პანდემიის პირობებში მუდამ სახლში, უმოძრაოდ ყოფნა წონაში მომატების საფრთხეს გვიქმნის, როგორ ჩავდგეთ/შევინარჩუნოთ სხეულის კარგი ფორმები? - აღნიშნულის შესახებ MomsEdu.ge პირად მწვრთნელს, გიორგი ვასაძეს ესაუბრა.
- ყველაზე აქტუალური კითხვით რომ დავიწყოთ - კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების/ფორმაში ჩადგომის გზებზე რომ გვესაუბროთ...
- არსებობს ონლაინ სავარჯიშო და კვების პროგრამები, რომლებიც ინდივიდზეა მორგებული. ეს იქნება წონაში კლება, კუნთოვანი მასის გაზრდა, თუ უბრალოდ ფორმაში ყოფნა. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია პერსონალურ ტრენერთან და სახლის პირობებში მიიღოს როგორც კვების, ასევე ვარჯიშის პროგრამა. ეს სისტემა უკვე დიდი ხანია დანერგილია და მუშაობს. შესაბამისად, კარანტინის პერიოდში ფორმის შენარჩუნების ან ფორმაში ჩადგომის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
- რა არის ყველაზე მარტივი გზა წონაში კლებისთვის?
- სანამ ამ კითხვაზე გაგცემდეთ პასუხს, საზოგადოებას პირველ რიგში ვურჩევ, რომ თვითნებურად დაწყებული ვარჯიში არასწორია, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. არასწორი ვარჯიშით იზრდება ტრავმის მიღების ალბათობა, შესაძლებელია დავიზიანოთ მყესი, საბოლოო ჯამში, ჯანსაღი სხეულის ნაცვლად მივიღოთ დაზიანებული სხეული. თუ გსურთ ვარჯიშის დაწყება, წონაში მარტივად კლება, კარგი იქნება პერსონალურ მწვრთნელთან ვარჯიში სამი თვე მაინც.სწორედ პროფესიონალი უნდა აკვირდებოდეს ვარჯიშს - ასე ბევრად მარტივია იმ შედეგის მიღება, რაც გსურთ.
- ფიზიკურ დატვირთვაზე რომ ვისაუბროთ, დღის განმავლობაში რამდენსაათიანი ფიზიკური დატვირთვაა მიზანშეწონილი?
- არსებობს ფიტნეს ნორმა, რამდენი ხანი უნდა ივარჯიშოს ადამიანმა. ეს არის ერთი საათიდან საათნახევრამდე. ხოლო რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც სახლში, თვითნებურად ვარჯიშობენ, მინდა ვურჩიო, რომ არასწორია გაღვიძებისთანავე ვარჯიში, სასურველია ჯერ კვება და ამის შემდეგ, დაახლოებით 2 საათში ვარჯიშის დაწყება.
- ჩქარი სიარული თუ სირბილი, თქვენ რომელს ურჩევდით?
- როგორც წესი, სირბილს რეკომენდაციას არ ვუწევ, რადგან შესაძლებელია, მუხლების დაზიანება გამოიწვიოს, რამაც წლების შემდეგ შეიძლება იჩინოს თავი. მე გირჩევთ ჩქარი ნაბიჯით სიარულს, შესაძლებელია აღმართზე. ამ შემთხვევაში ფილტვები მოითხოვს მეტ ჟანგბადს, შესაბამისად, გულის აჩქარების ხარჯზე ვიღებთ კალორიების წვას. აუცილებელია გაღვიძებიდან 2 საათში, რადგან სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, გულს სერიოზული ზიანი მივაყენოთ.
- რას ფიქრობთ მკაცრ დიეტებზე, საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის?
- როგორც თვითნებურად დაწყებული ვარჯიში შესაძლოა, გახდეს საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე დიეტაც. ყველაზე სწორი გზა არის, მივეჩვიოთ ჯანსაღად კვებას, რაც 3 საათში ერთხელ სასარგებლო პროდუქტების მიღებას გულისხმობს. მაგალითად, ქათმის გულ-მკერდის ნაწილი, კვერცხი, თევზი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი. რაც შეეხება ვიტამინებისა და მინერალების კომპლექტს: ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, მარწყვი, ბოსტნეული. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენს ორგანიზმს დაეხმარება, ჯანსაღად გამოიყურებოდეს. არსებობს გამონათქვამი, როგორც იკვებები, ისე გამოიყურები. ეს არის უმთავრესი პრინციპი, თუ ასე მოქცევას დავიწყებთ, შედეგს იმაზე მალე დავინახავთ, ვიდრე ველოდებით.
- 18 საათიანი ან დუკანის დიეტა - რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?
- ყველა დიეტას თავისი მიდგომა აქვს და სპეციალისტი ჰყავს. ყველას ერთს ვურჩევ, როგორი კვების რაციონიც არ უნდა იყოს, გაიაროსნ რეკომენდაცია სპეციალისტთან, დიეტა თვითნებურად არ დაიწყონ. რაც შეეხება 18 საათიან დიეტას, არ ვემხრობი. 6 საათი კვებისთვის ცოტაა და 6-ის შემდეგ კვების აკრძალვა - არასწორი, რადგან ამ შემთხვევაში შიმშილისა და სტრესის ხარჯზე იღებ შედეგს. თუ გვინდა ვიყოთ ჯანმრთელები, უნდა ვიკვებოთ დღეში 5-ჯერ სამსაათიანი შუალედებით.
რა არის კვებითი გადაღლა და როგორ დავამარცხოთ საკვების დახმარებით ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება? - ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი
ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა დაღლილობის შეგრძნების დასამარცხებლად სწორი კვების რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„სწორი კვება ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს სიცოცხლისუნარიანობაზე, ჩვენს ენერგიაზე, განწყობაზე, ხალისზე. ამას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. საკვები არის ერთგვარი საწვავი იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა გამართულად იმუშაოს. რაც უფრო ნუტრიენტულად არასრულფასოვანი იქნება საწვავი, მით უფრო მალე მოხდება ისეთი ცოცხალი ორგანიზმის ჩამოშლა, როგორიც არის ჩვენი ორგანიზმი.
რა შეიძლება იყოს ქრონიკული გადაღლის გამომწვევი მიზეზი? როგორც მოგახსენეთ, მიზეზი მრავალგვარია. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობის უკმარობა, სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქცია, ენდოკრინული დაავადებები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, ანემია და რა თქმა უნდა, კვება.
რას ნიშნავს კვებითი გადაღლა? არსებობს საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც ქრონიკული გადაღლისგან გაგათავისუფლებთ, თუ ეს არასწორი და ურეჟიმო კვებით არის გამოწვეული. კვება უნდა იყოს დაბალანსებული, სწორი, რაციონალური. მნიშვნელოვანია ჯერადი ხასიათის კვება. მიირთვით დღის განმავლობაში ხშირად და ცოტ-ცოტა. ჩვენს ბიოლოგიურ საათს, ჩვენს შინაგან საათს, როდესაც ის დროსთან ერთად მოდის სინქრონში ცირკადული რიტმის სახელით ვიცნობთ. ეს არის ის შინაგანი საათი, რომელიც გვამცნობს, როდის დავიძინოთ, როდის უნდა გავიღვიძოთ, როგორ მოვიქცეთ, როგორ მივირთვათ და რამდენჯერ. ქაოტურად საკვების მირთმევა გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან საათზე, მეტაბოლიზმზე. შინაგანი საათის ცვლილებაზე რეაგირებენ ისეთი სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტები, როგორებიცაა: სისხლის წნევა, მეტაბოლიზმი, გულისცემის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, ჰორმონული აქტივობა. ჩვენ ხომ გვინდა, რომ ჩვენი დღე იყოს ენერგიული და ეს არამხოლოდ დღის განმავლობაში ვრცელდება, მნიშვნელოვანია ძილი. მხოლოდ ძილის ხანგრძლივობაზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს, არამედ მნიშვნელოვანია მისი ხარისხი. შინაგანი საათის დარღვევა, რომელიც არასწორი, ურეჟიმო კვებით არის გამოწვეული, გავლენას ახდენს ძილის ჰორმონზე.
ეცადეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიირთვათ საკვები, ბოლო კვება ძილამდე 3 საათით ადრე დაასრულეთ. მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება. საუზმე არის დღის მთავარი კვება, დილას ყოველთვის სჯობს, რომ ვისაუზმოთ და ისე გავიდეთ შინიდან,“- მოცემულ საკითხზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.