Baby Bag

„ხორცი ბავშვთა კვებაში ადრეული ასაკიდან არ უნდა ჩავრთოთ,“- პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

„ხორცი ბავშვთა კვებაში ადრეული ასაკიდან არ უნდა ჩავრთოთ,“- პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვთა კვებაში ხორცის ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„ხორცი ბავშვმა უნდა მიიღოს და ის მოხარშული სახით სასურველია, რომ ბავშვთა კვებაში იყოს, მაგრამ არა ადრეული ასაკიდან. ზოგჯერ ჩვენ 4-5 თვიდან ვიწყებთ ხორცის გამოყენებას. მოხარშული ხორცი ბოსტნეულის წვნიანთან, ბურღულთან ერთად ბავშვს მივცეთ 7-8 თვის ასაკიდან. მე აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია ხორცის ნახარშის გამოყენება არამარტო ბავშვთა, არამედ მოზრდილთა კვებაშიც, განსაკუთრებით დღევანდელ საუკუნეში. მოგეხსენებათ, რომ ხორცი შეიცავს დიდი რაოდენობით ნიტრატებს, დიდი რაოდენობით შეიცავს ექსტრაქტებს, პურინებს, მარილებს, მძიმე მარილებს.

თუ ჩვენ თანამედროვე ფერმის მუშაობის პრინციპებს გავითვალისწინებთ, როდესაც ცხოველების გამოკვება ხდება ანტიბაქტერიული პრეპარატებით, ვაქცინებითა და ჰორმონული პრეპარატებით, იმისთვის, რომ მას დიდი რაოდენობით ხორცი ჰქონდეს და უფრო მეტი შემოსავალი მოუტანოს ფერმერს, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ რომ ხორცის ნახარში 15-წუთიანი ხარშვის შემდეგ შეიცავს ყველა იმ მავნე ნივთიერებას, რომელიც გამოიდევნა ხორციდან. შემდგომში ეს ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომელიც ხვდება ბავშვის ორგანიზმში მას რეზისტენტულსაც ხდის ამ ანტიბიოტიკების მიმართ, გარდა იმ ზიანისა, რომელსაც ის აყენებს ბავშვის ჯანმრთელ ორგანიზმს. მე ხორცის ნახარშის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

იმ ფორმით, როგორც დღეს ვიყენებთ ხორცს, რომ უკვე 3 წლის ასაკში, შეიძლება ნახარშის გამოყენება. თავდაპირველად ხორცი აუცილებლად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში, აუცილებლად უნდა გადაიღვაროს პირველი წყალი, მოიხარშოს მეორე წყალში, მერე განზავდეს ის წყალი. ეს, რა თქმა უნდა, უკვე ხორცის ნახარში არ არის. რა თქმა უნდა, სჯობს სულაც არ გამოვიყენოთ ხორცის ნახარში,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „პულსი“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს? - თემაზე პედიატრი თეა დადიანიძე საუბრობს

რა იწვევს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს? - თემაზე პედიატრი თეა დადიანიძე საუბრობს

რა იწვევს ჭიებს ბავშვებში და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს? - ამ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თეა დადიანიძე ესაუბრა. 

- რა იწვევს ჭიებს ბავშვებში?

- ჰელმინთოზი - ნაწლავური ჭიებით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ინფექციებს შორის. პარაზიტი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სხვა ორგანიზმის ხარჯზე ცხოვრებს და მისგან იღებს ცხოველმყოფელობისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო ნივთიერებას.

პარაზიტებს ყოფენ ორ ძირითად ჯგუფად:

  1. უმარტივესები - ერთუჯრედიანი ორგანიზმია, მისი დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით;
  2. ჰელმინთები კი შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს.

დასნებოვნება ხდება საყოფაცხოვრებო გზით, დაუბანელი ხელებით, გაურეცხავი ბოსტნეულით, ხორც-პროდუქტებით, რომლებიც არ არის სათანადოდ დამუშავებული. თუ ჭიის ლავრა მოხვდა საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ის კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად იშლება, მაგრამ თუ ნაწლავში მოხვდა, ხდება მათი გააქტიურება.

- რა სიმპტომებით მივხვდებით რომ ბავშვს ჭიები ჰყავს?

- ძირითადი სიმპტომებია: ტკვილი მუცლის არეში, შებერილობა, გულის რევა, პირღებინება, მადის დაქვეითება, დაღლილობა, აგზნებადობა, ალერგიული რეაქცია, ქავილი ანუსის მიდამოში. ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს მომატებული ნერწყვდენა, თუმცა აღნიშნული ჩივილი ზოგჯერ პირის ღრუს დაავადებებს უკავშირდება.

ხშირად, ჭიებით ინვაზიის ერთ-ერთ სიმპტომად ღამის ბრუქსიზმს (კბილების კრაჭუნი) მიიჩნევენ, მაგრამ აღნიშნული ჩივილი, ძირითადად, ძილის დარღვევას და სტრესს უკავშირდება.

- რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

- ერთ-ერთია ნაწლავთა გაუვალობა, რომელიც ახასიათებს ასკარიდოზსს. მისი მასიური ინვაზია იწვევს ნაწლავის გაუვალობას. ენტერობიოზს შეიძლება ახლდეს შემდეგი გართულებები: ვულვოვაგინიტი, პერიანალური მიდამოს ეგზემა და კანის სხვა დაავადებები.

- შესაძლებელია თუ არა ინფიცირების პრევენცია?

პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ფრჩხილების კარგად დაჭრა, ხილის და ბოსტეულის კარგად გარეცხვა, ხორცპროდუქტების თერმულად დამუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღებში ჰიგიენური ნორმების დაცვა და შინაური ცხოველების დეჰელმინთიზაცია.

- მკურნალობის გზებზე რომ ვისაუბროთ.

- მკურნალობა მოიცავს ანტიჰალმინთურ პრეპარატებს, ჰელმინთის სახეობის გათვალისწინებით. თვითმკურნალობა და პრევენციის მიზნით ანტიჰელმინთური პრეპარატების მიღება დაუშვებელია. მშობელი, როგორც კი შენიშნავს აღნიშნულ ჩივილებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად