Baby Bag

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

„პედაგოგების მიერ შემუშავებულია არაერთი საინტერესო პროექტი, ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ მათ ახალი ინიციატივების შემუშავებასა და დანერგვაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მასწავლებელთა დისტანციური სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „განათლების დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანესია პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე დისტანციური სასწავლო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მასშტაბი გაიზარდოს რაიონების დონეზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პედაგოგებმა ისაუბრეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული პერსონალისთვის სახელფასო დანამატების აუცილებლობაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგების მიერ ინიცირებულია კანონპროქტი, რომელზეც მუშაობა საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივაზე საპასუხოდ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრობლემად რჩება ქართულენოვანი საბავშვო ბაღების ხელშეწყობის საკითხი. მარიამ ჯაშის განცხადებით, ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრაზე პედაგოგთა მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა პროფესიული სასწავლო პროგრამების მუნიციპალურ ცენტრებში გაჩენისა და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე დაფუძნების თაობაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელისა და მსოფლიო მასწავლებელთა ათეულის რჩეულის, ლადო აფხაზავას ინიციატივის შესახებ, რომელიც სკოლებს შორის თანამშრომლობასა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს ეხება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნუ ეხები მასწავლებელს“ - ახალგაზრდების მხარდაჭერა გარდაბნელ მასწავლებელს

„ნუ ეხები მასწავლებელს“ - ახალგაზრდების მხარდაჭერა გარდაბნელ მასწავლებელს

გარდაბნის რაიონის ერთ-ერთი სოფლის გეოგრაფიის მასწავლებლის, ჰამიდ სადიკოვის მხარდასაჭერად ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულ ენაზე ჩაწერეს ვიდეომიმართვა, რომლითაც ნაადრევ ქორწინებას აპროტესტებენ.

„სალამ! ჩვენ მოვედით! ვართ თქვენ წინაშე. მოვდივართ, გავაჟღეროთ ჩვენი თემისა და საზოგადოების საკითხები! მოვდივართ, ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ! მოვდივართ, გავაპროტესტოთ ნაადრევი ქორწინება და გოგოების ძალით მოტაცება! მოვდივართ, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს! მოვდივართ, დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია! ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ! ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი! მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ!“ - ამბობენ ახალგაზრდები ვიდეომიმართვაში.


შეგახსენებთ, რომ გეოგრაფიის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს სოფლის ცენტრში ადგილობრივებმა საჯაროდ მოახდევინეს ბოდიში იმის გამო, რომ ქორწინებისთვის გოგოს მოტაცება და ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტესტა. მოგვიანებით მასწავლებელზე ზეწოლის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელით გაავრცელეს.

წაიკითხეთ სრულად