Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი სამ წლამდე გამოიმუშავებს კვების რეჟიმს: რასაც მიაჩვევთ სამ წლამდე, ისე იქნება მთელი ცხოვრება,“ - პედიატრი ეკა უბერი

„ბავშვი სამ წლამდე გამოიმუშავებს კვების რეჟიმს: რასაც მიაჩვევთ სამ წლამდე, ისე იქნება მთელი ცხოვრება,“ - პედიატრი ეკა უბერი

პედიატრმა ეკა უბერმა ბავშვებში უჭმელობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლები უჭმელად თვლიან ბავშვს, რომელსაც შერჩევითი უმადობა აქვს:

„თუ ბავშვი არის უჭმელი, ამ ტერმინის ქვეშ, როგორც წესი, იგულისხმება შერჩევითი უმადობა. ბავშვი იღებს ძალიან ბევრ ნახშირწყალს, ცომეულს და არ ჭამს იმას, რაც უნდა ჭამოს. ამაში, ალბათ, რაღაც წილი მშობლების დანაშაულიც არის. მშობლებს ეჩქარებათ ახალი კერძების მიწოდება ბავშვისთვის. ​ყველას უნდა, რომ ჩვენი ნაციონალური, უგემრიელესი ხაჭაპური გაასინჯოს ბავშვს, მისცეს კანფეტები, გაანებივროს ნამცხვრებით. რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი დააგემოვნებს ამ პროდუქტს, აღარ უნდა სხვა პროდუქტები.“

ეკა უბერის თქმით, 3 წლამდე ასაკის ბავშვმა შოკოლადი არ უნდა გასინჯოს:

„ბავშვისთვის შოკოლადი ზაფხულის პერიოდში პრაქტიკულად აკრძალულია. სამ წლამდე, სასურველია, რომ საერთოდ არ დააგემოვნოს ბავშვმა შოკოლადი. სამ წლამდე არის ყველაზე სათუთი პერიოდი, როდესაც ყალიბდება ორგანიზმის მეტაბოლური და ნივთიერებათა ცვლის მომენტები. ​სამ წლამდე გამოიმუშავებს ბავშვი კვების რეჟიმს. რასაც მიაჩვევთ სამ წლამდე, ისე იქნება მთელი ცხოვრება.“

​ექვს თვემდე შესაძლებელია, რომ ბავშვი სრულ ბუნებრივ კვებაზე იყოს. ის არანაირ დამატებას არ საჭიროებს, თუ ბავშვი კარგად იმატებს წონაში. ექვსი თვის შემდეგ ოპტიმალურია ბოსტნეულის პიურეს პირველი დამატებითი კვების შეტანა. შემდგომში უკვე თანდათანობით ყველა კომპონენტის დაგემოვნება,“ - აღნიშნულ თემაზე ეკა უბერმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შუადღე GDS” ისაუბა.

წყარო: ​„შუადღე GDS”

წაიკითხეთ სრულად