Baby Bag

„ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს, სხვა გზა არ მაქვს...“ სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვთა კვებაში სოსისებისა და ძეხვების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში:

„ერთი კითხვა მაქვს: საექიმო ძეხვი რა არის? საბავშვო ძეხვი?ძეხვია ხომ ისიც?! ეს არ არის პროდუქტი, რომელიც გამოყენების წინ არის მომზადებული. სოსისთან, ძეხვეულთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით რისკი გაცილებით მეტია. „არასეზონური“ ცოტა შეუსაბამო სიტყვაა ამ პროდუქტებისთვის, მაგრამ სიტუაციისთვის ზუსტად მორგებული. ზამთარში შეიძლება ეს პროდუქტები მაგიდაზე გედოთ და პრობლემა არ იყოს.

ეს არის რისკიანი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. სოსისები და ძეხვები რისკია, სოკო, რა თქმა უნდა, რისკია. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, ამ რისკის ალბათობა უფრო მატულობს. ბავშვებში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და კატეგორიული აკრძალვა, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს თავიდან არიდებული, მიუხედავად ბავშვის სიყვარულისა. ნამდვილად უყვართ და მოსწონთ ბავშვებს ეს პროდუქტები.

ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს. სხვა გზა არ მაქვს.“ არ არის ასე. სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ სოსისი მიირთვას, მაგრამ თუ თქვენ არჩევანს მისცემთ, ამით დაეხმარებით. ეს არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ