Baby Bag

თუ კვებისას პატარა არ ამთავრებს სრულ ულუფას, დატოვებული საკვები მაცივარში აღარ შეინახოთ

თუ კვებისას პატარა არ ამთავრებს სრულ ულუფას, დატოვებული საკვები მაცივარში აღარ შეინახოთ

როგორ შევინახოთ საკვები ჩვილისათვის? - აღნიშნულ თემაზე ​პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ასეც ხდება ხოლმე - დილაუთენია ადგები, პატარას აჭმევთ და სამსახურში წასვლამდე სამზარეულოში ფუსფუსს იწყებთ - ჩვილს სადილი ხომ უნდა დაუტოვო, რომ მომვლელმა შუადღეს კარგად დაანაყროს თქვენს დაბრუნდებამდე. დატვირთული დღის განრიგი გაქვთ, ამიტომ ფიქრობთ, რამდენ ხანს და როგორ შეინახოთ საკვები მაცივარში, ყოველ ცისმარე დღეს პატარას სადილი რომ არ უკეთოთ.

ამ ბლოგში მოგიყვებით, როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, თუ ყოველდღე ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებთ.

პირველ რიგში, უპირატესობა, რა თქმა უნდა, უშუალოდ კვების წინ მომზადებულ საკვებს ენიჭება, რომელსაც მაშინვე აჭმევთ პატარას. ახალი მომზადებული საკვები ხომ გაცილებით გემრიელიცაა და უსაფრთხოც.

მზა სადილი გაყინვის გარეშე მხოლოდ იმ დღეს ან მაქსიმუმ შემდეგ დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ. 
აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო გვირჩევს, შენახვის მხოლოდ ამ მოკლე ვადას, რადგან ბაქტრიები სწრაფად იზარდება. ამიტომ შენახვისას ტემპერატურა +4-4,5 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.

თუ კვებისას პატარა არ ამთავრებს სრულ ულუფას, დატოვებული საკვები მაცივარში აღარ შეინახოთ. ის აუცილებლად უნდა გადაგდოთ, რათა გამორიცხოთ ბაქტერიული დაბინძურება.

მოსამზადებლად ყოველთვის დეტალურად უნდა შეარჩიოთ ახალი, დაუზიანებელი პროდუქტი და კარგად გარეცხოთ. ამისათვის მხოლოდ წყლის გადავლებას ნუ ენდობით, ხილ-ბოსტნეულის გასასუფთავებლად სჯობს სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ჯაგრისი გამოიყენოთ.

საკვების მომზდების წინ კიდევ ერთხელ გარეცხეთ საჭრელი დაფები, რომელიც არ უნდა იყოს ფოროვანი. ამ ფორებში ადვილად იბუდებენ და იმალებიან ბაქტერიები.

თუ საკვების შენახვა გადაწყვიტეთ, მომზადებული პროდუქტები დაბლენდერების შემდეგ მოათავსეთ წინასწარ საპნით კარგად გარეცხილ ყინულის მოსამზადებელ ჭურჭელში, რაც საშუალებას მოგცემთ საკვები კუბებად გაყინოთ და საჭიროებისას ის ულუფა აიღო, რამდენიც გჭირდებათ.

ჭურჭელს გადაფარეთ პოლიეთილენის თხელი გარსი, რომელიც საკვები პროდუქტებისათვისაა განკუთვნილი, შემდეგ კი ფოლგა შემოახვიეთ და საყინულეში მოათავსეთ.

როგორც კი საკვების ულუფები გაიყინება, გადმოიღეთ პლასტმასის სუფთა ჭურჭელში ან პაკეტში და შეინახეთ საყინულეში -17 -18 გრადუსზე. პაკეტს აუცილებლად დაურთეთ გაყინვის თარიღის ამსახველი სტიკერი. ამ წესით გაყინული პიურე მაქსიმუმ 2 თვე შეგიძლიათ შეინახოთ.

დაბოლოს, საკვების შესანახად ყოველთვის გამოიყენეთ მაღალი ხარისხის პლასტმასის ნაწარმი, რომელიც არ შეიცავს ბისფენოლს. მავნე პლასტმასის აღმნიშვნელად გამოიყენება ციფრი 7, რაც დატანილი უნდა იყოს პლასტამსის ჭურჭლის ძირზე,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ