Baby Bag

შევიძინოთ თუ არა თევზი ზაფხულში? - შეფ-მზარეულ ნუცა ბაიაძის რეკომენდაციები

შევიძინოთ თუ არა თევზი ზაფხულში? - შეფ-მზარეულ ნუცა ბაიაძის რეკომენდაციები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ თევზის შეძენისას აუცილებლად გასათვალისწინებელ წესებზე ისაუბრა:

„როდესაც თევზები იწყებენ ქვირითობას, ეს არის დაახლოებით 4 თვე: მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო. არსებობს მოსაზრება, რომ ვაცადოთ თევზებს ეს პერიოდი და შემდეგ შევიძინოთ, მაგრამ ეს მითია და არ არის დამტკიცებული კვლევებით.

თევზის შერჩევის რამოდენიმე კრიტერიუმი არსებობს: პირველი კრიტერიუმი არის სუნი, თევზს უნდა ჰქონდეს ნეიტრალური და სასიამოვნო ზღვის სუნი. ცოტა უსიამოვნო არომატი პირველი ნიშანია იმისა, რომ თევზი გაფუჭებას იწყებს. როდესაც თევზს ზედაპირზე მსუბუქად დავაწვებით, ის საწყის ფორმას ისევ უნდა დაუბრუნდეს. თუ მთლიან თევზს ვყიდულობთ, თვალები არ უნდა ჰქონდეს დაბინდული. ეს აუცილებელია. ეს იმის ნიშანია, რომ თევზი დაავადებული და გაფუჭებულია. თუ ფილეს ვყიდულობთ, ეს ნაჭერი უნდა იყოს განცალკევებით, მშრალ, ცივ ადგილას. სასურველია მოთავსებული იყოს ყინულიან ზედაპირზე.

შეიცვალა წესები და დამოკიდებულება გაყინული თევზის მიმართ. ადრე ყველას ეგონა, რომ გაფუჭების ზღვარზე მისულ თევზს ყინავდნენ. ეს მიდგომები შეიცვალა. ახლა არსებობს თევზის დაჭერიდან მალე საკმაოდ ღრმა და სწრაფი გაყინვა. თევზს როგორც კი დაიჭერენ, მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით ღრმა ყინვით გაყინავენ. მომზადებისას ის თითქმის ახალი თევზის იდენტურია. შეფუთვაზეც აქვს შესაბამისი წარწერა, როდესაც ახალდაჭერილი თევზი არის გაყინული,“- მოცემულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ექვსი წლიდან თოთხმეტ წლამდე ბიჭების ცხოვრებაში მამის ჩართულობის მნიშვნელობა იმატებს,“ - ფსიქოლოგი ნინო ახალაია

„ექვსი წლიდან თოთხმეტ წლამდე ბიჭების ცხოვრებაში მამის ჩართულობის მნიშვნელობა იმატებს,“ - ფსიქოლოგი ნინო ახალაია

ფსიქოლოგმა ნინო ახალაიამ ბიჭების ცხოვრებაში მამის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მამა 6-14 წლამდე ბიჭის ცხოვრებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს:

​ექვსი წლიდან თოთხმეტ წლამდე ბიჭების ცხოვრებაში მამის ჩართულობის მნიშვნელობა იმატებს. მამა არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს მეტისმეტად შრომისმოყვარე და მუდმივად დაკავებული. მან უნდა გამონახოს დრო შვილისთვის. თუ უნდა სრულფასოვანი, ჯანსაღი პიროვნების გაზრდა, ის ვალდებულია, რომ ბიჭ შვილთან გამონახოს საერთო ენა, ილაპარაკოს ბევრი, ითამაშოს ხმაურიანი თამაშები, გაისეირნონ ორმა მარტო.“

ნინო ახალაიას თქმით, ბიჭიც და გოგოც ორივე მშობელმა უნდა გაზარდოს:

​ბიჭიც და გოგოც ორივე მშობელმა უნდა გაზარდოს. ძალიან დაღლილმა მამამ რომ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მასთან ურთიერთობა მისი ბიჭი შვილისთვის, შვილთან ურთიერთობის მოთხოვნილება აუცილებლად გადასწონის და დაღლაც გაივლის. ეს ის პერიოდია, როდესაც შვილ ბიჭს სჭირდება მიბაძვის ობიექტი. ის ღრმად ინტერესდება მამის ქცევებით, მამის ინტერესებით, მამის საუბრით.“

„როდესაც დედასა და მამას შორის ურთიერთობა დაძაბულია ან მამასთან საერთოდ არ ცხოვრობს ბავშვი, ​მამის ხატი მაინც უნდა შენარჩუნდეს. როდესაც მამა ოჯახში შვილთან ერთად ვერ ცხოვრობს, ხდება ოჯახის სხვა წევრის მოშველიება ბავშვთან ურთიერთობის პროცესში. შეიძლება მამა სალანძღავია, მაგრამ ეს ბავშვისთვის არის ცუდი. მას სჭირდება ჯანსაღი მაგალითი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო ახალაიამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS-ზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„შუადღე GDS-ზე“

წაიკითხეთ სრულად