Baby Bag

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა?

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა?

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა, - აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ პედიატრი თამარ ობგაიძის ბლ​ოგს

„იმიტომ, რომ განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობა აქვს:

  • შეიცავს A,K, C, B1, ვიტამინებს, ბარდაში დიდი რაოდენობით ფოლატებია, რაც ხელს უწყობს სიხლწარმოქმნის პროცესს.
  • შეიცავს რკინას, რაც აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
  • მის შემადგენლობაშია კალციუმი, მანგანუმი, ფოსფორი, რაც მზარდ ძვალს სჭირდება.
  • შეიცავს ანტიქსოდანტებს, რაც უჯრედებს მავნე რადიკალებისაგან იცავს.
  • ბარდა მდიდარია ადვილადასათვისებელი ცილებით, რაც მისი მთავარი ღირსებაა, ცილა კი ბავშვის მზარდი ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა.
  • ბოჭკოების დიდი რაოდენობით შემცველობა ბარდას ნაწლავის მიკროფლორისთვის საყვარელ საკვებად აქცევს, იმავე მიზეზის გამო პატარას ნაწლავთა მოქმედება რეგულარულია.
  • შეიცავს კარბოჰიდრატებს, თუმცა დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.
  • იმიტომ, რომ ის ძალიან გემრიელია.
  • თუნდაც იმიტომ, რომ ლამაზი მწვანე ფერი აქვს და გემოსთან ერთად წუნია პატარებსაც იზიდავს.
  • იმიტომ, რომ ჰიპოალერგიულია.
  • იმიტომ, რომ დაბალკარორიული პროდუქტია.
  • ამავდროულად, პროტეინებისა და ბოჭკოების მაღალი შემცველობა ადვილად იწვევს ნაყროვანებას და ხელს უშლის წონის მატებას.
  • იმიტომ, რომ ძალიან გემრიელია როგორც მონოპიურეს სახით, ისევე სხვა ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად.
  • იმიტომ, რომ ცნობილია, ბარდა იმ პროდუქტთა შორისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა დაბინძურებული პესტიციდებით, ამიტომ ორგანული პროდუქტის არჩევა მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული და არა აუცილებლობაზე.

როგორ ავარჩიოთ?

შეარჩიეთ საშუალო ზომის, გლუვი, დაუზიანებელი ბარდის მარცვლები. გახსოვდეთ, რომ საშუალო ზომის ბარდა უფრო არომატული და ტკბილია, ვიდრე დიდი ზომის, რომელიც ფორმა-ზომებით უფრო მომხიბვლელად შეიძლება გამოიყურებოდეს. ჩვილის კვებისათვის არ გამოიყენოთ დაკონსერვებული ბარდა.

როგორ მოვამზადოთ სასარგებლო და მარტივი ბარდის პიურე 7 თვის ასაკიდან ჩვილისათვის?

მოხარშეთ 3 სუფრის კოვზი მწვანე ბარდა მდუღარე წყალში. ხარშვისას დაუმატეთ 1 ძირი ოხრახუში, რაც ბარდას დამატებით არომატს მისცემს. დააბლენდერეთ დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.“

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის?

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის?

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„საიდან მოვიდა ბატატი?

ბატატი და ჩვეულებრივი კარტოფილი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან - ორივე მცენარის ბოლქვს წარმოადგენს, ორივეს სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, თუმცა ბოტანიკურად სრულიად განსხავავებული, სხვადასხვა სახეობის მცენარეებია.

​ტკბილი კარტოფილი ევროპასა და აზიის ქვეყნებში სავარაუდოდ პერუდან გავრცელდა, სადაც ინკებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე მოჰყავდათ ბატატი. მე-16 საუკუნიდან კი ის ევროპასა და აზიაში გავრცელდა. ერთხანს იაპონელთა მთავარი საკვებიც გახდა, როცა ბრინჯის მცირე მოსავალი მიიღეს.

მთავარი განსხვავება ქიმიაშია

წვნიანი, სხვადასხვა ფერის რბილობის მქონე ტკბილი ბოსტნეულია. ნახშირწლების შემცველობით ის, რა თქმა უნდა, აჭარბებს ჩვეულებრივ კარტოფილს. თუმცა მოხარშული ბატატის გლიკემიური ინდექსი, ანუ სისხლში შაქრის დონეზე მისი ზემოქმედება, არ არის მაღალი. სამაგიეროდ, შემწვარი ბატატის გლიკემიური ინდექსი გაცილებით მაღალია.

​ბატატში, ჩვეულებრივი კარტოფილისაგან განსხვავებით, დიდი რაოდენობითაა საკვები ბოჭკოები, რაც ყაბზობის დროს ეფექტურს ხდის მას. გარდა ამისა, ეს ბოჭკოები ხელს უწყობს ბავშვის ნაწლავებში ნორმალური ბაქტერიული ფლორის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ბატატში ბეტა-კაროტინი, რომელიც ჩვეულებრივ კარტოფილში საერთოდაც არ არის. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, თვალის ფუნქციონირებას. სამაგიეროდ C ვიტამინის შემცველობა თითქმის 10-ჯერ აღემატება ბატატში მის რაოდენობას. ცილების რაოდენობითაც ჩვეულებრივი კარტოფილი ლიდერია.

B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის მიხედვით კარტოფილის ეს ორი სახეობა არ განსხავავდება.
ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტისაგან იცავენ უჯრედებს, ბატატში უფრო მეტია, ხოლო სიმსივნის საწინააღმდეგო გლიკოალკალოიდები ჩვეულებრივ კარტოფილშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება მინერალებს, ჩვეულებრივი კარტოფილი კალიუმით უფრო მდიდარია, ვიდრე ბატატი, რკინა ოდნავ მეტია ბატატში, ხოლო კალციუმი ბატატში 2-ჯერ უფრო მეტია.

ბატატისა და სტაფილოს პიურე ქათმის ხორცით 7 თვიდან

შეარჩიეთ საღი კარტოფილი ლაქების და დარბილებული ადგილების გარეშე.
გასუფთავებული თითო სტაფილო და ბატატი დაჭერით, მოხარშეთ. დაუმატეთ ცალკე მოხარშული, ხორცსაკეპ მანქანაში გატარეული 50 გრამი ქათმის თეთრი ხორცი. დააბლენდერეთ და გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

P.S ეს კი თქვენთვის, ჩემო საყვარელო დედიკოებო და ბებიკოებო! ხომ გახსოვთ, რომ ყველა სასარგებლო პროდუქტს აუცილებლად მოეძებნება გამოყენება თქვენი სილამაზისათვის?!

​აი, ბატატისაგან მომზადებული დამატენიანებელი ნიღბის რეცეპტი:

​მოხარშული ბაბატისაგან მოამზადეთ პიურე (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კიტრის წვენი). მომზადებული მასა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად