Baby Bag

მოცარტის სიმფონიაზე აცეკვებული ქართველი მასწავლებლები წლის ბოლოს - ვიდეო

ხობის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა  მედეა ვარდიამ  სასწავლო წლის ბოლო დღეს  სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში პედაგოგები მოცარტის N40 სიმფონიის ფონზე ცეკვავენ: 

„დაღლილი მასწავლებლები განწყობის ზენიტში...  გაუსაძლისი სიცხე, ხმაური, წლის ბოლო, გადაღლილობა... ათასი ციფრი და საკითხი რომ გიტრიალებს თავში, ამის ფონზე, მხოლოდ მოცარტის N40 სიმფონიამ შეიძლება აგაცეკვოს! ზოგჯერ ჩვენც ბავშვები ვართ. ბავშვებს ვაჯობეთ სიგიჟეში. არავისზე ნაკლები სიგიჟე შეგვიძლია,“ - წერს მედეა ვარდია.

ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. პოზიტიური მასწავლებლების ცეკვას ფეისბუქის მომხმარებლები სიხარულით შეხვდნენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად