Baby Bag

კვებითი პირამიდა ერთი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის - პედიატრ მაია ჩხაიძის რეკომენდაცია

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ერთი წლის ზემოთ ბავშვებისთვის განკუთვნილი დღიური რაციონის შესახებ ისაუბრა და მშობლებს ბავშვების კვებითი პირამიდა გააცნო:

„ეს არის კვებითი პირამიდა, რომელიც როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის არის მოწოდებული. ჩვენი რაციონიც ასე უნდა იყოს შედგენილი. ძირი, ანუ ფსკერი არის მარცვლეული, ბურღულეული, კარტოფილი, პური. ერთი წლის შემდეგ ბავშვის კვების რაციონში ეს პროდუქტები უნდა იყოს ყველაზე მეტი. ბევრი პური, რასაკვირველია, არ არის კარგი. ამ პროდუქტებში არის ბევრი ნახშირწყალი, B ჯგუფის ვიტამინები, რკინა. შემდეგი უჯრა არის C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, ფერადი ხილი და ბოსტნეული, რომელიც ასევე აუცილებელია, როგორც ბავშვისთვის, ისევე მოზრდილისთვის. ამ პროდუქტების სამი პორცია უნდა მივცეთ ბავშვს დღის განმავლობაში.“

„შემდეგი ულუფა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა ასაკში, მით უმეტეს ერთი წლის ასაკიდან. ეს არის რძის პროდუქტები, რომლებიც ორი ჭიქით ფასდება. თუ ბავშვი ორ ჭიქა რძეს არ დალევს, ის შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იოგურტით, ყველით. რატომ არის ეს პროდუქტი მნიშვნელოვანი? ისინი მდიდარია კალციუმით და D ვიტამინით. იმისთვის, რომ ბავშვმა კალციუმი კარგად შეითვისოს, D ვიტამინი აუცილებელია. რძის პროდუქტები ხელს უწყობს კბილების და ძვლოვანი სისტემის კარგ განვითარებას. შემდგომი უჯრა არის თევზი და ხორცეული. ეს არის ის პროდუქტები, რაც ენერგეტიკას გვაძლევს ორგანიზმში და შეიცავს ცილას. ეს პროდუქტებიც აუცილებელია, მაგრამ გარკვეული ოდენობით. ყველაზე პატარა ულუფა, რაც უნდა მივცეთ ბავშვებს ეს არის დესერტი. ტკბილეული და მარილიანი საკვები ძალიან მცირე რაოდენობით უნდა მივცეთ ბავშვს. მათი მიღება ყოველდღე არ არის რეკომენდებული. პატარა რაოდენობით შეიძლება კვირაში რამდენჯერმე მივცეთ,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“


შეიძლება დაინტერესდეთ

პაპილომა ვირუსი ორსულობის დროს

პაპილომა ვირუსი ორსულობის დროს

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ორსულობის დროს პაპილომა ვირუსზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

პიპილომა ვირუსი ფართოდ გავცელებული დაავადებაა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის. პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია არ არის რეკომენდირებული ორსულ ქალებში.

რა არის პაპილომა ვირუსი ? ( HPV-ვირუსი)

პაპილომა ვირუსით ინფიცირება ხდება ორალური, ანალური და ვაგინალური სქესობრივი აქტის დროს. არსებობს 150 მდე HPV-ვირუსის ტიპი. უმეტესობა მათგანი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და არ იწვევს არანაირ ჩივილებს. 40-მდე შტამს შეუძლია დააზიანოს სასქესო ორგანოები და გამოიწვიოს შემდეგი ორგანოების წვეტიანი კონდილოები ან კიბო:

  • საშვილოსნოს ყელი
  • საშო
  • ვულვა
  • ასო
  • ანუსი
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით შექმნილია ვაქცინა HPV-ვირუსის საწინააღმდეგოდ, რომელიც გამიზნულია საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ პაპილომა ვირუსის კონკრეტულ შტამებზე. თუმცა ზემოთ აღნიშნული ვაქცინაცია არ არის რეკომენდირებული უშუალოდ ორსულობის დროს, ვინაიდან პაპილომა ვირუსი ორსულობის დროს არ იწვევს გართულებებს, თუმცა არსებობს იშვიათ შემთხვევები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
რა სიმტომები ახასიათებს HPV-ვირუსს?

შესაძლებელია არანაირი სიმპტომი არ გაწუხებდეთ. ყველაზე ხშირი სიმპტომია მეჭეჭებისა და წვეტიანი კონდილომების გაჩენა. წვეტიანი კონდილომები ქალებში ჩნდება ვულვაზე, საშოში, საშვილოსნოს ყელზე, ანუსზე. რაც შეეხება მეჭეჭებს, ძირითადად ვითარდება ხელის მტევნებსა და იდაყვებზე.

ავთვისებიანობის გამოსარიცხად ტარდება პაპილომა ვირურის ტიპირება. ავთვისებიანობის შემთხვევაში თავიდან დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, შემდეგ კი იწყება:

  • ანომალური სისხლდენა საშოდან
  • ჭარბი სისხლიანი გამონადენი საშოდან, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს
  • გამონადენი საშოდან, რომელიც შეიცავს სისხლის ნაწილაკებს
  • მტკივნეული სექსუალური აქტი
როგორ ხდება პაპილომა ვირუსის დიაგნოსტირება ორსულობის დროს?

მეან-გინეკოლოგების უმეტესობა არ ატარებს პაპილომა ვირუსის ტესტირებას ორსულობისას, თუ ორსულს არ აღენიშნება წვეტიანი კონდილომები და მეჭეჭები, ან პაპ ტესტის პასუხში არ ფიქსირდება HPV-ვირუსი.

როგორია პაპილომა ვირუსის მკურნალობა ორსულობის დროს?

ამ ეტაპზე პაპილომა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს. მკურნალობა მიმართულია მხოლოდ სიმპტომების ალაგებაზე. შესაძლებელია მეჭეჭებისა და კონდილომების მოყინვა თხევადი აზოტით - კრიოდესტრუქცია, ან მოწვა - ელექტროკაუტერიზაცია.

ახდენს თუ არა წვეტიანი კონდილომები გავლენას მშობიარობაზე?

წვეტიანი კონდილომები ძირითადად შემთხვევაში არ ავლენენ გავლენას ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, თუმცა თუ კონდილომები ორსულობის განმავლობაში იზრდება დიდ ზომებამდე და არის სისხლმდენი, ამ შემთხვევაში შესაძლოა, გადაწყდეს მშობიარობის დასრულება საკეისრო კვეთის გზით.

შესაძლებელია თუ არა პაპილომა ვირუსით ნაყოფის ინფიცირება?

იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ნაყოფი დაინფიცირდეს მშობიარობის დროს, უმეტეს შემთხვევაში არანაირი მკურნალობა ახალშობილს არ უტარდება.
რთულ შემთხვევებში წვეტიანი კონდილომები შეიძლება ახალშობილს გაუჩნდეს ხორხზე და სახმო იოგებზე. მკურნალობა მიმართულია წარმონაქმნის ქირურგიულ ამოკვეთაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


წაიკითხეთ სრულად