, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, გულს სერიოზული ზიანი მივაყენოთ.
- რას ფიქრობთ მკაცრ დიეტებზე, საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის?
- როგორც თვითნებურად დაწყებული ვარჯიში შესაძლოა, გახდეს საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე დიეტაც. ყველაზე სწორი გზა არის, მივეჩვიოთ ჯანსაღად კვებას, რაც 3 საათში ერთხელ სასარგებლო პროდუქტების მიღებას გულისხმობს. მაგალითად, ქათმის გულ-მკერდის ნაწილი, კვერცხი, თევზი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი. რაც შეეხება ვიტამინებისა და მინერალების კომპლექტს: ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, მარწყვი, ბოსტნეული. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენს ორგანიზმს დაეხმარება, ჯანსაღად გამოიყურებოდეს. არსებობს გამონათქვამი, როგორც იკვებები, ისე გამოიყურები. ეს არის უმთავრესი პრინციპი, თუ ასე მოქცევას დავიწყებთ, შედეგს იმაზე მალე დავინახავთ, ვიდრე ველოდებით.
- 18 საათიანი ან დუკანის დიეტა - რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?
- ყველა დიეტას თავისი მიდგომა აქვს და სპეციალისტი ჰყავს. ყველას ერთს ვურჩევ, როგორი კვების რაციონიც არ უნდა იყოს, გაიაროსნ რეკომენდაცია სპეციალისტთან, დიეტა თვითნებურად არ დაიწყონ. რაც შეეხება 18 საათიან დიეტას, არ ვემხრობი. 6 საათი კვებისთვის ცოტაა და 6-ის შემდეგ კვების აკრძალვა - არასწორი, რადგან ამ შემთხვევაში შიმშილისა და სტრესის ხარჯზე იღებ შედეგს. თუ გვინდა ვიყოთ ჯანმრთელები, უნდა ვიკვებოთ დღეში 5-ჯერ სამსაათიანი შუალედებით.
როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?
როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან? - თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა დავით თელიამ ისაუბრა.
„სიცივის ალერგია ეს არის ურტიკარული გამონაყარი, რაც არ უნდა შეგვეშალოს სიცივისგან გამოწვეულ გამოშრობაში. სიცივის ალერგიის გატესტვა შეგვიძლია მარტივად - ავიღოთ ყინულის ნაჭერი, გავახვიოთ მარლაში და დავიდოთ ხელზე. დაახლოებით 5-10 წუთში თუ გამოვლინდა ალერგია, ეს იმას ნიშნავს რომ სიცივის ალერგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია სიცივის ანტისხეულებთან.
იმუნური სისტემა რეაგირებს სიცივეზე და წარმოქმნის ანტისხეულებს. ისმის კითხვა - რატომ?
არის ინფექციები, რომლებიც ძალიან ხშირად წინ უსწრებენ სიცივის ანტისხეულების წარმოქმნას. ერთ-ერთი გავრცელებული ბაქტერიული ინფექცია არის მიკოპლაზმა, რომელსაც ახასიათებს სიცივის აგლუტინინების პროდუქცია. პირველ რიგში, იტესტება მიკოპლაზმური ინფექცია, თუ აღმოჩნდა რომ მიკოპლაზმური ინფექციაა, ინიშნება მაკროლიდური ანტიბიოტიკები, რომელიც ატიპიურ მაკროფლორაზე მოქმედებს და ამით გვარდება პრობლემა. ასევე, არის უფრო სერიოზული ვირუსული დაავადებები. ჰეპატიტმა (C და B) შეიძლება იმუნური სისტემა განაწყოს სიცივის აგლუტინინების წარმოქმნაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანალიზების გაკეთება და ამის შემდგომ გადაწყვეტილების მიღება,'' - აღნიშნა დავით თელიამ.