Baby Bag

ფასდება თუ არა გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი

ფასდება თუ არა გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მხოლოდ მე-7-მე-12 კლასებშია შესაძლებელი:

„როგორც მოგეხსენებათ, დაწყებითი კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა ახალი რედაქციით ხორციელდება. I-VI კლასებში ახალი სტანდარტის მიხედვით, გამჭოლი კომპეტენციები არ არის. ამიტომ, ვინც დაწყებით კლასებს ასწავლის და სურს სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, ისინი გამჭოლ კომპეტენციაზე გაკვეთილს  ვერ ჩაატარებენ . რაც შეეხება მე-7-მე-12 კლასებს, აქ ისევ ძველი ბრძანება მოქმედებს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,  იმ საგნებში, რომლებიც ამ კლასებში ისწავლება, შესაძლებელია  გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის სახლში  ​Moms.ge -სთან საუბრისას.

ჩასწორება:

აღნიშული ინფორმაცია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დღეს დილით მოგვაწოდა. თუმცა მას შემდეგ არაერთი მასწავლებლისგან მივიღეთ განსხვავებული ინფორმაცია. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ ინფორმაციის დაზუსტებას და სიახლეს ოპერატიულად მოგაწვდით. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად