Baby Bag

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა?

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა?

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა, - აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ პედიატრი თამარ ობგაიძის ბლ​ოგს

„იმიტომ, რომ განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობა აქვს:

  • შეიცავს A,K, C, B1, ვიტამინებს, ბარდაში დიდი რაოდენობით ფოლატებია, რაც ხელს უწყობს სიხლწარმოქმნის პროცესს.
  • შეიცავს რკინას, რაც აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
  • მის შემადგენლობაშია კალციუმი, მანგანუმი, ფოსფორი, რაც მზარდ ძვალს სჭირდება.
  • შეიცავს ანტიქსოდანტებს, რაც უჯრედებს მავნე რადიკალებისაგან იცავს.
  • ბარდა მდიდარია ადვილადასათვისებელი ცილებით, რაც მისი მთავარი ღირსებაა, ცილა კი ბავშვის მზარდი ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა.
  • ბოჭკოების დიდი რაოდენობით შემცველობა ბარდას ნაწლავის მიკროფლორისთვის საყვარელ საკვებად აქცევს, იმავე მიზეზის გამო პატარას ნაწლავთა მოქმედება რეგულარულია.
  • შეიცავს კარბოჰიდრატებს, თუმცა დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.
  • იმიტომ, რომ ის ძალიან გემრიელია.
  • თუნდაც იმიტომ, რომ ლამაზი მწვანე ფერი აქვს და გემოსთან ერთად წუნია პატარებსაც იზიდავს.
  • იმიტომ, რომ ჰიპოალერგიულია.
  • იმიტომ, რომ დაბალკარორიული პროდუქტია.
  • ამავდროულად, პროტეინებისა და ბოჭკოების მაღალი შემცველობა ადვილად იწვევს ნაყროვანებას და ხელს უშლის წონის მატებას.
  • იმიტომ, რომ ძალიან გემრიელია როგორც მონოპიურეს სახით, ისევე სხვა ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად.
  • იმიტომ, რომ ცნობილია, ბარდა იმ პროდუქტთა შორისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა დაბინძურებული პესტიციდებით, ამიტომ ორგანული პროდუქტის არჩევა მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული და არა აუცილებლობაზე.

როგორ ავარჩიოთ?

შეარჩიეთ საშუალო ზომის, გლუვი, დაუზიანებელი ბარდის მარცვლები. გახსოვდეთ, რომ საშუალო ზომის ბარდა უფრო არომატული და ტკბილია, ვიდრე დიდი ზომის, რომელიც ფორმა-ზომებით უფრო მომხიბვლელად შეიძლება გამოიყურებოდეს. ჩვილის კვებისათვის არ გამოიყენოთ დაკონსერვებული ბარდა.

როგორ მოვამზადოთ სასარგებლო და მარტივი ბარდის პიურე 7 თვის ასაკიდან ჩვილისათვის?

მოხარშეთ 3 სუფრის კოვზი მწვანე ბარდა მდუღარე წყალში. ხარშვისას დაუმატეთ 1 ძირი ოხრახუში, რაც ბარდას დამატებით არომატს მისცემს. დააბლენდერეთ დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე

,,არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე
,,ვიზიტზე მხიარული ოზურგეთელი გოგო მეწვია 3 თვის ჩვილით. დედაც ახლდა. შემოვიდა თუ არა, მაშინვე გურული კილოთი მომაყარა, თქვენთან მომასწავლესო, აუცილებლად გიშველითო, იცით, რა იმედით ჩამოვედი თქვენთანო.

პატარა გავსინჯე, ჩატარებული კვლევის შედეგებიც ვნახე. თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია აღმოჩნდა.

შორიდან დავიწყე. თავის ტვინის ანატომია სურათებზე ავუხსენი, მერე საკუთარი ჩვილის ანომოალიაც ვაჩვენე და ნორმალურ თავის ტვინს შევუდარე. ყურადღებით მისმენდა გოგო.

- მაგრამ ეს განკურნებადია, არა, ექიმო? - მისი ასაკისთვის დამახასიათებელი გულწრფელი ტონით მკითხა და იმედიანი თვალებით ჩამხედა სულში.

პასუხი დავაგვიანე. აი, ასეთ დროს ჩემი პროფესია მეზიზღება.

- არა, ეს განკურნებადი არაა - შევეცადე ღიმილით მეთქვა, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის განვითარებას, რათა მკვეთრი უნარშეზღუდულობა თავიდან ავიცილოთ - მუყაითი მოსწავლესავით დამაჯერებელი, თუმცა აღელვებული ტონით ვუთხარი.

- ყველაფერს ვიზამ, რასაც მეტყვით!- სიძნელეს არ შეეპუა ჩემი გურული გოგო.

კონსულტაცია რომ დასრულდა, მხიარულად დამემშვიდობა, შვილი მზრუნველად ჩაიხუტა გულში და ოთახიდან გავიდა.

ბებია შემობრუნდა უკან, კარი დახურა და ჩემთან ახლოს მოსწია სკამი.

- ეს არ იკურნება. - ეს შეკითხვა არ იყო. მკაცრი ხმით ნათქვამი ეს წინადადება განაჩენი იყო, რომელზეც მე ასევე გარკვევით უნდა მეპასუხა -დიახ ან არა.

- ეს არ იკურნება. - გავიმეორე მისი სიტყვები.

ბებია ატირდა. ტიროდა ცხელი ცრემლებით, გახეთქილი გულით. ტიროდა მხიარული გურული გოგოს მაგივრადაც. და მე გული მომეწურა. გამახსენდა და ძალიან მომინდა, გამელანძღა ერთი ჩემი ნაცნობი, რომელმაც ერთხელ მითხრა: " თქვენ, ექიმები ყველაფერს ეჩვევით,სხვის ტკივილსაც, ავადმყოფობასაც, მძიმე განაჩენსაც და სიკვდილსაც. და ყველაფრის მიუხედავად, ჩვილი ბავშვით უდრტვინველად გძინავთ ღამითო"."

არ ეჩვევიან ამას, მეგობრებო, ექიმები. ისინი, უბრალოდ, უძლებენ...'' - პედიატრი თამარ ობგაიძე. 

წაიკითხეთ სრულად