Baby Bag

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

კარგი პედაგოგისთვის მატერიალური საკითხი არ უნდა იყოს გადამწყვეტი

მზია აბულაძე 40 წელია დიმიტრი უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის სპეციალობით. მაშინ რექტორი ილია ვეკუა გახლდათ და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამ მიმართულებას. იმ პერიოდში უნივერსიტეტმა შექმნა ფიზიკის არაჩვეულებრივი კერა საქართველოში. ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა მოგვიანებით, 8 წლის შემდეგ, სახელმწიფო პრემია მიიღო.

პირველი წელი სკოლაში საკმაოდ გამიჭირდა. მივხვდი, რომ ბავშვებთან ურთიერთობა არ იყო მარტივი საქმე. თუმცა, როგორც მსახიობები იწამლებიან, როდესაც ერთხელ სცენის მტვერს შეისუნთქავენ, ასე დამემართა მეც. სკოლას ვეღარ მოვშორდი.

ჩემი აზრით, მასწავლებელს ბავშვი ძალიან უნდა უყვარდეს. კარგ პედაგოგს პასუხისმგებლობის გრძობა უნდა ჰქონდეს, კარგად იცოდეს თავისი საგანი. მატერიალური საკითხი მისთვის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ სკოლაში აღარ მოვალ. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ნამდვილად წასასვლელი ვარ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებელი ურჩევნია. ახალგაზრდებსაც უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა. გულწრფელად ძალიან მინდა, რომ ჩემს ნაცვლად კარგი ადამიანი და კარგი მასწავლებელი მოვიდეს.

სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა უდიდესი დაფასებაა. ჩემამდე არაერთი ღირსეული მასწავლებელი წავიდა სკოლიდან. მათ ეს კანონი, სამწუხაროდ, არ შეხებია.“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,დღეს ფუნქციონირებას იწყებს უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია''

,,დღეს ფუნქციონირებას იწყებს უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია''

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა. მინისტრმა მიმართვაში აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად იწყება, მაგრამ ეს დროებითია; იმისათვის, რომ თითოეული მოსწავლე დაუბრუნდეს ბუნებრივ სასკოლო გარემოს საჭიროა მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების და მთლიანად საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში.

მიხეილ ჩხენკელი: „მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, სრულიად აკადემიურ სივრცეს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია.

დღეს ფუნქციონირებას იწყებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.

იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში. აქ მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების აცრის საკითხს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში.

ჩვენ ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველკლასელებთან დაკავშირებით. პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები.

მე მთელი გულით, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს.“

წაიკითხეთ სრულად