Baby Bag

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

„პედაგოგების მიერ შემუშავებულია არაერთი საინტერესო პროექტი, ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ მათ ახალი ინიციატივების შემუშავებასა და დანერგვაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მასწავლებელთა დისტანციური სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „განათლების დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანესია პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე დისტანციური სასწავლო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მასშტაბი გაიზარდოს რაიონების დონეზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პედაგოგებმა ისაუბრეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული პერსონალისთვის სახელფასო დანამატების აუცილებლობაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგების მიერ ინიცირებულია კანონპროქტი, რომელზეც მუშაობა საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივაზე საპასუხოდ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრობლემად რჩება ქართულენოვანი საბავშვო ბაღების ხელშეწყობის საკითხი. მარიამ ჯაშის განცხადებით, ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრაზე პედაგოგთა მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა პროფესიული სასწავლო პროგრამების მუნიციპალურ ცენტრებში გაჩენისა და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე დაფუძნების თაობაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელისა და მსოფლიო მასწავლებელთა ათეულის რჩეულის, ლადო აფხაზავას ინიციატივის შესახებ, რომელიც სკოლებს შორის თანამშრომლობასა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს ეხება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი მორიგ კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი მორიგ კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მორიგ კრედიტქულიან ტრენინგზე - ​„მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“ რეგისტრაციას აცხადებს. 

ცენტრის ცნობით, ტრენინგი განკუთვნილია ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის ვისაც აღნიშნული კურსი არ აქვს გავლილი.

როგორც მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან: შემაჯამებელი შეფასების სხვადასხვა ფორმებს, შეფასების რუბრიკის შექმნის წესსა და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს. მოდულში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობაზე და სასწავლო პროცესში მათ მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენებაზე. ტრენინგის მსვლელობისას მოხდება განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების მოდელირება და მონაწილეებს მიეცემათ მათი გამოყენებისა და იმ საგანთან ადპტირების შესაძლებლობა, რომელსაც ასწავლიან.

„მოდული მონაწილეებს ასევე დაეხმარება შეფასების შედეგების გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით გაანალიზებასა და სწავლების პროცესის შესაბამისად მოდიფიცირებაში.

ტრენინგ მოდულის ხანგრძლივობაა: 12 საკონტაქტო საათი (ტრენინგი ტარდება ორი დღის განმავლობაში,დღეში 6 საათი.)

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში პედაგოგს მიენიჭება 1 კრედიტი“, - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: ​ტრენინგზე რეგისტრაცია

წაიკითხეთ სრულად