Baby Bag

თუ ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნება არ სურს

თუ ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნება არ სურს
კვების რაციონში სიახლის შეტანას ბავშვი ყოველთვის აღფრთოვანებით არ ​ხვდება. ასეთ შემთხვევაში მშობელი იძულებული ხდება ბავშვის დასაყოლიებლად სხვა და სხვა გზას მიმართოს: ზოგიერთი მათგანი შვილის დათანხმებას სასიამოვნო დაპირებებით ცდილობს, ზოგი მკაცრად მოითხოვს ბავშვისგან ახალი კერძის დაგემოვნებას, ზოგი კი შვილს საყვარელი ტკბილეულით უმასპინძლდება, რათა მისი „მოსყიდვა“ შეძლოს. ჩვენს სტატიაში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საინტერესო და სასარგებლო სტრატეგიებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნების სურვილს ზედმეტი საყვედურისა თუ დაყვავების გარეშე გაუჩენთ.

ახალი კერძი მაგიდის შუაგულში განათავსეთ, რათა მისი მირთმევა ყველამ შეძლოს

ახალი კერძი მხოლოდ ბავშვისთვის არ მოამზადოთ. ასე თქვენი შვილი ზედმეტი წნეხისგან გათავისუფლდება და იგრძნობს, რომ მისგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას არავინ ელის. ის თავს გაცილებით თავისუფლად იგრძნობს, რადგან მიხვდება, რომ კერძი, რომელიც მაგიდის შუაგულში დევს მხოლოდ მისთვის არ არის განკუთვნილი. როდესაც ბავშვი იგრძნობს, რომ ახალი კერძის მირთმევას მას არავინ აიძულებს, ის უფრო მშვიდად და ინტერესიანად დააკვირდება უცნობ საკვებს. მას აუცილებლად გაუჩნდება სურვილი ახალი კერძი დააგემოვნოს.

წინააღმდეგობებისთვის მზად უნდა იყოთ

თუ ბავშვი ახალი კერძის გასინჯვას გადაწყვეტს, ის მხოლოდ მცირე ულუფას დააგემოვნებს, რათა მისთვის უცნობი საკვების შესახებ მეტი გაიგოს. ნუ გექნებათ არარეალური მოლოდინები. შესაძლოა, ბავშვი თავდაპირველად მცირედით დაკმაყოფილდეს და ულუფის დამატება აღარ მოგთხოვოთ. კერძის პირველი დაგემოვნებისას, როგორც წესი, ბავშვები მხოლოდ ერთ კოვზ სოუსს ან ქათმის ხორცის მომცრო ნაჭერს სინჯავენ. ამაში საგანგაშო არაფერია. კვების პროცესისგან სიამოვნების მიღება დროში გაწელილი პროცესია. ბავშვს დრო სჭირდება, რათა ახალი კერძი შეიყვაროს და ის საკუთარი რაციონის განუყოფელ ნაწილად აქციოს.

ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოიქცეს, თუ საკვების მიღება არ სურს

ახალი საკვების დაგემოვნებისას ბავშვს, შესაძლოა, ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს. თუ ბავშვს კერძი არ მოეწონა, შეიძლება მისგან გათავისუფლება ნებისმიერი გზით სცადოს, რადგან, სავარაუდოდ, საკვების დაღეჭვას და გადაყლაპვას ვერ შეძლებს. ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის ყოველთვის თან იქონიოს ხელსახოცი, რომლის დახმარებითაც კერძისგან პირის გათავისუფლებას მარტივად შეძლებს, თან ისე, რომ მისი ქმედება სხვებისთვის გამაღიზიანებელი ან შემაწუხებელი არ იქნება. როდესაც ბავშვი მსგავს ვითარებაში სწორად მოქცევას ისწავლის, ის გაცილებით თავდაჯერებული გახდება და ახალი კერძის დაგემოვნებას, როგორც სახლში, ასევე მის გარეთაც, ნაკლებად შეუშინდება.

ბავშვს ახალი კერძის შესახებ მშრალი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ

ბავშვთან ახალი კერძის შესახებ ზედმეტად ბევრს ნუ ისაუბრებთ, ნურც მისი ღირსებების გამოკვეთას ეცდებით. თუ ბავშვს ქათმის ბულიონს ასინჯებთ, უთხარით, რომ ამ კერძის მოსამზადებლად ქათმის ხორცი და სანელებლები გამოიყენეთ. მსგავსი ტიპის განმარტება ბავშვისთვის სავსებით საკმარისია. ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ მას პროტეინების მიღება ესაჭიროება და რომ ქათამი მისთვის ძალიან სასარგებლოა. ბავშვს ნურც თქვენს შრომას და გარჯას დააყვედრით, ნუ აიძულებთ მას ახალი კერძი თქვენი ხათრით მიირთვას. მსგავსი დამოკიდებულება მას მხოლოდ ეჭვებს უჩენს და კვების პროცესისადმი ნეგატიურად განაწყობს.

ბავშვს ძველი და ახალი კერძი ერთდროულად მიართვით

მცირეწლოვან ბავშვებს ან ძალიან ემოციურ მოზრდილებს ახალი კერძის დაგემოვნება ურთულდებათ, რადგან ისინი სხვა და სხვა არომატისა თუ გემოსადმი ძალიან მგრძნობიარენი არიან. მათ უჭირთ თავიანთ თეფშზე ახალი საკვების დანახვასთან შეგუება. თუ გსურთ თქვენი შვილი ახალმა კერძმა არ დააფრთხოს, კვების დაწყებამდე მისთვის საყვარელი საკვები თეფშით მიართვით, ხოლო ახალი კერძი ძველთან ახლოს დადგით მაგიდაზე. ბავშვი თავად გადაწყვეტს უნდა თუ არა მისი დაგემოვნება. არჩევანის შესაძლებლობა მას ახალი კერძისადმი გაცილებით დადებითად განაწყობს.

ზრდასრულ ადამიანებს კვების პროცესის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ. ისინი კარგად ხვდებიან, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ ახალი კერძის დაგემოვნებისას, რადგან მასში შემავალ ინგრედიენტებს კარგად იცნობენ, ან მათ შესახებ გარკვეული წარმოდგენა მაინც აქვთ. ბავშვებისთვის კი ბევრი რამ აბსოლუტურად ამოუცნობი და ბუნდოვანია. ისინი ნებისმიერ სიახლეს ეჭვის თვალით უყურებენ. შეუქმენით მათ მაქსიმალურად მეგობრული და კომფორტული გარემო, რათა ახალი კერძის დაგემოვნებისას თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. ჯანსაღი მიდგომებითა და სწორი დამოკიდებულებით ბავშვის კვების რაციონის გამრავალფეროვნებას ძალიან მარტივად შეძლებთ.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თუკი თავად მშობელი 24/7-ზე სმარტფონით ხელშია, ძალიან რთული იქნება ბავშვის ან მოზარდის დარწმუნება, რომ სხვა სახის აქტივობა უფრო საინტერესო და სასარგებლოა''

,,თუკი თავად მშობელი 24/7-ზე სმარტფონით ხელშია, ძალიან რთული იქნება ბავშვის ან მოზარდის დარწმუნება, რომ სხვა სახის აქტივობა უფრო საინტერესო და სასარგებლოა''

რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს კომპიუტერულ თამაშებს და რა ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აყენებს მოზარდებს ვირტუალურ სამყაროში დიდი დროის გატარება? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge - ს კლინიკური ნეიროფსიქოლოგი მაია მაჭავარიანი ესაუბრა. 

- დღესდღეობით, ბავშვები ძალიან დროს ატარებენ გაჯეტებთან, თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს. რა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ეს ბავშვების ფსიქიკაზე?

- კომპიუტერული თამაშები დღეს, გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა. ამ სახით განტვირთვას ასევე ძლიერ შეუწყო ხელი არსებულმა ეპიდვითარებამ და იზოლაციის აუცილებლობამ. სახლის პირობებში უფრო რთულია მოძრავი თამაშების ორგანიზება და ზოგჯერ შეუძლებელიც კი, შეზღუდული სივრცის გამო. 

რაც შეეხება ნეგატიურ ზეგავლენას, ამ მხრივ დღეისათვის უკვე ბევრი კვლევის მონაცემი მოგვეპოვება. თუკი შედარებით ადრეული კვლევები ფოკუსირებული იყო კომპიუტერული თამაშებისა და აგრესიის კვლევაზე, უკანასკნელი წლების მონაცემები, ძირითადად ეხება ეკრანთან გატარებული დროის (ამ შემთხვევაში ითვლება, ტელევიზორიც, სმარტფონიც და ნებისმიერი სხვა ეკრანიც) ზეგავლენას ბავშვის და მისი ფსიქიკის განვითარებაზე. 

პირველი რაც უნდა აღინიშნოს, ეს არის დიდი ხნით უმოძრაოდ ჯდომა ეკრანთან. მოძარაობა ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. განსაკუთრებული დატვირთვა, ფიზიკურ აქტივობას აქვს 3 წლამდე ასაკში, სწორედ ამიტომ ამ ასაკის ბავშვებისთვის, ეკრანთან ყოფნა არ არის რეკომენდებული. 

3 წლიდან დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული დროით ეკრანთან ურთიერთობა, ხოლო 6-12 წლის ასაკში არ არის რეკომენდებული მიყოლებით 1 საათზე მეტი ჯდომა ეკრანთან. 

საქმე ის გახლავთ, რომ ფიზიკური აქტივობა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს თავის ტვინის განვითარებაზე და შესაბამისად, მნიშვნელოვნად განაპირობებს ფსიქიკურ განვითარებასაც. სივრცის შესწავლა, რეალურ ობიექტებთან ურთიერთობა სრულიად სხვა გამოცდილებაა და ააქტივებს თავის ტვინის ბევრად მეტ უბანს, ვიდრე ვირტულური რეალობა, რაც უმნიშვნელოვანესია ფსიქიკის ჯანმრთელი განვითარებისათვის. 

აქვე აღვნიშნავდი იმ ფიზიკურ პრობლემებს, რასაც იწვევს კომპიუტერთან ან სმარტფონთან განსაკუთრებით დიდი დროის გატარება ეს გახლავთ ჭარბი წონა, რაც გამოწვეულია ფიზიკური აქტივობის შეზღუდვით და საგრძნობლად გახშირებული ახლომხედველობა. რაც შეეხება, თავის ტვინის განვითარებას და ფსიქიკას. სამეცნიერო კვლევების მონაცემების თანახმად, კომპიუტერული თამაშები, არა მხოლოდ ახდენენ ზეგავლენას თავის ტვინზე, არამედ თავის ტვინის სტუქტურასაც კი ცვლიან!

- ამბობენ, რომ ზოგიერთი თამაში, პირიქით პოზიტიურად აისახება ბავშვის გონებრივ განვითარებაზე. კონკრეტულად რა დადებითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს თამაშებს?

- ყველაზე ხშირად კომპიუტერული თამაშების მიმართ გვხვდება ორნაირი დამოკიდებულება. ან არარეალისტურად დადებითი, ან ხდება ამ სახის აქტივობის დემონიზირება. რეალობა ის არის, რომ მედალს, როგორც ყოველთვის, ორი მხარე აქვს. ნამდვილად არსებობს თამაშები, რომლებიც აუმჯობესებს ისეთ ფსიქიკურ ფუნქციებს, როგორიცაა ყურადღება, მუშა მეხსიერება, გარკვეული ამოცანების გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში, კვლევების მონაცემებით, მოთამაშეები განსხვავდებიან არამოთამაშეებისგან, არა მხოლოდ ფსიქიკური მონაცემებით, არამედ მათი თავის ტვინის აქტივობაც მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

უფრო მეტიც, არსებობს, თერაპიული მიზნით შექმნილი თამაშები, რომელთა დანიშნულებაა ფსიქიკური ფუნქციების განვითარების სიმულირება. ოღონდ აქ უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ასეთი სახის თერაპია ყოველთვის მიმდინარეობს სხვა მეთოდებთან კომბინაციაში და მხოლოდ კომპიუტერული თამაშებით არ შემოიფარგლება. 

რატომ ხდება ასე? - საქმე ის გახლავთ, რომ ვირტულურად მიმდინარეობს ძალიან სპეციფიკური უნარების გავარჯიშება და მათი გადატანა რეალურ ცხოვრებაში ძალიან შეზღუდულია. რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად მოთამაშეს შეუძლია საათზე მეტიც კი იყოს ყურადღებით, თამაშის პირობებში, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამ ხნის მანძილზე კონცენტრირება სხვა სახის სტიმულებზე არ შეეძლება. ეს ეხება მეხსიერებასაც და სხვა ფუნქციებსაც. 

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ თუ მოხდება სწორი თამაშების შერჩევა, შესაბამისი კონტროლი (დროის თვალსაზრისით) და ბავშვის ხელშეწყობა, არ შემოიფარგლოს მხოლოდ ამ სახის გასართობით, რათა არ მოხდეს ინტერესების შევიწროვება, მხოლოდ ვირტუალური რეალობით, ამ აქტივობასაც შესაძლებელია გარკვეული დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს.

- გაჯეტებზე დამოკიდებული ბავშვები ნაკლებად ურთიერთობენ რეალურ მეგობრებთან და ვირტუალურ სამყაროში არიან მოქცეულნი. რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამან ბავშვებს მომავალში, როდესაც იძულებულნი იქნებიან სოციუმში იყვნენ?

- ცნობილია, რომ კომპიუტერული თამაშები შესაძლოა იწვევდნენ დამოკიდებულებას (ნივთიერებაზე დამოკიდებულების მსგავსად), რაც უფრო მეტად გვხვდება სასკოლო ასაკის ბავშვებთან და მოზარდებთან (ასევე ზრდასრულ პირებთანაც). ეს ფენომენი არის ცნობილი ინტერნეტ თამაშების აშლილობის სახელით- “Internet gaming disorder.”

დამოკიდებულების შემთხვევაში, თავის ტვინში ზიანდება დაჯილდოვების სისტემა. იცვლება იმ სტრუქტურების ფუნქციონირება, რომლებიც უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა მოტივაცია, სიამოვნების მიღება, ახალი ქცევის დასწავლა. შესაბამისად, იცვლება ქცევაც, ბავშვი იღებს სიამოვნებას ამ სახის აქტივობით, მოტივირებულია მხოლოდ ეს მოქმედება განახორციელოს და ძალიან უჭირს ახალი უნარ-ჩვევების ათვისება და სხვა ინტერესების გაჩენა. 

კომპიუტერული თამაში სიამოვნების ნეიროტრანსმიტერის დოფამინის გამოყოფას უწყობს ხელს, მსგავსი ეფექტი აქვს სტიმულანტების ინტრავენურ შეყვანასაც, როგორიცაა ამფეტამინი, რაც თავის მხრივ იწვევს იმას, რომ ამ ნივთიერების ბუნებრივი გამოყოფა (კომპიუტერული თამაშის გარეშე) იკლებს. შესაბამისად, თამაშის გარეშე ბავშვს ან მოზარდს აქვს დაქვეითებული გუნება-განწყობილება და ბუნებრივია, ეს ამძაფრებს ლტოლვას თამაშის მიმართ. თამაშებზე ადიქცია აღწერილია სადიაგნოსტიკო და დაავადებათა სახელმძღვანელოებში „Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders (DSM-5)“ და „11th Revision of the International Classification of Diseases (ICD-11)“.

ასეთი მდგომარეობა ხასიათდება შემდეგი პრობლემებით:

  • ინტერესთა შევიწროვება - აინტერესებს მხოლოდ თამაში;
  • ატარებს ძალიან დიდი დროს კომპიუტერთან- ათენებენ ღამეებს;
  • აღკვეთის მდგომარეობის განვითარება - გაღიზიანება, შფოთვა, აგრესია, როდესაც არ აქვთ წვდომა თამაშზე (არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით);
  • ტოლერანტობა - კომპიუტერთან სულ უფრო მეტი დროის გატარების მოთხოვნილება;
  • ტყუილები და უპასუხისმგებლობა - მალავენ რამდენი ხანი ითამაშეს, არ ასრულებენ სხვა ვალდებულებებს (მეცადინეობა, პირადი სივრცის მოწესრიგება);
  • თამაშის გამოყენება შვების მიღების მიზნით, თუ ბავშვი არის ცუდ ხასიათზე, განაწყენდა, გაუცრუვდა იმედები;
  • კარგავენ მეგობრებს, უცივდებათ ახლობლებთან ურთიერთობა, რადგან მხოლოდ ამ ინტერსით არიან შეპყრობილნი.

- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ შვილებს ასეთ დროს?

- რიგ ქვეყნებში, მაგალითად, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, აღნიშნული მდგომარეობა უკვე განიხილება, როგორც დამოკიდებულების სახე და შესაბამისად, არსებობს თერაპიული პროგრამებიც.

დახმარების ყველაზე კარგი გზა არის პრევენცია. მშობლის ამოცანა არის ბავშვის ეკრანთან გატარებული დროის და შინაარსის კონტროლი. ეს ეხება არა მხოლოდ თამაშებს, არამედ სოციალურ ქსელებსაც. რადგან ემოციური ინტელექტის განვითარებისათის ბავშვს სჭირდება რეალური სიტუაციები და არა ვიტუალური პლატფორმა. 

მშობელმა უნდა უზრუნველყოს მრავალფეროვანი გარემო და შესთავაზოს გართობის სხვა ალტერნატივები. ძალიან მნიშვნელოვანია პირადი მაგალითი, თუკი თავად მშობელი 24/7-ზე სმარტფონით ხელშია, ძალიან რთული იქნება ბავშვის ან მოზარდის დარწმუნება რომ სხვა სახის აქტივობა უფრო საინტერესო და სასარგებლოა. ბავშვები სწავლობენ მოდელირებით, ამიტომ პირველ რიგში მშობლებმა უნდა მივცეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითი. ფიზიკური აქტივობა და გარე სივრცეში გართობა (მათ შორის მშობლებთან ერთად) უნდა იყოს ბავშვის ცხოვრების აუცილებელი ნაწილი. 

განვითარებულ ქვეყნებში არის ძალიან კარგი ტრენდი ,,დიჯითალ დეტოქსი“, როდესაც შაბათ-კვირას მთელი ოჯახი ატარებს გაჯეტების გარეშე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, დღეს, როდესაც ძირითადმა საქმიანობამ და სწავლა-განათლებამაც ვირტუალურ სოვრცეში გადაინაცვლა, დატვირთვა თვალებზე, უმოძრაობა დიდი გამოწვევა გახდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლემა უზრუნველყონ ეკრანის გარეშე გართობა და ფიზიკური აქტივობა.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უკვე უვლინდება ზემოთ ჩამოთვლილი ქცევითი პრობლემები, საჭიროა მივმართოთ სპეციალიტს და გავიაროთ კონსულტაცია.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად