Baby Bag

„ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს, სხვა გზა არ მაქვს...“ სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვთა კვებაში სოსისებისა და ძეხვების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში:

„ერთი კითხვა მაქვს: საექიმო ძეხვი რა არის? საბავშვო ძეხვი?ძეხვია ხომ ისიც?! ეს არ არის პროდუქტი, რომელიც გამოყენების წინ არის მომზადებული. სოსისთან, ძეხვეულთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით რისკი გაცილებით მეტია. „არასეზონური“ ცოტა შეუსაბამო სიტყვაა ამ პროდუქტებისთვის, მაგრამ სიტუაციისთვის ზუსტად მორგებული. ზამთარში შეიძლება ეს პროდუქტები მაგიდაზე გედოთ და პრობლემა არ იყოს.

ეს არის რისკიანი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. სოსისები და ძეხვები რისკია, სოკო, რა თქმა უნდა, რისკია. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, ამ რისკის ალბათობა უფრო მატულობს. ბავშვებში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და კატეგორიული აკრძალვა, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს თავიდან არიდებული, მიუხედავად ბავშვის სიყვარულისა. ნამდვილად უყვართ და მოსწონთ ბავშვებს ეს პროდუქტები.

ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს. სხვა გზა არ მაქვს.“ არ არის ასე. სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ სოსისი მიირთვას, მაგრამ თუ თქვენ არჩევანს მისცემთ, ამით დაეხმარებით. ეს არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე?

რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე?
რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:

  • ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
  • გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
  • ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
  • ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

R

წაიკითხეთ სრულად