Baby Bag

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა?

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა?

რატომ უნდა მისცეთ ჩვილს მწვანე ბარდა, - აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ პედიატრი თამარ ობგაიძის ბლ​ოგს

„იმიტომ, რომ განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობა აქვს:

  • შეიცავს A,K, C, B1, ვიტამინებს, ბარდაში დიდი რაოდენობით ფოლატებია, რაც ხელს უწყობს სიხლწარმოქმნის პროცესს.
  • შეიცავს რკინას, რაც აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
  • მის შემადგენლობაშია კალციუმი, მანგანუმი, ფოსფორი, რაც მზარდ ძვალს სჭირდება.
  • შეიცავს ანტიქსოდანტებს, რაც უჯრედებს მავნე რადიკალებისაგან იცავს.
  • ბარდა მდიდარია ადვილადასათვისებელი ცილებით, რაც მისი მთავარი ღირსებაა, ცილა კი ბავშვის მზარდი ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა.
  • ბოჭკოების დიდი რაოდენობით შემცველობა ბარდას ნაწლავის მიკროფლორისთვის საყვარელ საკვებად აქცევს, იმავე მიზეზის გამო პატარას ნაწლავთა მოქმედება რეგულარულია.
  • შეიცავს კარბოჰიდრატებს, თუმცა დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს.
  • იმიტომ, რომ ის ძალიან გემრიელია.
  • თუნდაც იმიტომ, რომ ლამაზი მწვანე ფერი აქვს და გემოსთან ერთად წუნია პატარებსაც იზიდავს.
  • იმიტომ, რომ ჰიპოალერგიულია.
  • იმიტომ, რომ დაბალკარორიული პროდუქტია.
  • ამავდროულად, პროტეინებისა და ბოჭკოების მაღალი შემცველობა ადვილად იწვევს ნაყროვანებას და ხელს უშლის წონის მატებას.
  • იმიტომ, რომ ძალიან გემრიელია როგორც მონოპიურეს სახით, ისევე სხვა ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად.
  • იმიტომ, რომ ცნობილია, ბარდა იმ პროდუქტთა შორისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა დაბინძურებული პესტიციდებით, ამიტომ ორგანული პროდუქტის არჩევა მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული და არა აუცილებლობაზე.

როგორ ავარჩიოთ?

შეარჩიეთ საშუალო ზომის, გლუვი, დაუზიანებელი ბარდის მარცვლები. გახსოვდეთ, რომ საშუალო ზომის ბარდა უფრო არომატული და ტკბილია, ვიდრე დიდი ზომის, რომელიც ფორმა-ზომებით უფრო მომხიბვლელად შეიძლება გამოიყურებოდეს. ჩვილის კვებისათვის არ გამოიყენოთ დაკონსერვებული ბარდა.

როგორ მოვამზადოთ სასარგებლო და მარტივი ბარდის პიურე 7 თვის ასაკიდან ჩვილისათვის?

მოხარშეთ 3 სუფრის კოვზი მწვანე ბარდა მდუღარე წყალში. ხარშვისას დაუმატეთ 1 ძირი ოხრახუში, რაც ბარდას დამატებით არომატს მისცემს. დააბლენდერეთ დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძუძუთი კვება დედებს ძუძუს ავთვისებიანი დაავადებებისაგან იცავს...“

„ძუძუთი კვება დედებს ძუძუს ავთვისებიანი დაავადებებისაგან იცავს...“

რატომ უნდა კვებო ძუძუთი შენი პატარა და როგორ წარმოიქმნება რძე? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს​. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„9 თვის მანძილზე დედის წიაღში მყოფი პატარა ადამიანი 9 თვის მანძილზე დაცული და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობდა.

ჭიპლარი, რომელიც მას შენთან აკავშირებდა, მშობიარობის შემდეგ გადაიჭრა და ახალშობილმა დედასთან ფიზიკური კავშირი დაკარგა, მაგრამ მას შენი ხმა, გულისცემა, სუნი ახსოვს და ამ კავშირის გაგრძელებას ითხოვს!

ამ კავშირის საუკეთესო გაგრძელება კი სწორედ ძუძუთი კვებაა!

ბავშვისათვის დედის რძე საუკეთესო საკვებია, რომლის შემადგენლობა მუდმივად იცვლება მის ზრდასთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ქალის რძე ცოცხალი ნივთიერებაა და სრულადაა მორგებული შენი პატარას მოთხოვნილებებს. ის შეიცავს ყველა იმ საჭირო ინგრედიენტს, რომელიც საჭიროა მისი ფიზიკური და გონებრივი ზრდა-განვითარებისათვის.

ქალის რძე შეიცავს მზა ანტისხეულებს, რომლებიც პატარას სხვადასხვა ინფექციისაგან იცავს, ანტისხეულებით განსაკუთრებით მდიდარია ხსენი, რომელიც მშობიარობის შემდეგ პირველ დღეებში წარმოიქმნება. მისი მიღება აუცილებელია. 

და იცი რატომ? ხსენი მარტო საკვები კი არა, პრაქტიკულად ახალშობილის პირველი იმუნიზაციაა.

დედის რძე ფერმენტებსაც შეიცავს, ისინი ახალშობილის უმწიფარ კუჭ-ნაწლავს მიღებული საკვების თვითმონელებაში ეხმარებიან.

ძუძუთი კვება მოსახერხებელი და კომფორტულია - შენ არ დაგჭირდება დამატებითი შრომა და საკვების მომზადება. მზა თბილი და სტერილური საკვები მზადაა ყოველთვის, როცა შენს პატარა შვილიკოს შია.

კიდევ ერთი - ძუძუთი კვება მომავალში ძუძუს ავთვისებიანი დაავადებებისაგან დაგიცავს. მშობიარობის შემდეგ კი საშვილოსნოს დროულ შეკუმშვას შეუწყობს ხელს და მშობიარობისშემდგომი სისხლდენის რისკს შეამცირებს.

შემდეგი რჩევა კი შენი ოჯახის წევრებს გამოადგებათ - ხელი შეუწყვეთ ახალგაზრდა დედიკოს, რომ ძუძუთი კვებოს პატარა. იზრუნეთ მის სრულფასოვან კვებაზე და დასვენების რეჟიმზე.

გარდა იმისა, რომ ეს დედა-შვილს მოუტანს დიდ სარგებელს, თქვენი ოჯახის ბიუჯეტსაც გაუფთხილდება - ხელოვნური საკვები ხომ სულაც არაა იაფი!

როგორ წარმოიქმნება რძე

რძის წარმოქმნა ქალის ორგანიზმში წარმოქმნილი ჰორმონებით - პროლაქტინით და ოქსიტოცინით იმართება. მათი წარმოქმნა ძლიერდება ძუძუთი კვების დროს. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო ხშირად აწოვებ ჩვილს ძუძუს, რაც ხშირად გაღიზიანდება ძუძუს თავი, რაც უფრო მეტად დაცლი სარძევე ჯირკვალს, მით მეტი რძე გექნება!

ანუ წარმატებული ძუძუთი კვების საიდუმლო ხშირ ძუძუთი კვებაშია.

არის თუ არა რძის რაოდენობა დამოკიდებული ძუძუს ზომებსა და ფორმებზე? - სულაც არა! თუ შენ პატარა სარძევე ჯირკვალი გაქვს, ეს არ იქნება ძუძუთი კვების დაბრკოლება.

ძუძუთი წარმატებულ კვებას ხელს უწყობს დედის სიმშვიდე, ოჯახის წევრთა მხადაჭერა.

მნიშვნელოვანია მეძუძური ქალის განწყობა და რწმენა - აუცილებლად შეძლებ ძუძუთი კვებას, აქ საშიში და საორჭოფო არაფერია. შეეცადე და უკუაგდე მთავარი ეჭვი - რძე რომ არ მქონდეს, რომ ვერ შევძლო?

‼️ გახსოვდეს, ჰიპოგალაქტია ანუ რძის ჭეშმარიტი სიმცირე იშვიათი მოვლენაა! მთვარია სწორად კვებო პატარა ძუძუთი. იმის შესახებ კი, როგორ კვებო სწორად, შემდეგ ბლოგში მოგიყვები,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად