Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ნატურალური და ფალსიფიცირებული თაფლი ხალხური მეთოდების გამოყენებით? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ნატურალური და ფალსიფიცირებული თაფლი ხალხური მეთოდების გამოყენებით? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ ნატურალური და ფალსიფიცირებული თაფლის გარჩევის ხალხური მეთოდების შესახებ ისაუბრა:

„თაფლი ჩემი უსაყვარლესი პროდუქტია და ​სამყაროს ჩვენთვის ამაზე სასარგებლო არაფერი უჩუქებია. თაფლის ფალსიფიკაცია ხშირად ხდება. ეს ხალხური მეთოდებია, მე არ მომიგონია, თუ როგორ ასხვავებენ ნატურალურ და ფალსიფიცირებულ თაფლს.“

მარიამ ჩაჩუას თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორი ფერი აქვს თაფლს:

„პირველ რიგში, ეს არის ფერი. უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი აცივდება, ჩაშაქრება იწყება ხოლმე თაფლის, ამიტომ შესაძლოა, რომ ის დაბურული იყოს. ეს არ არის პრობლემა, პირიქით. ზამთარში თუ ძალიან გამჭვირვალე თაფლს შემოგთავაზებენ, შეიძლება დაფიქრება, რატომ არის ის ძალიან გამჭვირვალე. ფალსიფიცირებულ თაფლს თუ დავაკვირდებით, ამღვრეულია ხოლმე, შეიძლება ნარჩენებიც კი ვნახოთ. ნატურალური თაფლი არ უნდა იყოს ამღვრეული და ნარჩენებს არ უნდა ვხედავდეთ შიგნით.“

„ნატურალური თაფლის ჩამოსხმისას ძაფი არ წყდება. თაფლის წვეთი რომ ავიღოთ და მაჯაზე მოვითავსოთ, მან არ უნდა დაკარგოს ფორმა. ის უნდა დარჩეს წვეთად, მჭიდროდ და არ უნდა გაიშალოს. თაფლს არ უნდა ჰქონდეს სხვა არომატი. თაფლი აუცილებლად ისეთი ტკბილი უნდა იყოს, რომ ცოტა ყელსაც გვწვავდეს. თუ შაქრიანი წყლის გემოს ვიგრძნობთ, „არაუშავს“ - არ ვთქვათ, იმიტომ, რომ ეს ფალსიფიცირებული თაფლია,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად